ორიოდე დღის წინ ჩვენი პორტალის რედაქცია ძალიან უცნაურმა და „აუხსნელმა“ მოვლენამ შეძრა და სერიოზულად შეაშფოთა. რაღაც უცნაური ხდებოდა, ისეთი, რამაც მთავარი რედაქტორი ლამის საკუთარ ჭკუასაღობაში დააეჭვა.
მოკლედ, საქმე ასე იყო. ქალბატონი რედაქტორი ერევანში მიემგზავრებოდა საქმეზე. საღამოს დარიგება–დავალებები ჩამოგვირიგა, დაგვემშვიდობა და წავიდა. გზაში, ათას სხვადასხვა საკითხზე მომუშავესა და მოფიქრალს უცბად თავში ყავის დიდი, წითელი ჭიქა წამოუტივტივდა, რომელიც, როგორც გაიაზრა, ოფისიდან გასვლისას შენიშნა მისაღებში. რაღაცნაირად შეაწუხა ამ ყავის ჭიქის გახსენებამ, ან ვინ დადგა და ან დამლაგებელი სად იყურება ნეტავო, იფიქრა.
ორიოდე დღეში რედაქტორი თბილისში დაბრუნდა და ჩვეულებისამებრ გამოცხადდა სამსახურში. პირველი, რაც ოფისში შემოსულმა დაინახა „კვასკვასა“ წითელი ფერის ჭიქა იყო, რომელიც მისაღებში თავმომწონედ ელვარებდა.
ახლა კი ნამდვილად წაეკიდა ცეცხლი ჩვენს ზოგადად ძალიან მშვიდ, გაწონასწორებულ და კეთილ ქალბატონ რედაქტორს და საყვედურებით დაგვესხა თავს, ვინ დადო ეს ჭიქა მისაღებში, რა წესია, ორია დღეა იქ დევს და კაციშვილს არ მოგსვლიათ აზრად, რომ აგეღოთ და სამზარეულოში გაგეტანათო. ყველამ მხრები ავიჩეჩეთ, რა ჭიქა, რის ჭიქა, საერთოდაც აზრზე არ ვართ, რაზე გვსაყვედურობთ–თქო.
გამოდით და თქვენი თვალით ნახეთო, გვითხრა და ჩვენც მორჩილად გავლაგდით მისაღებში რედაქტორის მღელვარების მიზეზი წითელი ჭიქის სანახავად. მაგრამ ამაოდ, ის არსად ჩანდა.
რედაქტორმა ერთი კი გამოგვხედა გაოგნებულმა და ხელი ჩაიქნია, მიდით, მიდით, საქმეს მიხედეთო.
გავიდა ცოტა ხანი და ახლა უკვე სერიოზულად გაბრაზებული რედაქტორი ისევ ჩადგა ჩვენი ოთახის კარში: ახლავე გამოდით გარეთ, თქვენ რა, მამასხარავებთ, რა უბედურებაა ეს ჭიქა, ბოლოს და ბოლოსო?!
გავედით. ჭიქა კვლავ არსად ჩანდა. ახლა უკვე ჩვენ ავიჩეჩეთ მხრები და რაღაცნაირად დანანებით შევაცქერდით ამ ჩვენს არაჩვეულებრივ რედაქტორს, რომელსაც გაოცებისგან თვალები შუბლზე ასვლოდა. როგორც მერე გამოტყდა, თურმე შეშინებია კიდევაც, ნეტა ჰალუცინაცია ხომ არ მეწყებაო.
მოკლედ, ისევ დავიშალეთ და მუშაობა განვაგრძეთ.
გავიდა ორიოდე საათი და რედაქტორი კვლავ გამოვიდა დერეფანში, მისაღებისკენ შიშით გაიხედა და რაღა თქმა უნდა, წითელი ჭიქის ელვარებამ კვლავ მოჭრა თვალი. ამჯერად არ დაიბნა, კაბინეტში შევარდა, ტელეფონს ხელი დასტაცა და ჭიქას სხვადასხვა კუთხიდან რამდენიმე სურათი გადაუღო. მერე ამაყი და იმით დამშვიდებული, რომ საკუთარი სიმართლის დამადასტურებელი ფოტოფაქტი ეპყრა ხელთ, გამარჯვებული სახით შემოვიდა ოთახში, ტელეფონი მაღლა ასწია და იკითხა:
— არის თუ არა ეს ჭიქა?!
აშკარად იყო. ყველანი მისაღებში გავცვივდით და… ადგილზე გავშეშდით — ჭიქა არსად ჩანდა!!!
მოკლედ, სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, ბევრი ნერვიულობისა და გაკითხვა–გამოკითხვის შემდეგ, დავადგინეთ, რომ წითელი ჭიქით (რომლის კუთვნილების დადგენა იოლი არ იყო, ვინაიდან რედაქციაში სულ ასეთი, ერთნაირი ჭიქები გვაქვს), რომელიც თავის ნებაზე ჩნდებოდა და უჩინარდებოდა მისაღებში და ლამის ჭკუიდან გადაგვიყვანა მთელი შტატი, ჩვენი ფოტოკორესპონდენტი, ლევან ავლაბრელი „ჟონგლიორობდა“, ოღონდ წინასწარი ბოროტი განზრახვისა და ყოველგვარი ავი გეგმის გარეშე, თავისდაუნებურად. ანუ, გაივლიდა მისაღებში — დადგამდა ჭიქას, გამოივლიდა უკან — აიღებდა; გაივლიდა — დადგამდა, გამოივლიდა — აიღებდა… და ეს ჩვენი ქალბატონი რედაქტორი მაინცდამაინც მაშინ გადიოდა დერეფანში, როცა ლევანი ჭიქას დგამდა, ჩვენ კი მაშინ — როცა ის ჭიქას იღებდა და მშვიდად მიდიოდა თავის ოთახში სამუშაოდ.
ალბათ, ზედმეტია იმის თქმა, რა ჟრიამული და ხორხოცი გამოიწვია ამ ფაქტმა რედაქციაში და რაოდენ ბედნიერები ვართ ყველანი, რომ რედაქტორიც საღ ჭკუაზე გვყავს, ჩვენც არაგვიშავს და რაც მთავარია, საიდუმლოც ამოხსნილია.