თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უთანაგრძნობს იაპონიაში 14 აპრილს მომხდარი მიწისძვრისას დაღუპულთა ოჯახებს.
იაპონიის კუნძულ კიუსიუზე 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა ხუთშაბათს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კუმამოტოს პრეფექტურაში მდებარეობდა. პოლიციის მონაცემებით, დაღუპულია ცხრა ადამიანი, ჰოსპიტალიზებულია შვიდასზე მეტი კაცი.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს იაპონელ ხალხს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს; დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
იაპონია სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. 1995 წლის 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრისას ქალაქ კობეში ექვსი ათასამდე ადამიანი დაიღუპა. 2011 წელს 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რასაც 15 მეტრი სიმაღლის გიგანტური ტალღები მოჰყვა, 20 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ამასთან, ფუკუსიმაში მდებარე ატომური ელექტროსადგური დააზიანა. ეს ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ უდიდესი ატომური ავარია იყო.