მეჩვენება, რომ თბილისი ის მაგიური ადგილია, სადაც ბედისწერა რაღაც იდუმალი გზებით იკვეთება. თავად განსაჯეთ.
მღვდელმსახურის შვილი ევგენი ლებედევი მსახიობი ხდება და ცოლ-შვილთან ერთად თბილისში ჩამოდის. მოზარდ მაყურებელთა თეატრში ანაწილებენ სამუშაოდ, რომელიც იმ პერიოდში სტალინური სახალხო კომისრის კაგანოვიჩის სახელობის იყო, ახლა კი ნოდარ დუმბაძის სახელს ატარებს. ახალგაზრდა ოჯახი ოპერის მომღერალთან თამარ პაპიტაშვილთან იდებს ბინას, რომელიც რეპრესირებული ინჟინერ–რკინიგზელის ალექსანდრ ტოლსტონოგოვის ქვრივი გახლდათ. ამ გვარს მომავალში მისი უფროსი ვაჟი გიორგი უკვდავყოფს, ოღონდ ეგაა, გვარში ასო-ბგერა „ლ“, მისი აზრით, უფრო კეთილხმოვანი „ვ“-თი“ შეიცვლება.
გიორგის, რომელსაც თბილისშიც და მის მიერ დაპყრობილ ლენინგრად–პეტერბურგშიც გოგას ეძახდნენ, ჰყავდა უმცროსი და — ნათელა, რომელიც მასპინძლობდა კიდეც ძმის მეგობარს.
მოზარდ მაყურებელთა თეატრის დარბაზში კი ამ დროს ათი წლის ოლეგ ბასილაშვილი იჯდა, რომელიც თბილისში ბაბუასთან სტუმრობდა.
ტოვსტონოგოვი პირველ სპექტაკლებს დგამს, ლებედევი ბრწყინავს ამ დადგმებში, ნორჩი ნათელა და ოლეგი კი პარტერიდან ადევნებენ თვალს სცენაზე განვითარებულ მოვლენებს.
მერე ტოვსტონოგოვი მოსკოვში გაემგზავრება სასწავლებლად. მოგვიანებით, როგორც ხალხის მტრის შვილს, ინსტიტუტიდან გარიცხავენ, მაგრამ სტალინის ცნობილი ფრაზის შემდეგ — „შვილი მამის ნაცვლად პასუხს არ აგებს“ – კვლავ აღადგენენ. მერე ის თბილისში დაბრუნდება და კვლავ რეჟისორობას მიჰყოფს ხელს, ოღონდ ამჯერად გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში.
გავა წლები და ამ ისტორიის გმირების ბედი საერთო თეატრალურ „ოჯახში“ კვლავ გადაეჯაჭვება ერთმანეთს — ამჯერად სამუდამოდ. გოგა ტოვსტონოგოვი მთავარი რეჟისორი გახდება — ჯერ ლენინგრადის ლენინური კომკავშირის სახელობის თეატრში, მერე კი დიდ დრამატულ თეატრში, სადაც მიიწვევს კიდეც თბილისიდან უკან დაბრუნებულ ლებედევს.
გოგას და ნათელა (შინაურები დოდოს ეძახდნენ) კვლავ შეხვდება თავის კერპს — ევგენი ლებედევს, ამჯერად უკვე მდინარე ნევის სანაპიროზე და ცოლად გაჰყვება მას. ოლეგ ბასილაშვილი (შინაურულად ბასიკა) ლებედევის კოლეგად და პარტნიორად იქცევა დიდი დრამატული თეატრის სცენაზე. ლეგენდარულ „ხოლსტომერში“ საბჭოთა კავშირის სამი სახალხო არტისტი მოიყრის თავს!
ძალიან საინტერესო იქნებოდა ტოვსტონოგოვ–ლებედევების ბინაში მოხვედრა, რომლებიც არა თუ უბრალოდ ცხოვრობდნენ მეზობლად, არამედ საერთო სამზარეულოც ჰქონდათ, და სამ ბიჭს — გოგას ორ და ნათელასა და ევგენის ერთ შვილსაც ერთად ზრდიდნენ, შემოქმედებით ჩანაფიქრებზეც ერთად მსჯელობდნენ და მეგობრებსაც ერთად მასპინძლობდნენ.
ძალიან მინდოდა ქალბატონ ნათელას ვწვეოდი, რომელიც ძმისა და მეუღლის იმქვეყნად წასვლის შემდეგ თბილისში დაწყებული ეპოქის უკანასკნელი მოწმე იყო. საერთო ნაცნობებმა მირჩიეს, აუცილებლად შემექო მისი ფანჯრიდან გადაშლილი ხედი.
მაგრამ ორი დიდებული გვარის მემკვიდრესთან მხოლოდ ტელეფონით დალაპარაკება მოვასწარი. შევთანხმდით, რომ აუცილებლად ვესტუმრებოდი, როგორც კი კომაროვოს აგარაკიდან დაბრუნდებოდა. არ გამოვიდა — 2013 წლის მარტში ქალბატონი ნათელა გარდაიცვალა.
თბილისში ჩამოსულმა ყოფილი 25 თებერვლის ქუჩისკენ გავწიე, რომელიც ახლა იმ უბნის სახელგანთქმული ბინადრის, გიორგი ტოვსტონოგოვის სახელს ატარებს და რომლის ერთ–ერთი სახლის ფასადზე მემორიალური დაფაა გამოკრული მისი სახელითა და გვარით. მინდოდა ის აივანი მენახა, რომელზეც ცნობილი ოჯახური თავშეყრა იმართებოდა ხოლმე.
სახლს ვუახლოვდები და თანდათან იმედგაცრუება მეუფლება — აივანი არსად ჩანს. სადარბაზოსთან მოფუსფუსე მუშებს ვეკითხები, ტოვსტონოგოვის აივანი სადაა–მეთქი. ღიმილით მითითებენ ეზოსკენ. შევდივარ და ვხედავ, რომ ყველაფერი ადგილზეა — წარსულიცა და აწმყოც.