თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოში შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის შექმნა დაიწყო. პირველად წიგნში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაწერს.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია თბილისის საკრებულოში მისვლა და პოემიდან ერთი სტროფის ხელით ჩაწერა, თან საკუთარი სახელისა და გვარის მითითება.
„ხელნაწერი,,ვეფხისტყაოსნის’’ შექმნა თანამედროვე საზოგადოებაში შოთა რუსთაველის და მისი პოემის მეტ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად”, — განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, იუწყება საკრებულოს პრეს-სამსახური.
სწორედ ალიბეგაშვილია პროექტის ინიციატორი, რომელიც რუსთაველის 850 წლისთავს ეძღვნება.
პოემა პირველად 1712 წელს დაიბეჭდა. მას შემდეგ ის მსოფლიოს 50-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.