თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანში ორი დღის განმავლობაში ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ორი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა, ხუთი — დაიჭრა, აღნიშნულია აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურისა და შსს-ს ერთობლივ განცხადებაში.
„აღდამის რაიონის რიგი საცხოვრებელი რაიონები… 4 აპრილს კიდევ ერთხელ მოჰყვა სომხური შეიარაღებული ძალების მასიური საარტილერიო ცეცხლის ქვეშ. 1954 წელს დაბადებული მწყემსი გარაშ დადაშოვი 4 აპრილს მეჩეთთან ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა“, — აღნიშნულია აღდამის რაიონის პროკურატურის რელიზში. უწყებამ ასევე, ნაღმმტყორცნი ჭურვების აფეთქების შედეგად, ხუთი დაჭრილის შესახებ განაცხადა.
„2000 წელს დაბადებული, სოფელ ჰასანგაიას მკვიდრი თურან ჰასანლი ჭურვის ნამსხვრებებისგან მიყენებული მრავლობითი ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა“, — ნათქვამია რელიზში. ნაღმმტყორცნი ჭურვი მის სახლს დაეცა, აღნიშნულია განცხადებაში.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.
1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.