ქართული საქმე იტალიაში და მარადიული “Tutte le strade conducono a Roma“

© FB/Nunu Geladzeნუნუ გელაძე
ნუნუ გელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგი უცხოეთში მცხოვრებ იმ ქართველთა რიცხვშია, ვინც სამშობლოში მყოფ ბევრ ქართველზე უფრო ქართულ საქმეებს აკეთებს. პირველად ამ ქვეყანაში იტალიური კულტურის სიყვარულმა ჩაიყვანა, ცხოვრების სიყვარულსაც იქ შეხვდა...

მოგვიანებით საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელი“ დააფუძნა და მისი სახელით ცნობილი იტალიელი და ქართველი მეცნიერების, მწერლების, ფოტოხელოვანების, მთარგმნელებისა თუ მოგზაურების მონაწილეობით ბევრი შეხვედრა, ფესტივალი და საღამო ჩაატარა. იტალიურ გამომცემლობასთან ერთად ქართულ კულტურაზე ჟურნალი და ქართველი ავტორების წიგნებიც გამოსცა. ჩვენს ენაზე არა ერთი იტალიელი ავტორი თარგმნა. დღეს როგორც კულტურათაშორის მედიატორი ნოვარას პროვინციის სკოლებსა და ინსტიტუტებში უცხოელებს იტალიურს ასწავლის. 

ასეთია ქალბატონ ნუნუ გელაძის ქართულ-იტალიური ცხოვრების მთავარი მომენტები. უფრო სრულად საკუთარ თავზე თავად გვიამბობს. 

© FB/ Nunu Geladzeნუნუ გელაძე საქართველოში ერთ-ერთი ვიზიტისას
ნუნუ გელაძე საქართველოში ერთ-ერთი ვიზიტისას - Sputnik საქართველო
ნუნუ გელაძე საქართველოში ერთ-ერთი ვიზიტისას

- ქალბატონო ნუნუ, თქვენი ემიგრაციული ცხოვრება მსოფლიო კულტურის ცენტრში, იტალიაში დაიწყო, სადაც პირველად გაცვლითი პროგრამით ჩახვედით. ამდენად ვფიქრობ, როგორც შემოქმედებით ადამიანს, სხვებისგან განსხვავებით ემიგრაცია ისე ძალიან არ გაგიჭირდათ, თუ ვცდები? 

— ერთი მხრივ, არ ცდებით, რადგან მე იძულებით არ წავსულვარ ემიგრაციაში, უფრო სწორად, სიყვარულმა „მაიძულა“ სამშობლო დამეტოვებინა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ გამიჭირდა… თითქმის მთელი ცხოვრება ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ჩემს მოსწავლეებზე ზრუნვას შევალიე და იმდენად ვიყავი მათზე მიჯაჭვული, თავიდან საშინლად ვიტანჯებოდი პირადი ბედნიერებისთვის ყველა რომ მივატოვე. თუმცა უკანასკნელ ხანს გაადვილებულმა კომუნიკაციამ ყველა ემიგრანტს და მათ შორის მეც სამშობლოს სიშორით გამოწვეული ნოსტალგიური განცდა ერთგვარად შემიმსუბუქა. გარდა ამისა, როცა ხედავ, რომ შეგიძლია აქ უკეთ გამოადგე ქვეყანას, ისე ძალიან აღარ გიჭირს უცხოობაში ყოფნა. პირველად იტალიაში 1991 წელს იტალიელი პოეტის მიწვევით ჩამოვედი. მახსოვს, რომ ეგრეთ წოდებული „კულტურული შოკი“ მივიღე წიგნის მაღაზიაში, რომელიც იმდენად განსხვავდებოდა საბჭოთა უღიმღამო და ღარიბული წიგნების მაღაზიებისგან, რომ იმ ორსართულიან მრავალფროვან და წიგნის ფერებითაც მდიდარ სამყაროში პატარა ბავშვივით აღტკინებულმა ორი საათი ვიტრიალე. 

- რომელი ცნობილი იტალიელი ავტორები თარგმნეთ ქართულად?

— იტალიური ენის შესწავლა დამოუკიდებლად უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავიწყე და დღემდე არ დამისრულებია. იმედი მაქვს, ამას სიკვდილამდე შევძლებ. რუსულიდან თარგმნა კი უფრო ადრე დავიწყე. იმხანად იტალიურ ენაზე ლიტერატურის მოპოვება ჭირდა და ვთარგმნიდი იმას, რასაც წავაწყდებოდი და რაც ცხადია, მომწონდა. ასე ვთარგმნე ტონინო გუერას, ლეონარდო შაშას, დინო ბუცატის, ჯოვანი პაპინის, ალდო პალაცესკის, იტალო კალვინოს, ალბერტო მორავიას, ჩეზარე პავეზეს ესეები და მოთხრობები; მოგვიანებით ასიზელის, კარდარელის, ლადოლფის, ბიზუტის, პოცანის ლექსები. სხვათა შორის, კლაუდიო პოცანის გასულ წელს თბილისის ლიტერატურის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე ვახლდი და ქართველ მკითხველთან მისი შეხვედრა საოცრად წარმატებული აღმოჩნდა. ბოლო წლებში ჩემი ძალისხმევა მიმართულია ქართველი პოეტების პოპულარიზაციისკენ, ამაზე მეტყველებს იტალიაში მიღებული არაერთი პრემია, გამოხმაურება თუ საინტერესო რეცენზია.

© FB/ Nunu Geladzeნუნუ გელაძე ბესიკ ხარანაულთან ერთად
ნუნუ გელაძე ბესიკ ხარანაულთან ერთად - Sputnik საქართველო
ნუნუ გელაძე ბესიკ ხარანაულთან ერთად

- უცხოეთში მცხოვრები გამორჩეული ქართველებიდან ვინ გახსენდებათ?

— არ შემიძლია მოწიწებითა და მადლიერებით არ გავიხსენო, საზოგადოების სულისჩამდგმელი, ნოე ჟორდანიას მთავრობასთან ერთად უცხოეთში გადახვეწილი მიხეილ ყაუხჩიშვილის ქალიშვილი, ემიგრაციაში დაბადებული ცნობილი სლავისტი, ქალბატონი ნინო ყაუხჩიშვილი, რომელიც საქართველოს პირველად 1963 წელს ეწვია და მას შემდეგ, სამშობლოზე ზრუნვა სიკვდილამდე არ შეუწყვეტია. მისი თაოსნობით საქართველოში ჩამოდიოდნენ: ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, ქართველოლოგები და არამხოლოდ იტალიელები, ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები, ვინაიდან მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ევროპის თითქმის ყველა სამეცნიერო წრესთან. მისი ინიციატივით საქართველოსა და იტალიაში ქართული ხელოვნების არაერთი სიმპოზიუმი გაიმართა. გარდა ამისა, ის მატერიალურად ეხმარებოდა-იტალიაში სასწავლებლად წარგზავნილ მეცნიერებსა და სტუდენტებს, ეკონომიკურად შეჭირვებულ ბავშვებს, ბევრ მათგანს იტალიაში მფარველებიც მოუძებნა, რითიც მათი მკურნალობა და სწავლა უზრუნველყო. ხანძრით განადგურებული ნ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტისთვის მატერიალური დახმარების გაწევის გარდა, მან შეაგროვა ის მასალები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში იყო დაცული. ქალბატონი ნინო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. წლების წინ მან მე და ჩემი მეუღლე შინ მიგვიწვია და დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრივით მიმიღო. სულ ათი წელი გაგრძელდა ჩვენი ინტენსიური ურთიერთობა და თანამშრომლობა, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან ჩემს ცხოვრებას და საქმიანობას დიდი კვალია დაამჩნია. 

- ქალბატონო ნუნუ, თქვენ მილანში ქართულ-იტალიური საზოგადოება დააარსეთ, გაიხსენეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საღამოები, რაც მისი სახელით ჩაატარეთ.

— ადვილი წარმოსადგენია, რას ნიშნავდა ასეთი ქართველისთვის თანამემამულეების გაერთიანება და საზოგადოების არსებობა, ამიტომაც საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელი“ დავაფუძნეთ. პირველი ღონისძიება 2005 წელს ნინოობას დავამთხვიეთ და ეს იტალიაში, კერძოდ მილანში ქართველი ემიგრანტების პირველი შეკრება იყო. მას შემდეგ მოყოლებული “სამშობლო გულით სატარებელმა” სამოცზე მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიება, კონცერტი თუ კონფერენცია გამართა იმ ცნობილი იტალიელი და ქართველი მეცნიერების, მწერლების, დოკუმენტალისტების, ფოტოხელოვანების, მთარგმნელებისა თუ მოგზაურების მონაწილეობით, რომელთაც ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში რაიმე ღირებული წვლილი მიუძღვით.

© FB/ Nunu Geladzeნუნუ გელაძე იტალიაში აქციაზე
ნუნუ გელაძე იტალიაში აქციაზე - Sputnik საქართველო
ნუნუ გელაძე იტალიაში აქციაზე

- თქვენმა საზოგადოებამ იტალიურ გამომცემლობასთან ერთად რომელი ქართველი ავტორების წიგნები გამოსცა?

— ჩვენმა საზოგადოებამ მილანის გამომცემლობა „ა ორიენტესთან“ ერთობლივად დასტამბა ამავე სახელწოდების ასგვერდიანი ორენოვანი ილუსტრირებული ჟურნალი, რომელიც მთლიანად ქართულ კულტურას ეძღვნება. ნინოობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებებზე სხვადასხვა დროს საზოგადოებამ დათო მაღრაძის პოეტური კრებულის “სალვეს”, თანამედროვე ქართველ პოეტთა ანთოლოგიის „ვაზი და კალამი“, “ვეფხისტყაოსნის” პოეტური თარგმანის, დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობის“, თეონა დოლენჯაშვილის „მემფისის“ პრეზენტაცია გამართა და ამ ყველაფრის წარმატებით დაგვირგვინებაში, ბოლო წლებია, საქართველოს საელჩო და პირადად ელჩი, ბატონი კარლო სიხარულიძე აქტიურად გვიდგას მხარში. არაერთხელ მითქვამს იტალიაში, ჩემს გამოსვლებში, რომ დიდი ბედნიერებაა ქვეყნისთვის, როცა მისი ელჩი მხოლოდ კარგი დიპლომატი კი არ არის, არამედ ინტელექტუალიცაა და ამიტომაც საკუთარი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას მეტი ყურადღებით ეკიდება და ეს ქართველი მკითხველის გასაგონად ახლაც მინდა მადლიერებით გავიმეორო. 

- ვიცი, რომ თქვენს სიყვარულსაც იტალიაში მიაგენით…

— საერთოდ სიყვარული არც საქართველოში მიძებნია და არც იტალიაში, ის სრულიად შემთხვევით, თავისთავად მოვიდა. ერთმანეთი უცხო ოჯახში გავიცანით და აღარ მომასვენა. სამსახურებრივი მივლინების დამთავრებისთანავე საქართველოში დავბრუნდი და მეგობრებმა შემამჩნიეს, რომ ჩემში რაღაც ხდებოდა. მე კატეგორიულად ვუარობდი, მაგრამ მერე, ლექსებითაც რომ „დამსეტყვა“ და მალევე ჩამომაკითხა, დავყევი ბედისწერის ნებას… ჩემი მეუღლე პროფესიით ეკონომისტია, მოწოდებით პოეტი და ფოტოგრაფი და, რაც მთავარია, ქართული საქმეების კეთებაში ძალიან მეხმარება.

- ქალბატონო ნუნუ, იტალიის ერთ-ერთ პროვინციაში უცხოელებს იტალიურ ენას ასწავლით, დარწმუნებული ვარ, იმ გაკვეთილებზე საქართველოზეც საუბრობთ… 

— ამჟამად კულტურათაშორის მედიატორად ვმუშაობ, ნოვარას პროვინციის სკოლებსა და ინსტიტუტებში უცხოელებს იტალიურ ენას ვასწავლი. რა თქმა უნდა, საქართველოზე ყველგან ვსაუბრობ, ამის საბაბს ყოველთვის ვპოულობ, მით უფრო სტუდენტებთან ურთიერთგაცნობისა და მეტი დაახლოების მიზნით. ჩვენ ხშირად გვიყვარს იმის გამეორება, რომ ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ვგავართ და ასეც არის, მაგრამ ამას პიემონტელებზე ვერ ვიტყვი; მათგან არაერთხელ მსმენია, რომ თავს იტალიელებად არ თვლიან და ამბობენ, კელტების შთამომავლები ვართო. ასე რომ, ჩემი ზედმეტად მგრძნობიარე ქართული ბუნების მორგება აქაურ, ცოტა არ იყოს ცივ ატმოსფეროზე (მათ შორის ბუნებრივზეც) მიჭირს. მაძლებინებს „სამშობლო გულით სატარებლის“ ყოველდღიური საქმიანობა: სატელეფონო ზარები, მთელ იტალიაში გაფანტულ თანამემამულებთან მიმოწერა. ვის საბუთის შევსება სჭირდება, ვის დაკვალიანება, ავადმყოფის ფურცლის, დაბადების მოწმობის ან წამლის რეცეპტის თარგმნა; ვის სასწავლებელში უნდა გაჰყვე ან სასამართლოში, ვის მორალური და სულიერი დახმარება უნდა გაუწიო, საათობით მოუსმინო, თანაგრძნობა და თანადგომა არ მოაკლო, ანუგეშო და დახმარებაც გაუწიო. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიარე ამ გზაზე, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს ჩემი პირადი ინტერესი სამშობლოს ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია…

- და ბოლოს, რომელია თქვენი საყვარელი იტალიური ფრაზა? 

— „Tutte le strade conducono a Roma —ყველა გზა რომში მიდის“. როცა საქართველოში ვცხოვრობდი, მიყვარდა ამ ცნობილი ფრაზის გამეორება, რაც ჩემთვის იმას ნიშნავდა, რომ საკუთარი თვალით მენახა ის, რაც წიგნებით ვიცოდი და მიყვარდა. ახლა ეს გამოთქმა ჩემთვის საწინააღმდეგო მიმართულებით შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ თვალი და გული სულ საქართველოსკენ მიჭირავს…


ყველა ახალი ამბავი
0