თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისში 10 აპრილს, კვირას, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება სპორტული ღონისძიებები სლოგანით — „იცხოვრე სპორტით!“. ღონისძიებების ინიციატორია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
ღონისძიების ფარგლებში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, მოეწყობა საბავშვო კუთხე და საგამოფენო სივრცე. სპორტული ღონისძიებები დაიწყება 11:00 საათიდან და გაგრძელდება 17:00 საათამდე, იუწყება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
ღონისძიებებზე სამინისტრო ყველა ასაკის მოქალაქეებს ელოდება. „თითოეულ სტუმარს საშუალება მიეცემა თავად ჩაერთოს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში — სტრიტბოლი (ქუჩის კალათბურთი); გრეხეტბოლი (სახალისო ქუჩის ფეხბურთი); მეკლდეურობა; ქვიშის ფრენბურთი; კანოე; ხრიდოლი; ქართული ჭიდაობა; კარატე; მკლავჭიდი; ჭადრაკი“, — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სპორტული ფედერაციების ორგანიზებით მოეწყობა საჩვენებელი გამოსვლები სანახაობები შემდეგ სახეობებში: აღმოსავლური ორთაბრძოლები — უშუ, კარატე, კონტაქტური კარატე; ქართული ჭიდაობა; ხრიდოლი; საცხენოსნო სპორტი; ჩერლიდინგი.
ასევე საჩვენებელ პროგრამას მაყურებლის წინაშე წარადგენენ შავფაროსნები და მოეწყობა მინი-ტურნირები სხვადასხვა სახეობებში: ფრენბურთი, მინი-ფეხბურთი, ბასმინტონი, ველოსპორტი, კანოე, მეკლდეურობა, ქუჩის კალათბურთი, ნარდი, ჭადრაკი.
სპორტის საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის 2013 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 6 აპრილს აღინიშნება.