თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული ენის დღე გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში აღნიშნა, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
მარგველაშვილი ყარაჯალაში სკოლას ეწვია, სადაც ხორციელდება პროექტი „ვისწავლოთ ქართული“. პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება.
„იმედი მაქვს, რომ ქართული ენის შესწავლით, კონსტიტუციის შესწავლით, იმ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ახასიათებთ, იმ განსაკუთრებული მეგობრობით, რაც ჩვენ ისტორიულად კავკასიელებს ერთმანეთის მიმართ გვახასიათებს, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საქართველოს კიდევ უფრო ძლიერს გავხდით!“ — განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოში 14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება. ქართული ენა საქართველოში სახელმწიფო ენაა. ქართულად მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.