თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. თბილისში მცხოვრები ნინო შანშიაშვილი პოტენციური დონორია, მან თავისი ორგანოების სიკვდილის შემდეგ გამოყენებაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ გოგონამ Sputnik-ს თავად უამბო.
საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის ასოციაციის საინფორმაციო ბანკში სულ რეგისტრირებულია 200 ადამიანი, ვინც სიკვდილის შემდეგ დონორობაზე თანხმობა განაცხადა. ნინოს აზრით, ადამიანების პასიურობა ამ საკითხში ნაწილობრივ მათი არაინფორმირებულობით არის განპირობებული.
„ინტერნეტში შემთხევით წავაწყდი ვიღაცის პოსტს, რომელმაც დაწერა, რომ პოტენციური დონორი გახდა. ეს იყო 2009 წელს. არც ვიცოდი, რომ ასეთი რამ საქართველოში არსებობდა და, მახსოვს, ძალიან გამიხარდა. მაშინვე გადავწყვიტე პოტენციური დონორი გავმხდარიყავი, საერთოდ არ მიყოყმანია, უბრალოდ, მაშინვე წავედი და დავრეგისტრირდი“, — აღნიშნა შანშიაშვილმა.
პოტენციური დონორი გახდა ნინოს მეუღლეც. მან, ისევე როგორც ნინომ, გადაწყვეტილება ადვილად მიიღო.
„არ მესმის, რატომ არ უნდა დარეგისტრირდეს ადამიანი, ხომ შეიძლება უზარმაზარი საქმის გაკეთება, როცა აღარ იქნები. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა რაოდენობის ორგანოებით დამმარხავენ. რეგისტრაციის დროს ჩემი ყველა ორგანო მივუთითე, რაც შეიძლებოდა რომ აღმენიშნა, თვალებიც კი. უბრალოდ, არ მესმის, როცა აღარ ვიქნები, რისთვის მჭირდება ისინი“, — თქვა ნინომ.
შანშიაშვილმა ისიც დაამატა, რომ მის გადაწყვეტილებაზე მის ირგვლივ მყოფთა უმეტესობას უარყოფითი რეაქცია ჰქონდა.
„ბევრი რელიგიური თვალსაზრისით იკავებს თავს. ისეთებსაც ვიცნობ, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ე.წ. მეორედ მოსვლის დროს მკვდრეთით აღდგებიან და მერე რომელიმე ორგანოს გარეშე როგორ უნდა იყვნენ? ამის სერიოზულად აღქმა არ შემიძლია“, — აღნიშნა შანშიაშვილმა.
ოცი წლის ნინოს უფლის სწამს, სწამს სიკეთის და მიიჩნევს, რომ რელიგია, პირიქით, უნდა მიესალმოს ადამიანების ასეთ საქციელს.
„ასე შენ სიკეთეს აკეთებ. არ მესმის, ამით როგორ შეიძლება საკუთარ სულს ვავნო. ჩემს შვილს იესო ვუწოდე. მორწმუნე ვარ, მაგრამ მღვდლები ჩემთვის ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორიც მე ვარ“, — დასძინა მან.