საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

© фото - http://comode.kz/თბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებიც თანხის მაღალი პროცენტით განთავსებას სთავაზობენ. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მაღალი შემოსავალი მაღალ რისკსაც გულისხმობს.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ დანაზოგის მაღალ პროცენტში განთავსების სურვილის დროს.

ბოლო პერიოდში გახშირდა სხვადასხვა იურიდიული პირების მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვის რეკლამირება, აღნიშნავს ქვეყნის ეროვნული ბანკი.

„ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა, სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს ასევე მაღალ რისკს”, — აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთარი სახსრების სხვა პირისთვის გადაცემისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, აუცილებლად გადაამოწმონ ინფორმაცია, მათ შორის, ექვემდებარება თუ არა კონკრეტული იურიდიული პირი სახელმწიფოს რეგულირებას და მხოლოდ შესაძლო რისკების შესწავლისა და გააზრების შემდგომ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება.

ყველა ახალი ამბავი
0