თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 14–16 აპრილს „აბრეშუმის გზის“ ქვეყნების მე–18 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Caucasus Tourism Fair (CTF) 2016 გაიმართება, იუწყება „ექსპო ჯორჯია“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი თემები: კულტურული და სათავგადასავლო ტურები, ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები, დაცული ტერიტორიები და ეკოტურები, დასვენების კომპლექსები, სატრანსპორტო კომპანიები, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურება.
გამოფენის ორგანიზატორია „ექსპო ჯორჯია“. გამოფენა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.
Caucasus Tourism Fair CTF 2016–ის ფარგლებში ასევე ჩატარდება საქმიანი ტურიზმის მე–5 საერთაშორისო გამოფენა, შეხვედრები და კონფერენციები CAUCASUS MICE 2016.
ტურიზმის ახალი სახეობა „MICE ტურიზმი“ — ეს მსხვილ კორპორატიულ და პროფესიულ ტურებზე ორიენტირებული ტურისტული მიმართულებაა.
წელს ტრადიციული ღონისძიებების პარალელურად უკვე მეორედ იქნება რეალიზებული ახალი წარმატებული იდეა — ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი.