მსახიობი ირაკლი კავსაძე ვაშინგტონის გარეუბანში ცხოვრობს, იმ სიმშვიდეში, სადაც ირმები, მელიები, ციყვები და ბაჭიები დარბიან. კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის ვაჟიშვილს, საქართველოში ალბათ არ მოაკლდებოდა შემოქმედებითი ფუფუნება, მაგრამ მან რთული გზა აირჩია და საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა. დღეს ის აღიარებულ სინეტიკის თეატრში მუშაობს, თამაშობს არაჩვეულებრივ როლებს და ჰყავს თავისი მაყურებელი, მაგრამ მას სხვა სამსახურიც აქვს, ვინაიდან „თუ ძვირადღირებული მსახიობი არ ხარ, თავს ვერ შეინახავ. აქ ყველა მსახიობი სადღაც მუშაობს“ — გვითხრა ირაკლი კავსაძემ, მაკბეტის, ლირის, ლორენცოს და სხვა როლების შემსრულებელმა…
- ირაკლი, 15 წელია რაც ამერიკაში ცხოვრობ, შეიძლება თუ არა გიწოდო ემიგრანტი?
— მე მინდოდა ამერიკაში წასვლა და ამას ჩემი მეგობრებიც მახსენებენ, რომ სულ პირზე მეკერა: ამერიკაში უნდა წავიდე! ამერიკა, ამერიკა! მე გამოქცეული არ ვარ! მე შევხვდი ერთ ადამიანს — პაატა ციქურიშვილის, რომელსაც ადრეც ვიცნობდი და ვაფასებდი მის შემოქმედებას. ეს იყო რაღაცა შანსი, რომ ამ პროფესიაში ჩემი სიტყვა მეთქვა(რა თქმა უნდა პაატასთან ერთად), თორემ 90-იანი წლების ყველა ჭირი და უბედურება გამოვიარე, ამიტომ „რაღაცას“ კი არ გავექეცი, უბრალოდ ეს გზა ავირჩიე.
- მეორე ნახევარსფეროდან როგორ ხედავ სამშობლოს?
— ბევრი კარგი ხდება და ბევრიც უსიამოვნო… არის პერსპექტივა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. რამდენი ახალი სპექტაკლი იდგმება, უამრავი ფესტივალია, სტუმრები ჩამოდიან, ერთობლივ ფილმებს იღებენ… მაგრამ ამ ქვეყანაში, ბევრი ისეთი რამ შევამჩნიე, ჩვენ სამშობლოშიც რომ იყოს, კარგი იქნებოდა… მოდით ცოდნაზე ვილაპარაკოთ, განათლებაზე ვილაპარაკოთ! განათლება მარტო წიგნების კითხვა ხომ არ არის? განათლებაა, როდესაც ცხოვრებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვები. ვთქვათ, როცა ვიღაცა ამბობს: ბენზინი აღარ მჭირდება და მჭირდება მარტო ელექტრონი, ეს უკვე სხვა განაცხადია…
- თავისუფლების ცნების განსაზღვრებაში, რით განვსხვავდებით ჩვენ და ამერიკელები?
— ეს აღქმა ინდივიდუალურია! აქ შეიძლება თავისუფლება ვიღაცამ გამოხატოს ულამაზო საქციელში. ჩემთვის ეს არ არის თავისუფლება! თავისუფლება ყველაფრის თქმას არ ნიშნავს, სხვას გული არ უნდა ატკინო, ცილი არ უნდა დასწამო — ეს თავისუფლება აღარ არის.
- შექსპირიც ხომ სვამს საკითხს, რომ თავისუფლებას ღრღნის ჭია და თუ თავისუფლებას ზნეობრივი ორიენტირი არ აქვს, მაშინ საქმე გვაქვს თვითნებობასთან… მაინტერესებს თქვენი თეატრისა და შექსპირის „ურთიერთობის“თემა…
— ჩვენი განაცხადია — შექსპირს ვაკეთებთ უსიტყვოდ! დიდი ხნის წინ, როცა შექსპირის „ჰამლეტი“ უსიტყვოდ დავდგით, აქ ისეთი ამბავი ატყდა, რომ კრიტიკოსებმა ლამის დაგვახურეს… ტექსტითაც გვაქვს სპექტაკლები, „სამი მუშკეტერი“ „სტუმარ-მასპინძელი“…
- და რატომ უსიტყვო შექსპირი?
- ვატყობ, კითხვას სვამთ და შინაგანი პროტესტი გაქვთ, რატომ შექსპირი უსიტყვოდ?
- არა, თბილისში ჩამოდიან დასები არაჩვეულებრივი უსიტყვო სპექტაკლებით და ჩვენთან ეს უცხო არ არის…
— როცა ამერიკაში შექსპირს თამაშობენ, ყველას აქვს პრეტენზია, რომ ბრიტანული აქცენტით უნდა იყოს ეს ყველაფერი. ჩვენ ერთი სპექტაკლი დავდგით, პედაგოგიც მოიყვანეს, დაიწყეს მუშაობა, მაგრამ ყველაფრის დასახვეწად დრო არ ეყოთ. მერე გადავწყვიტეთ, რომ მაინც ამერიკული ინგლისურით ყოფილიყო. ჩვენთან ქართველების გარდა არიან სხვა ეროვნების წარმომადგენლები: ურუგვაელები, სამხრეთ ამერიკელები, რუსები. ჩვენი თეატრი ამერიკაში ერთადერთი ინტერნაციონალური თეატრია. ამერიკულ თეატრებს სცენაზე სხვა ერის წარმომადგენლები არ უყვართ, იმიტომ რომ მათი აქცენტი ყურს ხვდებათ!
- სხვადასხვა ერის წარმომადგენელი ინგლისურად თავისებური აქცენტით საუბრობს…
— და გამოვიდა აჯაფსანდალი… ეს ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ მოდით ვთქვათ ასეც — რატომ არის შექსპირი მხოლოდ სიტყვა? შექსპირში არის ფიქრიც, ქვეტექსტიც, მას აქვს ძალიან ღრმა აზრი, რომელსაც უნდა ჩახვდე, ამოხსნა. სხეულის ენით ვიტყვი, იმიტომ რომ შექსპირში მოქმედებაც არის! ჩვენ ისეთ რაღაცეებს ვეხებით, როგორიცაა, დავუშვათ შექსპირის ფიქრები ან ნაწარმოების არაპოპულარული ადგილები და მომენტები, მერე ერთმანეთს ვუკავშირებთ. შექსპირის დიალოგები, მონოლოგები გიდევს ტვინში, როგორც სამართავი და მისი სიტყვებით სიღრმეში ჩადიხარ და უკვე იმ სიტყვის აზრს თამაშობ.
მე ამას ვერ დავარქმევ პანტომიმას, ჩვენ პანტომიმის თეატრი არ ვართ — ჩვენ ყველაფრის თეატრი ვართ! ჩვენთან მაგრად ცეკვავენ, ნომერ პირველი ქორეოგრაფი გვყავს — ირინა ციქურიშვილი, რომელსაც ამერიკელი ქორეოგრაფები გამწარებულები ჰყავს, სულ ჯილდოებს იღებს, ნომინაციებზე ხომ აღარ ვლაპარაკობ. 2012 წელს „ჰელენ ჰეისის“ დაჯილდოებაზე, ჩვენი „მეფე ლირი“ ყველა კატეგორიის ნომინაციაში გავიდა.
- მაყურებელი ბევრი გყავთ?
— დიახ, მე სხვა თეატრებშიც დავდივარ, მაინტერესებს ვინ ესწრება, რა საზოგადოება დადის და შევამჩნიე, რომ 90% საშუალო ასაკს გადაცილებული ხალხია. ახალგაზრდობა თეატრს სკეპტიკურად უყურებს, იმიტომ რომ მას სხვა ინტერესები აქვს. ჩვენთან ძირითადად ახალგაზრდობა დადის, ჩვენი სპექტაკლები სანახაობრივია, მოქმედება უნდა იყოს, მუსიკა, არ უნდა იყოს გრძელი. ჩვენ კინო-ხერხებსაც ვიყენებთ.
- ირაკლი, ამერიკა რა საშუალებას აძლევს ადამიანს?
— ყველაფრის! რა გინდა რომ გამოამჟღავნო!? შენ ეს თქვი! მეცნიერებაში, შემოქმედებაში! ახლა ბევრს უთქვამს: ჰოლივუდში რატომ არა ხარო… ჰოლივუდში მოხვედრა ადვილი არ არის! ჯერ ერთი, კალიფორნიაში უნდა ცხოვრობდე და ყველა სინჯებზე უნდა მიდიოდე. შეიძლება ასეთი რამ მოხდეს: კალიფორნიაში ჩახვიდე, გაისეირნო სანსეტის ბულვარზე და ლეონარდო დი კაპრიოც ნახო, დაელაპარაკო: „მოდი, კინო გადავიღოთ!“ ასეთი რაღაცაც შეიძლება მოხდეს, არაფერს გამორიცხავ — ეს მართლაც ასეთი ქვეყანაა.
- ირაკლი, ერთხელ ბატონმა კახი კავსაძემ მითხრა: ჩემ შვილიშვილს მსახიობობა უნდა და ვკითხე: „გაუძლებ ტკივილსა და დარტყმებს სულსა და გულში?“ არის თუ არა ეს ტკივილი ამერიკაში?
— რა თქმა უნდა!.. მსახიობი მგრძნობიარეა, მას ძალიან ცოტა სჭირდება, რომ გაახარო და ძალიან ცოტა სჭირდება, რომ გააუბედურო. ეს ქვეყანაზე დამოკიდებული არ არის. მე ამერიკელი არტისტების დრამები მაქვს ნანახი და ტირილი — სინჯებზე არ აიყვანეს! და არის ერთი ამბავი… ამ განცდას, მსახიობის გარდა ვერავინ გაიგებს. ეს კახიმ მარტო ირინკას კი არ უთხრა, მეც მითხრა და ჩემ დასაც: „გაუძლებთ ფსიქოლოგიურ და მორალურ დარტყმებს?“ ჩვენ თეატრში გავიზარდეთ, მაგრამ არ ვიცოდით რა იყო ეს მანამ, სანამ ჩვენ არ აღმოვჩნდით ამ სამზარეულოში.
- ირაკლი, გენატრება საქართველო? გაქვს ნოსტალგია?
— რა თქმა უნდა მენატრება! ქვის გული ხომ არ მაქვს? ნოსტალგია უკავშირდება ტკბილ მოგონებებს, ხომ? მეგობრები გახსენდება, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრები, სადაც ჩემი კოლეგები არიან. ხშირად დედა მახსენდება და მენატრება!
ამას წინათ ფეისბუქზეერთი რეკლამა დადეს, ჩემი და ნინო კასრაძის მონაწილეობით. კომენტარებით მივხვდი, რომ ქართველ მაყურებელს დავავიწყდი, აღარ ვახსოვარ. აქ კი ქუჩაში თუ მეტროში მცნობენ… თვალთახედვიდან გამქრალი ვარ!