რეჟისორი: არ გვინდა მოვიხარშოთ საკუთარ ტაფაში

© photo: courtesy of Sandro Mrevlishviliრეჟისორი სანდრო მრევლიშვილი
რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა რეჟისორმა თავისი სპექტაკლების რეტროსპექტივა რომ მოაწყოს და განიხილოს თეატრმცოდნეებთან და კრიტიკოსებთან ერთად, იქნებ ამ ფაქტმა ქართული თეატრის განვითარებას ხელი შეუწყოს.

რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავჯდომარის მოადგილეა. გუშინ მისი ინიციატივით თბილისის მუნიციპალურმა თეატრმა „გლობუსმა“, თეატრმცოდნეებისთვის წარმოადგინა სპექტაკლი „პარტახი“, რომელსაც მოჰყვება შემდეგი წარმოდგენები: „შეშლილის წერილები“, „სკამი“ და „მეფე კვდება“. ამ ოთხ სპექტაკლს ახალგაზრდა მსახიობები კიდევ 2-ჯერ ითამაშებენ. სანდრო მრევლიშვილი თეატრის კრიტიკოსებს თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალებას აძლევს, იმის იმედით, რომ შემაჯამებელი შეხვედრა-დებატების შემდეგ, დასი და თეატრმცოდნეებიც სასარგებლო გამოცდილებას მიიღებენ. ჩვენ რეჟისორ სანდრო მრევლიშვილს ვესაუბრეთ.

- ბატონო სანდრო, გაოცებული ვარ თქვენი ჩანაფიქრით და ვერ ამიხსნია…

— ჩვენი ჩანაფიქრი ძალიან ორგანული და უბრალოა. ჯერ ერთი, ყველა სპექტაკლში ჩადებულია მთელი კოლექტივის შრომა; მეორე — ჩვენ ვზვერავთ საინტერესო გზებს; მესამე — ეს სპექტაკლები ახალ სივრცეში თამაშდება; მეოთხე — სპექტაკლში ახალგაზრდები მონაწილეობენ. თანამედროვე თეატრს, მსოფლიოში იქნება ეს თუ საქართველოში, მრავალფეროვანს ვერ ვუწოდებთ, ვინაიდან ძალიან ხშირად მკრთალი ფერებია, მაგრამ მისი ეკლექტიზმი სახეზეა.

ჩვენ გვაინტერესებს თეატრმცოდნეებთან შეხვედრა, იმიტომ რომ არ გვინდა მოვიხარშოთ ჩვენ ტაფაში ან ჭეშმარიტებად მივიღოთ მხოლოდ იმ მაყურებლის შექება, ვინც ყველაფერზე „ბრავო“-ს იძახის. ჩვენ გვინდა დავსხდეთ და ვისაუბროთ პროფესიონალებთან, თეატრმცოდნეებთან. ხედავენ თუ არა რაღაცა ფასეულს იმაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ან რა ელემენტებს ხედავენ, რომლის განვითარება ღირს ან არ ღირს. სიჯიუტე საკმარისი მაქვს და სტანისლავსკიც თავის წიგნს: „ჩემი ცხოვრება ხელოვნებაში“ სიჯიუტით იწყებს, ხომ? მაგრამ თეატრალური პროცესების მიჩუმათება და „ვერ ვხედავ“ — ამ პოზიციიდან ყურება, უმართებულოა და ამიტომ მოვინდომეთ თეატრმცოდნეებთან საუბარი.

- ვთქვათ, მწვავედ გამოხატეს შენიშვნა, თქვენ როგორი რეაქცია გექნებათ?

— ნორმალური! შეიძლება რაღაცაში დავეთანხმო, შეიძლება არა, იმიტომ რომ მე ჩემი მოსაზრება, ჩემი ხედვა მაქვს, მაგრამ ნებისმიერი მოსაზრება წინსვლას ხელს უწყობს. ხომ არის ასეთი ტერმინი — „უარყოფითი ეფექტი“ და ხშირად ეს „უარყოფითი ეფექტი“ უფრო ფასეულია, ვიდრე „დადებითი ეფექტი“.

- რატომ აქვთ თეატრის ხალხს ასეთი მწვავე განცდა კრიტიკაზე, მგრძნობიარე ბუნების გამო?

— ეგეც არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ხშირად შენიშვნები არაობიექტურია, ხანდახან მიკერძოებული და ხანდახან (რაც დასანახია) ვერ ხედავენ.

- რა კრიტერიუმებით განსაზღვრავთ თეატრმცოდნის ობიექტურობას, თუ როგორც რეჟისორი, დააკვირდებით და მის ფსიქოლოგიას ჩაუღრმავდებით?

— არა! ტესტებს, ხომ არ ჩავატარებ? მე მაქვს თვითშეფასების უნარი და თვითკრიტიკულიც ვარ! მე ვიცი, რა არის ჩემ სპექტაკლებში ფასეული და როცა ხედავ, რომ თეატრმცოდნეც დარწმუნებულია, მაგრამ არ აღიარებს, ეს უკვე არაობიექტურობის ნიშანია.

- და რატომ შეიძლება თეატრმცოდნემ არ აღიაროს, არ დაინახოს ფასეული?

— ხანდახან არ იცის, ხანდახან რაღაცა კლანს მიეკუთვნება და იმ კლანის ღალატი არ უნდა, რომ მან ჩამორჩენილად არ ჩათვალოს — ესეც არის! შეიძლება მხოლოდ ფსევდო-ახალის დანახვის უნარი აქვს. მხატვრული საშუალება არ არის ძველი ან ახალი, მთავარია მისი გამოყენების ხერხი, თორემ თეატრში ფარდითაც თამაშობდნენ და უფარდოდაც! ეს ჩვენამდე იყო და ჩვენ შემდეგაც გაგრძელდება.

- ამიტომაც მინდა, თქვენთან შეხვედრა და ურთიერთობა, რომ იქნებ გულახდილ და უშუალო საუბარში უფრო დავხვეწოთ ურთიერთობა თეატრსა და თეატრმცოდნეებს შორის…

— გულნატკენი ვარ, იმიტომ რომ უამრავი კარგი სპექტაკლი დაკარგულია, მიუხედავად იმისა, რომ არც რეცენზიები დამკლებია, არც აღიარება. თეატრის ბედი ასეთია და აქ უკვე ვერაფერს გააწყობ. არისტოტელე ამბობდა: „ნაწარმოები იმ კანონებით უნდა განსაჯო, რომლითაც შექმნილია“. ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ, უნდა გამოვაფხიზლოთ ერთმანეთი…

- თეატრმცოდნეები მოსაზიდად არ დაგიპატიჟებიათ, არა?

— რეცენზიები ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ზოგადი ტენდენციების განსაზღვრა, განსჯა, იქნებ მე ვცდები და მითხარით: „წადი რა, შინ!“

- ანუ იმ შენიშვნებში აიღებთ რაღაცას, არა? თეატრმცოდნეები ალბათ თამამად გამოხატავენ აზრს…

— რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე გამოვედი იმ ასაკიდან და იმ პროფესიული ხვედრითი წონიდან, რომ სხვისი აზრის შემეშინდეს ან დავეთანხმო იმას, რისიც არ მჯერა… შეიძლება მითხრათ: `წადი სახლში, რა სისულელეებს აკეთებ?

- ნეტა სხვა რეჟისორებიც თუ გადადგამენ ასეთ ნაბიჯს?

— ხელს ვინ უშლის?

- მუსიკისა და დრამის თეატრში ყოველი პრემიერის შემდეგ განხილვებს აწყობდნენ. ისე, საინტერესო იდეაა ბატონო სანდრო! წარმოიდგინეთ ყველა რეჟისორმა, რომ მოაწყოს თავისი სპექტაკლების ჩვენება, შემდეგ შეხვედრა თეატრმცოდნეებთან, ალბათ ჩვენ და რეჟისორიც სასარგებლო დასკვნებს გამოვიტანთ.

ყველა ახალი ამბავი
0