როგორ მიყვარს ჩემს აივანზე გამოსვლა გამთენიას… როცა კარგად გამოძინებული ჰაერი ისეთი ნაჯერი და მკვრივია, თითქოს დანით გაიჭრება… ცაში კი ზანტად მიიზლაზნებიან ახლადგამოღვიძებული ღრუბლები, ისეთი ფანტასტიური, რომ თუ ცოტა ფანტაზია შენც გაგაჩნია, ისინი ხან გედებად შლიან ფრთებს, ხან რაშებივით იქნევენ ფაფარს და ხან კი,ისე როგორც ამ დილით, ვეებერთელა და ბრიტანულად ამაყი გემივით აპობენ ცის ოკეანეს…
ზუსტად ამ დღეს, 1912 წლის 10 აპრილს ჰემფშირის ოლქის ქალაქ საუნთჰემპტონის პორტიდან გადიოდა თავის პირველ და ერთადერთ რეისში ლეგენდარული და „ჩაუძირავი“ ლაინერი „ტიტანიკი“, 37 წლიანი სტაჟის მქონე კაპიტან ედვარდ სმიტის მეთაურობით, რომელსაც პენსიამდე ეს ერთი რეისიღა აშორებდა…
მომსახურება და კაიუტის კლასები გემზე სამ კატეგორიად იყოფოდა, განხვავება მათ შორის კი ზუსტად ისეთი იყო, რის გამოც პროლეტარიატმა, სავარაუდოდ მოაწყო ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია!
ბილეთი პირველი კლასის კაიუტებში, რომლებიც შესრულებული იყო სხვადასხვა არქიტექტურულ სტილში და მოპირკეთებული ოქროთი და წითელი ხით, როიალებზე და „დესაუებზე“ რომ აღარაფერი ვთქვათ, ღირდა 4 ათას დოლარამდე, რაც, ინფლაციის გათვალისწინებით, დღევანდელ 100 000 აშშ დოლარს უტოლდება. აღნიშნული კლასის მგზავრებს ემსახურებოდა უმაღლესი კლასის რესტირანი А la Carte (სადილი შედგებოდა 13 კერძისგან, თითოეულისთვის ცალკე ღვინოს მირთმევით და გრძელდებოდა 4-5 საათის განმავლობაში). აქვე იყო კაფეები, აუზები, ბანქოს სათამაშო და სავარჯიშო დარბაზები, სალონები მწეველთათვის, ღია და დახურული პრომენადები, სადაც „მოდის ბოლო წრიპინის“ მიხედვით გამოწყობილი ქალბატონები, დახვეწილი საუბრების დროს, გაპრანჭულ ძაღლებს ასეირნებდნენ… მესამე კლასის კაიუტების ფასი ისტორიას არ შემორჩა, მაგრამ ერთია ცნობილი — 700 მგზავრზე სულ 2 აბაზანა იყო განსაზღვრული…
„ტიტანიკზე“ თავი მოიყარა უამრავმა ცნობილმა ადამიანმა. მათ შორის იყო მუნჯი კინოს იმ დროინდელი ვარსკვლავი, ჩარლი ჩაპლინისა და ბასტერ კიტონის პარტნიორი დოროტი გიბსონი, რომელიც გადარჩა და კატასტროფის შემდეგ, უკვე მეხუთე დღეს, დაიწყო „ტიტანიკზე“ ისტორიაში პირველი ფილმის, „გადარჩენილების“ გადაღება. სამწუხაროდ, ფირი 1914 წელს ხანძრის დროს განადგურდა. ამბობენ, რომ ფილმში დოროტი თავის თავს ანსახიერებდა და სწორედ იმ კაბაში და შავ დაბალქუსლიან ფეხსაცმელში თამაშობდა, რაც ტრაგედიის დროს ეცვა…
ლაინერზე ასევე მოგზაურობდა ცნობილი მილიონერი ფემინისტი მარგარეტ ბრაუნი, რომელმაც იცოდა 5 ენა და ხუთივეზე ერთნაირად კარგად ბილწსიტყვაობდა (როგორც „უკანასკნელი მეწაღე“!). სწორედ ეს ვაჟკაცური და დიდი გულის ადამიანი, არ ჩაჯდა პირველივე მაშველ ნავში, რომელიც მას შესთავაზეს და ბოლომდე ეხმარებოდა სხვებს ჩასაძირად განწირული გემის დატოვებაში, ბოლოს კი ეკიპაჟის ერთერთმა წევრმა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ძალით ჩატენა ნავში.
გემზე იმყოფებოდა ცნობილი ბიზნესმენი ბენჟამინ გუტენჰეიმიც, რომელიც მოგზაურობდა უცნობ და მომხიბვლელ ქალბატონთან ერთად… ტრაგედიის დროს, მან ქალბატონი გალანტურად ჩასვა ნავში, თავად კი დაბრუნდა კაიუტაში, გადაიცვა ფრაკი, მიირთვა ვისკი და გამოაცხადა —„ჯენტლმენები ბოლომდე ჯენტლემენებად უნდა დარჩნენო“, მეუღლეს კი რადიოგრამა გაუგზავნა, რომ ის ძალიან კარგად არის აღზრდილი იმისთვის, რომ გემი მანდილოსნებზე ადრე დატოვოს…
სწორედ „ტიტანიკზე“ მოგზაურობდა ქალბატონი ვიოლეტა კონსტანსიც, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ერთადერთი ადამიანი, ვინც 3 სხვადასხვა გემის („ტიტანიკი“, „ბრიტანია“ და „ოლიმპიკა“) კატასტროფის შემდეგ გადარჩა…
პირველივე მაშველ ნავში ადგილი ასევე შესთავაზეს მღვდელსაც, რომლის ვინაობა, სამწუხაროდ უცნობია, მაგრამ მან უარი განაცხადა გემის დატოვებაზე და ბოლომდე გვერდში ედგა მგზავრებს, ისევე, როგორც გემის ორკესტრის 8 მონაწილე, რომლებიც გემბანზე უკრავდნენ მანამ, სანამ ეს შესაძლებელი იყო…
გემის 30-ვე მემანქანე ბოლო წუთამდე, ხანძრის დაწყებამდე, არ მოსცილებია ღუმელებს…
გემის მგზავრებს შორის იყო ერათადერთი იაპონელი, მასაბუმი ხოსონო, რომელიც გადარჩა და რომელიც იაპონიაში ჩასვლისთანავე მოხსნეს სამსახურიდან და „მშიშარად“ და „ერის შემარცხვენელად“ გამოაცხადეს, რადგანაც ვიღაცაზე ადრე ჩაჯდა მაშველ ნავში…
მასაბუმი ხოსონოსთან ერთად „ტიტანიკის“ მგზავრებიდან გადარჩა 712 ადამიანი…
სასწაულია, მაგრამ ასევე გადარჩა ბორტზე მყოფი 20 ძაღლიდან — 3 …
მე აღარ გავაგრძელებ და არავითარ შემთხვევაში არ გაგხდით იმ მძიმე მომენტის უშუალო დამკვირვებლებად, როდესაც „ჩაუძირავი“ ტიტანიკი სავარაუდოდ, მასზე უფრო ჩაუძირავ და ძლიერ აისბერგს შეხვდა პირისპირ…
მოდით დავრჩეთ იმ ლამაზად მორთულ გემბანზე, რომელზეც 1912 წლის დილის 10-ის ნახევარზე ავიდა 1 316 მგზავრი და სადაც მათ ეკიპაჟის 908 წევრი დახვდათ — თავისი განცდებით, გრძნობებით და ოცნებებით, რადგან, სანამ არსებობენ ადამიანები რომლებიც ყველაზე რთულ და ექსტრემალურ სიტუაციაში არ კარგავენ ღირსებას და რჩებიან ადამიანებად, რომლებსაც შეუძლიათ სხვისი ტკივილის გათავისება, თანაგრძნობა და თავგანწირვა, მანამ არსებობსა იმედიც…
გილოცავთ დღევანდელ გასვლას თქვენი პორტებიდან და გისურვებთ მის წარმატებულ და გამარჯვებულ დასრულებას…
ოღონდ, უმორჩილესად გთხოვთ, გასვლის წინ გონებაში, გემბანს შამპანიურის ბოთლი მიახეთქეთ, ბედნიერებისთვის…
„ტიტანიკზე“ ამის გაკეთება აურზაურში დავიწყებიათ…
ლელა ანჯაფარიძე