CD გურამ კალანდაძის, ნიკო ლეკიშვილის, ვახტანგ ვეფხვაძის, მიხეილ ლოლაძის, ჯუმბერ ბერაძის თანადგომით ჩაიწერა. დისკის პროდიუსერი ზურაბ ლოლაძე, მუსიკალური რედაქტორი ნია ბახტაძე გახლავთ. ვანიკო მაჭავარიანი მისი თაობის ცნობილი, ღირსეული პიროვნება იყო.
2004 წელს, რეჟისორმა რეზო გაბრიაძემ მისი ხმა გამოიყენა ბროდვეიზე დადგმულ სპექტაკლში „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“, რომლის პრემიერა ამერიკაში, მინეაპოლისის თეატრ გატრიში გაიმართა. ცნობილია, რომ მომღერალი სიცოცხლეში პრესასთან ურთიერთობას ერიდებოდა. ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ იმ ჟურნალისტთა რიცხვში მოვხვდი, ვისაც წლების წინ მასთან ურთიერთობის პატივი ერგო. ჩვენი საუბარი 2008 წელს, ახალი წლის დღეებში შედგა.
- თავიდანვე გკითხავთ, ვინ არის ვანიკო მაჭავარიანი?
— თბილისში დაბადებულ-გაზრდილი კაცი… მე პეტრიაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი. ომის დროს თბილისის ვაჟთა სკოლაში შევედი. მერვე კლასამდე ნორმალურად ვსწავლობდი, მერე ავურიე. დავიწყე შატალოებზე სიარული, პაემანები, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ,,,ვსტრეჩები“…
- ბატონო ვანიკო, გაიხსენეთ თქვენი თაობის ცნობილი თბილისელი გოგოები და ის, თუ როგორ ატარებდით საახალწლო საღამოებს?
— იმ დროის თბილისში ბიჭები შეხვედრისას ერთმანეთს ვეკითხებოდით ახალ წელს რომელ ქალთელებთან (ანუ რომელ ქალთა სკოლის მოსწავლეებთან) ქეიფობო. საახალწლო საღამოებზე გოგოებთან ერთად,,ფანტს“,,,ბრის ილი მიაუს“ და,,ვისი სული გსურს“ ვთამაშობდით. ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის რაინდულ ჩარჩოებში იყო მოქცეული. ისეთი შინაგანი მუხტი გვქონდა, რომელიც უფლებას არ გვაძლევდა, არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა. ან კი ვინ რას გაუბედავდა იმ გოგოებს?— გენიალურ გოგოს, თამრიკო გამსახურდიას, ზვიადის დას — ნამდვილ თამარ ქალს, ციცინო ციციშვილს, ნანი ბრეგვაძეს…
- ნანი ბრეგვაძე ახსენეთ, როგორი იყო ნანი, რომელსაც ახალგაზრდობაში იცნობდით?
— ნანი ძალიან თავშეკავებული, მეტისმეტად გულუბრყვილო და მეგობრული გოგო იყო. ის გრიბოედოვის ქუჩაზე, ერთ პატარა ბინაში ცხოვრობდა, მაგრამ ყველანი მაინც მასთან ავდიოდით, რადგან იქ სიყვარული და სისუფთავე, სიცილი და ღიღინი იყო. ნანის არაჩვეულებრივი დედა მახსენდება, ჩვენი ცაბუ დეიდა, მისი დები, რომლებიც კარგად მღეროდნენ.
- თქვენი თაობის ბიჭებზე რას იტყვით?
— ჩვენი თაობის იყვნენ ცნობილი ქალაქელები: ასტამურ აჩბა, თამაზ ტოგონიძე, რომელიც კალათბურთს თამაშობდა და ისეთი ლამაზი ბიჭი იყო, რომ ფილმში,,ცისკარა“ მთავარ როლზე მიიწვიეს. მე იმ თაობის ადამიანი ვარ, რომელსაც უყვარდა თავისი სამეგობრო და არ იცოდა რა იყო ნარკოტიკები.,,ქუჩის აკადემია“ მქონდა დამთავრებული და ჩვენს ქუჩაზე არაკაცობა, ღალატი და სიბინძურე არ იყო…
- ბატონო ვანიკო, თქვენს ახალგაზრდობას,,ფონად“ ქალაქური ქართული სიმღერა გასდევდა…
— სწორედაც სიმღერა ალამაზებდა და ანათებდა ჩვენს ცხოვრებას. თბილისში სოლოლაკსა და ვერაზე, ძველი სახლის სადარბაზოებს,,სალვეს“ ვეძახდით. მათ გადასარევი აკუსტიკა ჰქონდა და ამიტომ სიმღერაც იქ გვიყვარდა.
- ცნობილია, რომ თქვენი შესრულებით ერთი სიმღერა რეზო გაბრიაძემ ბროდვეიზე დადგმულ თავის სპექტაკლში ჩართო.
— რეზოს დიდი ხანია ვიცნობ, ერთი თავყრილობის მერე მთხოვა შენი სიმღერა ჩამიწერეო, ბროდვეიზე სპექტაკლს ვდგამ და მასში უნდა გამოვიყენოო. მართლაც ჩამწერა. ჩემი ერთი სიმღერა კი მარიონეტების თეატრის სპექტაკლშიც გამოიყენა.
- ნოდარ დუმბაძე თქვენზე უფროსი თაობა იყო…
— ნოდარს უნივერსიტეტის ბაღში ხშირად ვხვდებოდი, მის გარშემო ყოველთვის იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ის ანეგდოტებსა და მხიარულ ამბებს უყვებოდა. მე იმ ბედნიერ ადამიანთა რიცხვში ვიყავი, რომლებსაც უნივერსიტეტის ბაღში,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ თავებს ავტორი უკითხავდა.
- ბატონო ვანიკო, ძალიან საინტერესო ცხოვრების გზა განვლეთ, რაშია წუთისოფლის აზრი?
— უნდა გიყვარდეს და უყვარდე. თუ გული სიყვარულით არ გიფეთქვას- ცხოვრებაში არაფერი გამოვა,- ამაშია საქმე!..
ახლად ჩაწერილი დისკის შეძენა სამწუხაროდ მუსიკალურ მაღაზიაში არ შეიძლება, რადგან ის არ იყიდება. თუმცა იმით, რომ სტუდიაში ხარისხიანად ჩაწერილ ამ კომპაქტ დისკში ერთად მოიყარა თავი ვანიკო მაჭავარიანის უნიკალური ხმით შესრულებულმა სიმღერებმა, მართლაც საშვილიშვილო საქმე გაკეთდა.