თბილისის მერმა მეტროს თანამშრომლების გაფიცვაზე კომენტარი გააკეთა

© Tbilisi Transport Companyთბილისის მეტროპოლიტენი
თბილისის მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტროპოლიტენის თანამშრომლები ლარის კურსის ვარდნისა და ღამის ცვლაში მუშაობის გათვალისწინებით, ხელფასის გაზრდას ითხოვენ.

თბილისი, 7აპრილი — Sputnik. თბილისისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებისათვის ხელფასების გაზრდის საკითხი დამოკიდებულია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე“, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ 8 აპრილს გაფიცვას მოაწყობდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობა მათ პირობებს არ შეასრულებს: გაზრდის მათ ხელფასებს ლარის კურსის ვარდნის გათვალისწინებით, ასევე ღამის ცვლაში მუშაობისა და წელთა ნამსახურებისათვის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველი თანამშრომელი. ის თუ რამდენად გაიზრდება ხელფასები მომავალში, დამოკიდებულია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესაძლებლობებზე“, — განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

მოლაპარაკებები გრძელდება და მაქსიმალური გაკეთდება კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში, აღნიშნა ნარმანიამ. 

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ სამშაბათს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” ერთი მილიონი ლარი (დაახლოებით 434,7 ათასი აშშ დოლარი)  გამოყო თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებისათვის წლების ნამსახურების მიხედვით ხელფასების გაზრდისათვის. ამასთან კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლების გარკვეული ნაწილისთვის, კერძოდ, მემანქანეებისთვის ხელფასების მატება არ იგეგმება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მემანქანეებს საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობა შეახსენა და გაფიცვის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე დაფიქრებისკენ მოუწოდა.

თბილისის მეტროპოლიტენის მომსახურებით ყოველდღიურად 300  ათას ადამიანამდე სარგებლობს.


ყველა ახალი ამბავი
0