თბილისი, 7 აპრილი — Spuntik. საქართველოს შსს-ს დეპარტამენტი „112“ საუკეთესოდ აღიარეს ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინაციაში — „ინოვაციური სერვისი“ სმს და ვიდეო-ზარის სერვისით, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია პრაღაში ოთხშაბათს გაიმართა.
„მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს გამარჯვება. ეს ჯილდო ეკუთვნის არა მხოლოდ „112“-ის დეპარტამენტს, არამედ მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა“, — განაცხადა „112“-ის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზეა განთავსებული.
სმს და ვიდეოზარის სერვისი „112“-მა 2015 წლიდან დანერგა. ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს. სმს და ვიდეოზარის სერვისით სარგებლობა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. სერვისი უფასოა და მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. „112“-ში შესულ შეტყობინებებს ჟესტების ენის მცოდნე ოპერატორები იღებენ. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.112.ge.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.
საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის 3 სექტემბერს გახდა.
„112“-ის დეპარტამენტი, გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით, 2012 წელს გაიხსნა.
„112“-ში შესული ინფორმაცია ოპერატიულად გადაეცემა პოლიციას, სახანძრო-სამაშველო სამსახურს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს.