თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნა. შესაბამისი დოკუმენტაცია კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვალ გადაეგზავნება.
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„დღეს პრემიერმინისტრთან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და კოორდინირებული მუშაობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საქართველოსა და რეგიონის სასიკეთოდ“, — აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები, ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა.
გასული საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2012 წელს შედგა და მმართველ კოალიციას „ქართული ოცნება“ გამარჯვება მოუტანა.