ნანა დევდარიანი:არავითარი კრიზისი არ იქნება. უმრავლესობა დიდი ხანია თემატურია. არის საკითხები, რომელზეც სხვადასხვა პარტიები, მათ შორის უმცირესობიდან, მხარს უჭერენ და არის საკითხები, რომელზეც უმრავლესობაშიც კი სხვადასხვა პოზიციაა.
დღეს ხდება ხელოვნური დაყოფა, პროდასავლურად და პრორუსულად. ეს ყველაფერი მარტივად შემოგდებული თემაა. გაცილებით იოლია გამყოფი ხაზი გაავლო ამ ნიშნით და არა პროგრამული ნიშნით.
- რა კონფიგურაციით შეიძლება ვიხილოთ „ქართული ოცნება“ და სხვა პარტიები არჩევნებზე?
— რაც შეეხება მოდელებს, შეიძლება პარტიებმა წინასწარ შექმნან კოალიცია და ერთიანი ძალებით გავიდნენ არჩევნებზე, ისე როგორც მოიქცა 2012 წელს „ქართული ოცნება“. თუმცა, დღეს მაშინდელი საფრთხე მოხსნილია, ამიტომ ცოტა წინ უნდა წავიწიოთ. გამორიცხულია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოქტომბერში გაიმარჯვოს.
ასევე შეიძლება პარტიები ცალ-ცალკე გავიდნენ არჩევნებზე და შემდეგ შექმნან კოალიცია. ეს საკითხი აქტუალური გახდა „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციიდან გასვლის შემდეგ. მათმა წასვლამ და რესპუბლიკური პარტიის უპირატეს მდგომარეობაში ჩადგომამ გამოიწვია ბევრის გაღიზიანება. მოსახლეობის უმრავლესობა რესპუბლიკური პარტიის გარკვეულ იდეებს არ იზიარებს და სავარაუდოდ, არც გაიზიარებს. თუმცა დიდი შანსია, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ ბარიერი გადალახოს.ეს პარტია 2012 წლის შემდეგ ძალიან შეიცვალა და გავლენები გაიძლიერა.
- ძირითადად რაზე იქნება დამოკიდებული არჩევნების ბედი?
— პროცესები დამოკიდებული იქნება დღევანდელი მმართველი ძალის ტაქტიკაზე და იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს არასაპარლამენტო ოპოზიცია. შეიძლება სხვადასხვა ბლოკების მრავალფეროვანი სპექტრი ვიხილოთ, რომლებიც ეცდებიან ერთიანი ძალით მიაღწიონ წარმატებას.
დღევანდელი არასაპარლამენტო ოპოზიციის გადაწყვეტილებებზე იქნება დმაოკიდებული თუ როგორ პარლამენტს მივიღებთ არჩევნების შემდეგ. ჩემი აზრით, ეს იქნება ბევრად მრავალფეროვანი პარლამენტი და წარმოდგენილი იქნება მოსახლეობის სრულიად განსხვავებული ინტერესების მატარებელი პარტიები. საზოგადოებისთვის მრავალფეროვანი პარლამენტი მომგებიანი იქნება.