თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. „პარი სენ–ჟერმენსა“ და „სიტის“, „ვოლფსბურგსა“ და „რეალს“ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოში ეროვნული პირველობის XXIII ტური გაიმართა.
მართალია, უმაღლესი ლიგა ვერც იბრაგიმოვიჩებით დაიტრაბახებს, ვერც სილვებითა და რამოსებით, მაგრამ ამ ტურში სანახავი მაინც იყო.
ქართული ფეხბურთის 61–ე „ელ–კლასიკო“
XXIII ტურის ყველაზე ხმაურიანი შეხვედრა თბილისში გაიმართა ადგილობრივ „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის, რომლებიც პრინციპულ მეტოქეებად გვევლინებიან.
შეხვედრის დაწყებამდე გუნდებს სატურნირო ცხრილში უფსკრული აშორებდა — მთელი 28 ქულა. მაგრამ „დინამოსა“ და „ტორპედოს“ შეხვედრა რაღაც სხვა განზომილებაში ხდება და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ის წითელ ხაზად მიჰყვება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს და პირველობისთვის ბრძოლასაც სცდება და დროსაც.
თუმცა ამას ყველა ვერ გრძნობს, ვერ აღიქვამს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთეულების ხვედრია. მატჩი „დინამო არენის“ ლამის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა. მასპინძლებს „გლადიატორები“ ქომაგობდნენ, რომლებიც თბილისური გუნდის არც ერთ თამაშს არ ტოვებენ, და კიდევ რამდენიმე ათეული ყველაზე ერთგული გულშემატკივარი.
არა და, სანახავი მართლაც იყო. ორივე გუნდმა შემტევი ფეხბურთი აირჩია და ხან ერთ კართან იქმნებოდა საგოლე მომენტი და ხან — მეორესთან. პირველი ტაიმის დამთავრების წინ მასპინძლებს ბედმა გაუღიმა. ნიკოლოზ გელაშვილი „ტორპედოს“ საჯარიმო მოედანზე შეიჭრა და მძლავრად დაარტყა შორეულ კუთხეში. ანგარიში გაიხსნა.
მომდევნო გოლი მხოლოდ 79-ე წუთზე გავიდა, როდესაც „დინამოს“ კარში თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დაინიშნა. გიორგი კუხიანიძის დარტყმა ზუსტი გამოდგა. ისე ჩანდა, რომ თამაში ფრედ — ანგარიშით 1:1 დამთავრდებოდა და პირველი წრის შედეგი გამეორდებოდა.
მაგრამ არბიტრის მიერ დამატებული დროში ბაჩანა არაბულის მიერ ჩაწოდებული ბურთი ქუთაისელ მცველს ხელში მოხვდა. დაინიშნა პენალტი, რომელიც მშვენივრად გამოიყენა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი ქვილითაიამ და ანგარიში 2:1 გახადა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა მეტოქეების თამაში შეაფასა და განაცხადა: „ტორპედო“ პირველი გუნდია, რომელმაც ნამდვილი ფეხბურთი აჩვენა ჩვენ მოედანზე“.
„სამტრედიის“ მორიგი წარმატება
„დინამოსა“ და „ტორპედოს“ მატჩის ფონზე სხვა შეხვედრები, ცოტა არ იყოს, ჩრდილში მოექცა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათში პრინციპული ამოცანები არ წყდებოდა.
კერძოდ, „სამტრედია“ კვალავაც ამტკიცებს, რომ მისი მეორე ადგილზე „აჭრა“ შემთხვევითი არ არის. ამ ტურში გია ცეცაძის გუნდი ბათუმის „დინამოს“ მასპინძლობდა. მეტოქე, იქნებ, არ იყო ყველაზე ძლიერი, მაგრამ ლოკალური ამოცანების გადაჭრას კი განაგრძობს.
თუმცა ყველაფერმა მაინც სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. მატჩის პირველ ნახევარში გოლი არ გასულა, სამაგიეროდ მეორე ნახევარში ორი გოლი გავიდა. 53–ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა თავი, ხოლო კიდევ რვა წუთის შემდეგ დავით ჯიქიამ შეხვედრის საბოლოო შედეგი განსაზღვრა.
„სამტრედიისთვის“ ეს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებაა და გუნდი კვლავინდებურად სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა „გამაგრებული“.
მოქმედი ჩემპიონის გამარჯვება
„დილა“, რომელიც თანდათან უახლოვდება საქართველოს ჩემპიონის ტიტულის ოფიციალურად დათმობას, სეზონს თეთრ–შავი ზოლების მონაცვლეობით ატარებს.
„სამტრედიასთან“ გასული ტურის პრინციპული მატჩის შემდეგ „დილამ“ ჩემპიონატის მესამე ხაზზე გადაინაცვლა და ახლა უჩა სოსიაშვილის გუნდისთვის პრიორიტეტული ამოცანა ამ პოზიციის შენარჩუნებაა, რაც გუნდს უეფას ევროპის ლიგაში მონაწილეობის უფლებას აძლევს.
ამ ამოცანის განსახორციელებლად „დილა“ ლანჩხუთში გაემგზავრა. ადგილობრივი „გურია“, მართალია, ცაზე ვარსკვლავებს არ ეპოტინება, მაგრამ ბრძოლას არ წყვეტს და ქულების დაფანტვაც მაინც და მაინც არ სურს.
მასპინძლები ერთ საათზე მეტხანს აკავებდნენ სტუმრების შეტევას, მაგრამ 81–ე წუთზე მაინც შედრკნენ. ისლამ მაშუკოვის დარტყმა ერთადერთი ზუსტი დარტყმა გამოდგა მატჩში, რამაც „დილას“ ესოდენ აუცილებელი გამარჯვება მოუტანა — როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო თვალსაზრისით.
კონკურენტები არ თვლემენ
XXIII ტურის შედეგები, მართალია, მცირეოდენი ცდომილებით, მაგრამ მაინც იძლევა იმ გუნდების განსაზღვრის შესაძლებლობას, რომლებიც „დილას“ მესამე ადგილისთვის კონკურენციას გაუწევენ.
რჩეულთა წრეს შეიძლება მივაკუთვნოთ „სიონი“, რომელმაც ზედიზედ სამი მატჩის ფრედ თამაშის შემდეგ, როგორც იქნა, გაიმარჯვა „ზუგდიდთან“ შეხვედრაში — ანგარიშით 3:1; და ასევე „ჩიხურა“, რომელმაც „ცხინვალი“ დაამარცხა ანგარიშით 2:1 და იმდენივე ქულა დააგროვა, რამდენიც „სიონს“ აქვს.
აი „ცხინვალსა“ და ბათუმის „დინამოს“ კი, როგორც ჩანს, მომავალ სეზონში ევროპული ვოიაჟის პრეტენდენტთა სიიდან ამოშლა მოუწევთ.
ბომბარდირებს შორის ძველებურად ლიდერობს გიორგი ქვილითაია. თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელის ანგარიშზე უკვე 17 გოლია. მეორე ადგილზეა ოთარ მარცვალაძე „დილიდან“ — 14 გოლით, ხოლო მესამეზე – ბუდუ ზივზივაძე „სამტრედიიდან“ — 13 გოლით.
XXIII ტურის მატჩების შედეგები:
„ჩიხურა“ — „ცხინვალი“ — 2:1
„გურია“ — „დილა“ — 0:1
„შუქურა“ — „მერანი“ — 0:0
„სამტრედია“ — „დინამო“ ბათუმი 2:0
„საპოვნელა“ — „საბურთალო“ — 0:0
„სიონი“ — „ზუგდიდი“ — 3:1
„დინამო“ თბილისი — „ტორპედო“ — 2:1
„ლოკომოტივი“ — „კოლხეთი“ — 1:0
საქართველოს ჩემპიონატის XXIV ტურის მატჩები 10 აპრილს ჩატარდება.