ამ ულამაზესი ოთახის მცენარის უჩვეულო პოპულარობა მთელს მსოფლიოში, მისი ფაქტიურად უწყვეტი ყვავილობის უნრამა და კომპაქტურმა ზომებმა განაპირობა. თუკი ვარდს „ყვავილების დედოფალს“ უწოდებენ, სენპოლიებს (Saintpaulia) — პრინცესების თიკუნი ამკობთ!
მიუხედავად იმისა რომ მათ უზამბარულ იებსაც უწოდებენ, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბაღის იებთან (Viola) საერთო არაფერი აქვთ და სრულიად სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენლები არიან.
წარმოშობა: სენპოლია — იგივე უზამბარული ია ჩვენს ოთახებსა და ორანჟერეებში ტანზანიისა და კენიის ტროპიკული ტყეებიდან მოხვდა და მის აღმოჩენას 1892 წელს გერმანელ ბარონ ვალტერ ფონ სენ-პოლს უნდა ვუმადლოდეთ. უკვე 1893 წელს სენპოლია მებაღეთა საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინეს გენტში გამართულ ყვავილების ფესტივალზე და ამით „პრინცესამ“ მთელს მსოფლიოში საზეიმო მსვლელობა დაიწყო! ბუნებაში ამ მრავალწლიანი მარადმწვანე მცენარის 20-მდე სახეობას ითვლიან. ოთახის მეყვავილეობაში გამოყვანილი ჯიშების უმეტესობა ჰიბრიდია, რომელთაც საფუძვლად უდევთ იისებრყვავილა სენპოლია (Saintpaulia ionantha) და სენპოლიების კიდევ რამდენიმე სახეობა. ამიტომ ხშირად მათ განზოგადოებულად ჰიბრიდულ სენპოლიებს (Saintpaulia hybrid) უწოდებენ. ალბათ ვერც ერთი ყვავილის სახეობა ვერ დაიკვეხნის ჰიბრიდების ასეთი რაოდენობით — დღეისათვის მათი რიცხვი 32 ათასს აჭარბებს.
ჯგუფები: სენპოლიების ჯიშებს ყოფენ რამდენიმე ჯგუფად — პირველ რიგში ყვავილების ფორმისა და შეფერილობის მიხედვით. ამ პრინციპით გამოყოფენ კლასიკურ სენპოლიებს, ვარსკვლავისებურს, ფენტეზის, არშიიანს, კრაზანას და სენპოლია „ქიმერებს“.
ფოთლების ტიპის მიხედვით არჩევენ „გოგო“ და „ბიჭ“ სენპოლიებს. „გოგო“ სენპოლიას ფოთლებს ზედა მხრიდან ღია ლაქა აქვს, ხოლო „ბიჭი“ ფოთლები მთლიანად მწვანეა. ამასთან განარჩევენ ფოთლების ფორმის მიხედვითაც.
ზომის მიხედვით ყველაზე გავრცელებულია სენპოლიები, რომელთა როზეტის დიამეტრი 20-40 სმ-ია. არსებობს ე.წ. გიგანტი ჯიშები — 40-60 სმ, მინიატურები —15 სმ-მდე და მიკრომინიატურები, რომელთა როზეტის დიამეტრი 6სმ-ს არ აღემატება.
სენპოლიების მოვლა საკმაოდ მატივია, თუმცა გარკვეული აუცილებელი პირობების დაცვას მოითხოვს.
ტემპერატურული რეჟიმი: თანაბარი უნდა იყოს — ოპტიმალურია +18, +24 გრადუსი. არ უყვართ ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა და ორპირი ქარი.
განათება: ნათელი, გაფანტული შუქი სჭირდებათ, თუმცა არა პირდაპირი მზის სხივი. იდეალურია აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯრები. ზაფხულში თუ მზიან ფანჯრის რაფაზე გიდგათ აუცილებლად მოუჩრდილეთ, რადგან პირდაპირი მზის სხივები ფოთლების დამწვრობას და საბოლოოდ მცენარის დაღუპვას იწვევენ. სენპოლიას ყვავილობისათვის ოპტიმალური დღის ხანგრძლივობა — 10-14 საათია. თუ ამ პირობებს შეუქმნით, სენპოლიები ზამთარშიც იყვავილებენ.
მორწყვა: ყვავილის მიწის ზედაპირი ოდნავ ნესტიანი უნდა იყოს მაგრამ არა სველი, ეს მცენარის ფესვთა სისტემას დაალპობს. მორწყვის დროს აუცილებელია სიფრთხილე, რომ წყალი არ მოხვდეს მცენარის ფოთლებზე და ზრდის ცენტრში. სარწყავი წყალი ოთახის ტემპერატურის (არავითარ შემთხვევაში ცივი) და „რბილი“, „ნადგომი“ უნდა იყოს. ყველაზე კარგი საშუალებაა იების ძირიდან მორწყვა ან ე.წ. „ფითილზე დასმა“.
ნიადაგი სენპოლიებისათვის: განსაკუთრებულ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს: ფხვიერი, კარგი ჰაერ და წყალგამტარი უნდა იყოს. იებისათვის მიწის გამზადებული ნარევის ყიდვაც არის შესაძლებელი, თუმცა თქვენ თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგი პროპორციით: 2 წილი ბაღის მიწა, 1 ტორფი, 1 წილი გარეცხილი ქვიშა, ხის ნახშირი, 1 წილი ვერმიკულიტი და 1პერლიტი. იმისათვის რომ ხშირად და უხვად იყვავილოს, სენპოლიას აუცილებლად სჭირდება მინერალური კვება 2 კვირაში ერთხელ მაინც.
ჰაერის ტენიანობა: გამოცდილი მებაღეები თვლიან, რომ ოთახში, სადაც სენპოლიებია, ჰაერის ტენიანობა 50% უნდა იყოს. ამავე დროს კატეგორიულად დაუშვებელია სენპოლიას ბუსუსა ფოთლებზე წყლის დასხურება. ჰაერის ტენიანობის ასამაღლებლად ხელოვნური ნისლის შემქმნელ ხელსაწყოს იყენებენ ან მათ სიახლოვეს წყალს ძალიან წვრილი პულვიზატორით აფრქვევენ.
სენპოლიების შერჩევა: სენპოლიის შეძენისას პირველ რიგში ყურადღება ფოთლებს მიაქციეთ, თუკი მათზე რაიმე საეჭვო ლაქები ან უცნაური გამკვრივებები შეამჩნიეთ, არ ღირს მათი შეძენა, თუნდაც ძალიან სასურველი ჯიში იყოს. უკეთესია თუ აარჩევთ მცენარეს ჯანმრთელი მწვანე ფოთლებით, ყოველგვარი დაზიანების გარეშე. თუ შვილეულ სენპოლიას იძენთ, მნიშვნელოვანია, რომ ფოთლები ძალიან წაგრძელებული არ იყოს — ეს იმაზე მეტყველებს, რომ მცენარე უკვე დაზარალდა განათების უკმარისობისაგან (თუმცა გააჩნია ჯიშს). შეძენისას გამყიდველს აუცილებლად სთხოვეთ მცენარის ჯიშის მითითებაც, შემდგომში თავად რომ არ იწვალოთ მის გამოცნობაზე.
ქოთნების შერჩევა სენპოლიებისათვის: ეს ის შემთხვევაა, როცა ქოთნების ზომა, უფრო კონკრეტულად კი დიამეტრი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცენარის შემდგომ ზრდა-განვითარებაში და სწორედ ყველაზე დიდი შეცდომას მაშინ უშვებენ, როცა მათთვის ძალიან დიდი ზომის ქოთნებს არჩევენ. ახალგაზრდა სენპოლიებისათვის ქოთნის დიამეტრი 5-6 სანტიმეტრი უნდა იყოს, მოზრდილებისათვის კი არაუმეტეს 8-9 სანტიმეტრისა.
გადარგვა: სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც სენპოლიების ახალ სუბსტრატში გადატანა. ჩვეულებრივ ეს გაზაფხულზე უნდა გააკეთოთ, მაგრამ თუ ხელოვნურ განათებას იყენებთ, ამ პროცედურის ჩატარება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ქოთანში დრენაჟის ფენის მოწყობას. დრენაჟისათვის ყველაზე კარგი მასალა თიხის ნამსხვრევებია — ისინი არ შედიან ქიმიურ რეაქციაში და არ ცვლიან მიწის სტრუქტურას. დრენაჟი, რომელმაც ქოთნის მოცულობის 1/5 უნდა დაიკავოს, უნდა ემსახურებოდეს წყლის გადინებას მიწის ქვედა ფენებისაგან, ასევე ფესვთა სისტემის დამატებით მომარაგებას ჟანგბადით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სენპოლიების პლასტმასის ქოთნებში ჩარგვისას.
მნიშვნელოვანია ჩარგვის სიღრმე — ყვავილის ქვედა ფოთოლთა რიგი არაუმეტეს 1 სმ-ისა უნდა იყოს აცილებული მიწის ზედაპირს.
გამრავლება: სენპოლია „ქიმერას“ გარდა სხვა ჯიშებისათვის ყველაზე გავრცელებულია ფოთლითა და შვილეული ძირებით გამრავლება.
ფოთლით გამრავლებისათვის ჯანმრთელი, ფორმირებული ფოთოლი უნდა შეარჩიოთ — სასურველია როზეტის ქვედა მეორე რიგიდან. ფოთლის ყუნწი 2-3სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. შეგიძლიათ ფოთლები წყალში დააფესვიანოთ, ან ჩასვათ ფხვიერ მიწაში 1-2 სმ-ს სიღრმეზე, ასევე შესაძლებელი დააფესვიანოთ პელიტში ან ვერმიკულიტში ან სულაც ხავსში. პატარა ნერგი ოთახის ტემპერატურის წყლით უნდა მორწყოთ და პოლიეთილენის პაკეტით ან ჭიქით უნდა დაასათბუროთ. ამასთან ყურადღება მიაქციეთ, რომ ხუფზე დიდი რაოდენობით კონდენსატმა ნერგის ლპობა არ გამოიწვიოს — ხშირად გაანიავეთ მცენარე. ჰაერის ტემპერატურა ამ პერიოდში 20 გრადუსზე დაბლა არ უნდა იყოს. ფესვების განვითარებისა და შვილეული ფოთლების აღმოცენებისათვის, ამგვარად გამრაველბულ სენპოლიას ფოთოლს 1-დან 2 თვემდე სჭირდება. როცა შვილეულები კარგად გაიზრდებიან და მომაგრდებიან, უკვე შეიძლება მათი დედისაგან ფრთხილად მოცილება ისე რომ ფესვთა სისტემის ტრამვირება არ მოხდეს და ცალკე ქოთნებში გადარგვა ზემოთ აღწერილი წესით. ასე გამრავლებული სენპოლია 8-10 თვეში პირველ ყვავილსაც მოგცემთ.
რაც შეეხება "ქიმერას" ჯგუფის სენპოლიებს, მათი გამრავლება მხოლოდ საყვავილე ღეროთი ან ზრდის ცენტრით არის შესაძლებელი. საყვავილე ღეროს სცილდება ყვავილის ჯამები, ისე რომ ღეროზე 2-3 მცირე ზომის განტოტვა დარჩეს, თავსდება წინასწარ მომზადებულ სუბსტრატში და ისეთივე წესით სათბურდება, როგორც ფოთლით გამრავლებისას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ დროდადრო სენპოლიებს "გაახალგაზრდავებაც" სჭირდებათ. ამ პროცესს მაშინ მიმართავენ, როცა როზეტის მთავარი ღერო ქვემოდან ძალიან მსხვილდება და შიშვლდება ან ავადდება. ამ დროს დასაშვებია როზეტის მთლიანად გამოცალკევება ფესვთა სისტემისაგან და მისი ხელახალი დაფესვიანება.
და ბოლოს, მიუხედავად ერთი შეხედვით არც თუ ისე მარტივი მოვლის წესისა, სენპოლიები ნამდვილად ღირან იმად, რომ თქვენი ბინების სამშვენისად აქციოთ. თუ კარგად მოუვლით, მათ შეუძლიათ მთელი წელი გაგახალისონ ფერადი ყვავილებით.