თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგომა თბილისში არსებულ საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება.
საქართველის პრეზიდენტმა პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად, პარლამენტის განახლებული შენობა, მათ შორის, სხდომათა დარბაზი მოინახულა. მათ პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი ახლდა თან.
"იმედი მაქვს, რომ დეპუტატების წინაშე თქვენი შემდგომი გამოსვლა ამ დარბაზში მიხდება. მე აქ დაგხვდებით თუ არა — არ ვიცი, ეს ოქტომბერში გაირკვევა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისეთი პარლამენტი შეიკრიბება, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი აქ, ამ შენობაში უნდა იყოს. და შესაბამისად, თქვენი ყოველწლიური გამოსვლაც აქ მოხდება“, — განაცხადა უსუფაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრისას.
საქართველოს პარლამენტი თბილისიდან ქუთაისში 2012 წლის შემოდგომაზე, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად გადავიდა, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა. ახალი ხელისუფლება — კოალიცია „ქართული ოცნება“ კი საქართველოს პარლამენტის თბილისში დაბრუნების ინიციატივით გამოდის, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად საჭირო ხმების მოპოვება საპარლამენტო უმრავლესობამ ამ დრომდე ვერ მოახერხა.
2014 წელს ოპოზიციასთან მიღწეული კომპრომისის შედეგად, საკომიტეტო მოსმენების გამართვა თბილისში არსებულ პარლამენტის შენობაშია შესაძლებელი.