ქართველმა სტუდენტებმა ხის საათები შექმნეს

© FB/ Handy.geსაქართველოში დამზადებული ხის საათები
საქართველოში დამზადებული ხის საათები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრენდ Handy-ს დამფუძნებლებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლა სურთ, მათ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ გამოგონების რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უკვე შეიტანეს.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. მეოთხე კურსის სტუდენტებმა ხისა და ტყავისგან Handy-ს ბრენდით პირველი ქართული საათი შექმნეს.

იდეის ხორცშესხმაში 23 წლის სტუდენტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დაეხმარა. მათ გამოგონების რეგისტრაციის შესახებ „საქპატენტში“ განაცხადი უკვე შეიტანეს.

„გვინდა, რომ ეს საათები, რომლებიც საქართველოში მზადდება, ბრენდი გახდეს და მხოლოდ აქსესუარი არ იყოს“, — განაცხადა ერთ-ერთმა ავტორმა ნიკოლოზ გიგაიამ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

სტუდენტები საათებს 3D-პროგრამაში ამუშავებენ. სამუშაოს ნაწილს ისინი ჩარხზე ასრულებენ, მაგრამ ტყავზე, მექანიზმზე და სხვა დეტალებზე, ძირითადად, ხელით მუშაობენ.

„იდეა დაახლოებით სამი თვის წინ გაჩნდა. მე და ჩემი პარტნიორი სოფო გურასაშვილი დიდი ხანია ვმეგობრობთ და საათებით ვართ გატაცებული. ხეზე მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. ადრე ხისგან პატარა სუვენირებს ვაკეთებდით, ახლა კი საათების გაკეთება გადავწყვიტეთ, რომელსაც აქ არავინ აკეთებს“, — აღნიშნა გიგაიამ.

ახალი საათებით შეიძლება დაინტერესდნენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები — Handy სხვადასხვა მოდელს გვთავაზობს. ამჟამად საათების შეძენა ბრენდის „ფეისბუქის“ გვერდზე შეიძლება. იქვე შეიძლება დამზადებული ნაკეთობების დათვალიერება.

„შეკვეთა ბევრი გვაქვს. თანდათანობით გვინდა ქართულ ბაზარზე გავიდეთ, შემდეგ კი — საერთაშორისოზე. ერთი-ორი წლის შემდეგ საკუთარი მაღაზიის გახსნა გვინდა, მაგრამ ეს ჯერ იდეის დონეზეა. მომავალი გვიჩვენებს“, — აღნიშნა გიგაიამ.

ნიკოლოზ გიგაია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სწავლობს, ხოლო სოფო გურასაშვილი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ყველა ახალი ამბავი
0