თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თუკი მიხეილ სააკაშვილის გუნდის ბლოკირება გაგრძელდება, ის ოპოზიციაში გადავა, განაცხადა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრ ბოროვიკმა. ამის თაობაზე წერს "რია ნოვოსტი უკრაინა" ტელეარხ „112 უკრაინაზე“ დაყრდნობით.
„ათ დღეზე მეტი დღის წინ (უკრაინის გენპროკურორის ექს–მოადგილე) საყვარელიძე მოხსნეს და ეს არსობრივად კონტრერევოლუციის გააქტიურების მანიშნებელია. ამ დრომდე ჩვენ მას საბოტაჟის სახით ვგრძნობდით. ახლა გუნდზე დარტყმები დაიწყო. ჩვენ ვგრძნობთ, რომ პრეზიდენტმა ოდესა სეპარატისტებს მისცა. ის მათ ნებას დაჰყვა, როცა საყვარელიძე მოხსნა“, — განაცხადა ბოროვიკმა.
მისი თქმით, პეტრო პოროშენკოს ბლოკის მიერ ოდესის მერობის კანდიდატის, გენადი ტრუხანოვის მხარდაჭერა ძალიან ცუდის ნიშანია.
„ტრუხანოვს ერთმნიშვნელოვანი ბიოგრაფია აქვს — წმიდა წყლის სეპარატისტია და არაფრით განსხვავდება (ყირიმის ხელმძღვანელის), აქსიონოვისგან. მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ რეფერენდუმის ჩატარება სურდა. ჩვენი გამოსვლა — ეს სასოწარკვეთილი ძახილია. ყველა მხრიდან დაგვბლოკეს, პრეზიდენტის გარემოცვა ყველა იარაღიდან გვესვრის. თუ ეს დინამიკა არ შეიცვლება, ჩვენ ხისტ ოპოზიციაში გადავალთ“, — განაცხადა დეპუტატმა.