გოგლა ჟვანია: მანიაკები არ გვყავს კოალიციაში, რომ არეულობა მოვაწყოთ

გოგლა ჟვანია
გოგლა ჟვანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის წევრი გოგლა ჟვანია კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლასა და სამომავლო გეგმებზე sputnik-თან ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს, რომ კოალიციის დაშლის მიუხედავად პოლიტიკური ოპონენტები მეგობრებად რჩებიან და არჩევნებამდე დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებენ.

გოგლა ჟვანია: გამოიკვეთა განსხვავებები და ბუნებრივია, რომ პოლიტიკური სპექტრი გადაჯგუფდება. ერთ-ერთი მიზანი ამ ფართო კოალიციის შექმნის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, იყო პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღება და პარტიებისთვის თავისუფლების მიცემა. თავად კოალიციაში და ხელისუფლებაში ყოფნა წამახალისებელი ფაქტორია ამ პარტიების განვითარებისა და გაძლიერებისთვის. ყველა შემთხვევაში ეს პროცესი ამ პარტიებისთვის სასარგებლო იყო.
- შესაძლოა თუ არა, რომ არჩევნებამდე დადგეს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი?
— არ მგონია, რომ ასე მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია დაიშალა, ყველა პოლიტიკური ძალა ჩვენი მეგობრები არიან. მტრები ხომ არ გავმხდარვართ? თანამებრძოლები ვართ. იგივე „დემოკრატები“ რომ გავიდნენ და მწვავე დაპირისპირებაც იყო, მნიშვნელოვან საკითხებში მაინც ვთანამშრომლობდით და კარგი ურთიერთობები გვაქვს ერთმანეთთან. ჩვენ ხელისუფლებაში ერთი პასუხისმგებლობით მოვედით. შეიძლება კოალიცია დაიშალა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მანიაკები არ გვყავს კოალიციაში, რომ არეულობა მოვაწყოთ. არ ვფიქრობ, რომ ეს რომელიმე ძალა წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის მოწყობას გადაწყვეტს. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერჯერობით უმრავლესობა არ დაშლილა.
- გაქვთ თუ არა ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე და რა დამოკიდებულება გაქვთ აღნიშნულზე?
— ცოტა რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი. ირაკლი იყო პრემიერ-მინსიტრი და პარტიის თავმჯდომარე და ახლა პარტიის თავმჯდომარე იქნება გიორგი კვირიკაშვილი. სად უნდა ვიხილოთ ადამიანი, რომელიც ყველა პროცესს ხელმძღვანელობდა, არ ვიცი. ცოტა უცნაური იქნებოდა მისი დაბრუნება. ეს უფრო მოარული ჭორი მგონია, ვიდრე რეალობა.
- რა ხდება ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით? არის სიახლეები?
— ვაცხადებდი, რომ საინტერესო სიახლეებს ველოდი. მაგრამ, ეს სიახლეები უკვე უნდა ყოფილიყო. ჯერჯერობით კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვარ.

ყველა ახალი ამბავი
0