ნინი რაზმაძე
1989 წლის 9 აპრილი… თავისუფლებისათვის ჩამქრალი 21 სიცოცხლე… გაცრეცილი ოცნებები, პასუხგაუცემელი კითხვები, სისხლის ფასად მოპოვებული უკვდავება… და ამ უკვდავებაში გარდასახული 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის სიცოცხლე… ის დაღუპულთა შორის ყველაზე პატარა იყო.
27 წლის შემდეგაც ეკას დედისთვის, ქალბატონ ლალი ყანჩაველისთვის მძიმეა 9 აპრილის მოვლენების გახსენება, თუმცა უხარია, რომ ეკა დღემდე ახსოვთ მეგობრებს, ახლობლებს, უბრალო ადამიანებს, რომელთათვისაც 16 წლის გოგონა ერთ დღეში გმირად იქცა.
– ქალბატონო ლალი, იქნებ მოგვიყვეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი?
— ეკა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე იყო. პატარაობიდან ძალიან მოსიყვარულე და ყველას მიმართ თბილი ბავშვი იყო, ყველას ეხმარებოდა, როგორც შეეძლო. მახსოვს, მის კლასელს ერთხელ თირკმელი ასტკივდა, ჩვენთან მოიყვანა, დედაჩემი მოგივლისო. ყოველდღე თავს ევლებოდა მეგობარს. ეზოში პატარა ბავშვები თამაშისას როცა დაისვრებოდნენ, სახლში ამოიყვანდა, დაბანდა და ეტყოდა — მეტი აღარ დაისვარო, დედიკოს დაუჯერეო. გაზაფხული უყვარდა ძალიან, ყველას ულოცავდა და პირველი იები თავის ახლობლებთან მიჰქონდა. სურათების გადაღება არ უყვარდა და მისი ბევრი ფოტო არ მაქვს.
– თქვენი ოჯახიდან ეკას გარდა რუსთაველის გამზირზე აქციებზე ვინმე დადიოდა?
— არა, მარტო ეკა იყო ბობოქარი… კლასელებთან ერთად დადიოდა. ბოლოს 34-ე აფთიაქში მუშაობდა ერთი ქალი და მის შვილთან ერთად იყო წასული, ეტყობა, აქციებზე გაიცნო. საბედნიეროდ, ის გადარჩა.
– აქციებზე რომ დადიოდა, იცოდით?
— აქციებზე რომ დადიოდა, ვიცოდი, მაგრამ ყოვლეთვის თავის დროზე ბრუნდებოდა სახლში, არასდროს იგვიანებდა. 8 აპრილს სახლში სტუმრები გვყავდა, ამიტომ მასწავლებელთან როცა დატოვა მამამისმა, უთხრა შენით წამოდიო. არ ვიცი, გაეთავისუფლა თუ გაუცდა ეკას გაკვეთილი, იქიდან წასულა აქციაზე. რვა საათი რომ გახდა, მე და ჩემი მეუღლე გამოვედით მოსაძებნად, ზოგმა კომაროვში მიგვასწავლა, ზოგმა ტელევიზიასთან, ყველაფერი მოვიარეთ, პარლამენტის წინაც ვიყავით და ვერსად ვიპოვეთ. ჩვენი ნაცნობები ბევრი იყვნენ აქციაზე, მათაც ვკითხეთ, მაგრამ ეკა არავის შეხვედროდა, მხოლოდ კლასელის დედას დაუნახავს, ისიც შვილს ეძებდა…
სახლში დავბრუნდით, იქნებ სახლშია-თქო, მაგარამ არ დაგვხვდა. ისევ აქციაზე წავედით. თან ჩემი მული და შვილი წავიყვანეთ. პარლამენტის წინ იმდენი ხალხი იყო შეკრებილი, ისეთი მუხტი და ენერგია სუფევდა… ყველა ერთმანეთს ეფერებოდა, ერთმანეთს უფრთხილდებოდა… მთელი ინტელიგენცია იქ იყო. შემდეგ კვლავ სახლში დავბრუნდით და ახლა მეუღლესთან ერთად წავედი რუსთაველზე ეკას მოსაძებნად. ტრიბუნასთან წერილიც გადავეცით, რომ გამოეცხადებინათ, ეკას მშობლები ეძებდნენ. შემდეგ პატრიარქიც გამოვიდა და დაიწყო არეულობა, ისიც ვერ გავიგე, გამოაცხადეს თუ არა.
– საფრთხეს არ ელოდით?
— არავინ ელოდა საფრთხეს, არავის ეგონა, რომ ტანკებითა და ორლესული ნიჩბებით გაუსწორდებოდნენ მშვიდობიან ხალხს. პატრიარქმა ხალხს სიტყვით როცა მიმართა, მაშინ გავიგეთ, რომ რაღაც საშიშროება არსებობდა… თუმცა იქ შეკრებილებს ასეთი საშინელი ფაქტის მოლოდინი არ ჰქონიათ. მოგვიანებით ერთმა ადამიანმა ისიც კი მითხრა — როგორ გაუშვი, შენ მოკალი შენი შვილიო! არა და, რუსთაველზე ისეთი ამაღლებული განწყობა იყო, იმდენი ადამიანი იყო შეკრებილი…
– ეკა არეულობის დაწყებამდე იპოვეთ?
— ჩემი მეუღლე ხალხის ტალღამ ქაშუეთის ეკლესიისკენ წაიღო… ეკა ბოლოს მაინც ვიპოვე, ხელი ჩავჭიდე და პატრიარქის სიტყვებს მონუსხულები ვუსმენდით. ირაკლი წერეთლმა „მამო ჩვენოს“ წაკითხვა რომ დაიწყო და ხალხი დაჩოქილი რომ ლოცულობდა, მერე უკვე აღარაფერი მახსოვს, ალყაში აღმოვჩდით. დაიწყო არეულობა. ნაძალადევიდან ყოფილა ერთი მილიციელი და იმას უთქვამს, ქერათმიან ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო… ეს ჩვენ ვიყავით. მე მქონდა ქერად შეღებული თმა, ის ხუჭუჭა გოგო კიდევ ჩემი ეკა იყო.
– როგორც ვიცი, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლები გქონდათ?
— იმ დღიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღმიდგა მეხსიერება. მე ჩემი შვილის დასაფლავება არ მინახავს, გათიშული ვიყავი, არც ის ვიცოდი, ცოცხალი მყავდა თუ მკვდარი. ყველა მიმალავდა სიმართლეს. 7 დღე საავადმყოფოში ვიყავი, გადასხმებს მიკეთებდნენ. ისეთ მდგომარეობაში მივუყვანივართ საავადმყოფოში, 80 წლის მოხუცს ჰგავდიო… სამი დღე მეძებდნენ, გაუჭირდათ ჩემი პოვნა, ახლობელმა მიცნო. შემდეგ გადამიყვანეს ნევროლოგიურ კლინიკაში. მარცხენა ხელი ისე მქონდა მოტეხილი, მოკვეთას მიპირებდნენ, მარჯვენა ფეხიც დაზიანებული მქონდა, მაგრამ მისი აღდგენის იმედი ჰქონდათ. გერმანიაში სისხლი 3-ჯერ გამომიცვალეს. დამოუკიდებლად სიარული დღესაც არ შემიძლია…
– რამდენი ხნის შემდეგ გაიგეთ ეკას ამბავი?
— ოდესმე ხომ უნდა ეთქვათ. ჩემი უფროსი შვილი ერთხელ მოვიდა საავადმყოფოში, შავი სამოსი ეცვა, ახალი ფეხსაცმელი მაჩვენა და მითხრა, მამიკომ მიყიდაო. მე ვუთხარი, შენ რად გინდოდა, ეკასთვის ეყიდა-მეთქი… ეკასაც ვუყიდეთო, ქეთიმ მითხრა, და იმის შემდეგ აღარ მოსულა ჩემ სანახავად. ჩემი მეუღლე როცა მოვიკითხე, მითხრეს, მივლინებაში გაუშვესო. არავის არ შეეძლო ჩემთან მოსვლა და იმის თქმა, რაც ეკას დაემართა. ხშირად ვკითხულობდი ეკას, ხან რას მეუბნებოდნენ და ხან რას. ბოლოს მითხრეს, ტიბაანშია წასულიო. ეკა სხვანირად თბილი ბავში იყო, მას რომ სცოდნოდა ცუდად ვიყავი, ფეხშიშველი ჩამოვიდოდა სოფლიდან. ამიტომ ეჭვი გამიჩნდა. გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლის შემდეგ დედაჩემმა მითხრა, რაც მოხდა. იმდენად მოულოდნელი იყო, ისეთი დღეში ჩავვარდი, 23 ნემსი გამიკეთეს დასამშვიდებლად, მაგრამ მაინც ვერ გამთიშეს. ოჯახის წევრები მარტო არ მტოვებდნენ, ჩემ საწოლთან ჩემი და და მული, ასე ვთქვათ, მორიგეობდნენ. თავის მოკვლაზე ვფიქრობდი. ერთ ღამეს მეექვსე სართულიდან გადმოხტომა გადავწყვიტე, მაგრამ საწოლიდან რომ ავდექი, გაეღვიძათ, თორემ ახლა ჩემ შვილთან ერთად ვიქნებოდი…
გერმანიაში სამკურნალოდ როცა წამიყვანეს, იქ დამესიზმრა ეკა. მითხრა, მაპატიე, მე ხომ არ ვაგვინებდი არასდროს, მაპატიე მაშინ რომ დავაგვიანე სახლში მოსვლაო, ახლა თბილისში დაგელოდებიო. არაფერს ვნატრობ, გარდა იმისა, რომ მისი მოფერება ისევ მაგრძნობინოს რამემ. სულ იმაზე ვფიქრობ, ეკას როცა ვნახავ, რა უნდა ვუთხრა. მინდა როცა შევხვდები, ვუთხრა, რომ საქართველო ძლიერი და ისეთია, როგორზეც შენ ოცნებობდი-მეთქი.
– ეკას მეგობრებთან გაქვთ ურთიერთობა?
— კი, დღემდე მოდიან ჩემთან. მათით ვცოცხლობ. 25 აგვისტო და 9 აპრილი — ეკას დაბადების და გარდაცვალების თარიღებია. ამ დროს ეკას მასწავლებლები, კლასელები და მათი მშობლები სულ მოდიან. მათ რომ ვხედავ, ასე მგონია, ეკა ცოცხალია, სადღაც აქვეა, ჩემ გვერდით. იმ ტრაგედიიდან ამდენი დრო გავიდა, 27 წელი, მათ კი ისევ ახსოვთ ჩემი ეკა. კლასელებს საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, ისე უყვარდათ ერთმანეთი, ისე თავს ევლებოდნენ ერთმანეთს… ეკას კლასში მხოლოდ ოთხი გოგო იყო, დანარჩენი ბიჭები. როცა ჩემთან მოდიან, ახლა უკვე დიდები, ბიჭები სულ მეუბნებიან, რაც ჩვენ ვერ შევძელით და გავაკეთეთ, ეკამ გააკეთაო — ორი დღე გვაჩუქა, რომ ყოველთვის შევიკრიბოთო.
– დღევანდელი გადასახედიდან რა შეცვალა ცხრა აპრილმა, მოპოვებული დამოუკიდებლობა ღირდა ამ მსხვერპლად?
— არა. ვინც ამ დღეს დაკარგა ოჯახის წევრი, მათ სანუგეშებელს ვერაფერს ვეტყვი. ვერც იმ აზრს დავეთანხმები, რომ დრო ყველაფრის მკურნალია. ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა, მაგრამ რის ფასად? დიდი დრო გავიდა და თითქოს 9 აპრილი მიივიწყეს კიდეც. თუმცა სულ იმას ვამბობ, ოღონდ საქართველო გადარჩეს და ახლანდელმა ახალგაზრდებმა სიკეთე ნახონ და დაე, ჩემი შვილი იყოს იმათი შესაწირი. ყველა ახალგაზრდას ვუსურვებდი, ისე უყვარდეს სამშობლო, როგორც ჩემს ეკას უყვარდა. ეკას პირად დღიურში ეწერა — კაცი ისე როგორ უნდა მოკვდეს, კვალი არ დატოვოსო. ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ რთულია შვილზე საუბარი… უბრალოდ, ის იყო გამორჩეული თავისი სიკეთითა და სიყვარულით. გასულ წელს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა, მათ შორის იყო ჩემი ეკაც.
9 აპრილი ქალბატონი ლალისთვის ტკივილისა და თავისებური სიამაყის დღეც არის – 9 აპრილს მისი შვილი ზვარაკად შეეწირა და 9 აპრილმა ეკა გმირად აქცია…