თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. თბილისის ზოოპარკში მეშვიდე ლემური დაიბადა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ თბილისის ზოოპარკის პრეს-სამსახურის უფროსზე მზია შარაშიძეზე დაყრდნობით.
ზოოპარკის ახალბედა ბინადრის დედას კიჭა ჰქვია. მას ეს სახელი კბილის გამო შეარქვეს, რომელიც ეშვს მიუგავს. ახალდაბადებული ლემური კი, რომლის სქესიც ჯერ არ იციან, მალე ერთი თვის გახდება.
„ჯერჯერობით არ ვიცით, გოგოა თუ ბიჭი. როდესაც ვოლიერში ვინმე შედის, დედა ყოველთვის გვიმალავს პატარას. ადრე სურათის გადაღების საშუალებაც არ გვქონდა. ახლა კი ლემური გაიზარდა და უფრო აქტიური გახდა“, — აღნიშნა შარაშიძემ.
ამ ეტაპზე დედა და შვილი ცალკე ვოლიერში იმყოფებიან, თუმცა მალე მათ სხვა ლემურებთან ერთად მოათავსებენ.
„პატარა ლემურიკოს სახელი ჯერ ვერ შევურჩიეთ, თუმცა ბევრი გვთავაზობს რომ თემურიკო დავარქვათ“, — აღნიშნა მზია შარაშიძემ.