"დინამო" თბილისი 4500 ლარით, ხოლო "დინამო" ბათუმი 3500 ლარით დაჯარიმდნენ

გამოწერა
თბილისის „დინამოს“ გულშემატკივართა მხრიდან ადგილი ჰქონდა პიროტექნიკური ნაკეთობების სროლას და სტადიონის ქონების დაზიანებას. ბათუმის „დინამომ“ კი ვერ უზრუნველყო სტადიონზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამო“ და ბათუმის „დინამო“, შესაბამისად, 4500 და 3500 ლარით დაჯარიმდნენ, იუწყება სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.  

კომიტეტის სხდომაზე ქალაქ ქობულეთის სტადიონზე „ჩელე არენაზე“ ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ საქართველოს ჩემპიონატის XXII ტურის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი განიხილეს. 

თამაშის დასასრულს, როდესაც ანგარიში 2:1 იყო თბილისელების სასარგებლოდ, გუნდების გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მატჩის დასრულების შემდეგ ჩხუბი სტადიონის გარე პერიმეტრზეც გაგრძელდა.

ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა. გულშემატკივრებიდან სხეულის სერიოზული დაზიანება არავის მიუღია, თუმცა რამდენიმე ადამიანი პოლიციამ დააკავა.

სფფ-ის კომიტეტის განცხადებით, თბილისის „დინამოს“ გულშემატკივართა მხრიდან ადგილი ჰქონდა პიროტექნიკური ნაკეთობების სროლას, ქონების დაზიანებას და მატჩის მსვლელობისას წარმოქმნილ უწესრიგობას. ბათუმის „დინამომ“ კი ვერ უზრუნველყო სტადიონზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა. 

საქართველოს ჩემპიონატის XXIII ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში თბილისის „დინამოა“, რომელსაც აქტივში 61 ქულა აქვს. ბათუმის „დინამო“ კი 36 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.


ყველა ახალი ამბავი
0