თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველო 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და საბჭოთა შეიარაღებული ძალების მიერ მრავალათასიანი მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს.
ამ დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ტაძრებში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი იმართება.
მთავრობის წევრები პარლამენტის შენობასთან მდებარე 9 აპრილის მემორიალთან 8 აპრილის ღამით მივიდნენ და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
საქართველოში 9 აპრილი გამოსასვლელი დღეა. ეს დღე ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს რიგით მოქალაქეებს პარლამენტის შენობასთან ტიტები მიაქვთ… ხალხი ტრაგედიის ადგილზე 8 აპრილის ღამიდან იწყებს შეკრებას.
მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო. 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა. კომისის დასკვნის თანახმად, ამ დღეს დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალების მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა.
1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც“ ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.