ნიკოლოზ მჟავანაძე: თინა ხიდაშელი შესაძლოა ახალ კიტოვანად მოგვევლინოს

© თ. ჩოჩუანიკოლოზ მჟავანაძე
ნიკოლოზ მჟავანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე მოვლენები Sputnik-თან ინტერვიუში განიხილა.

ნიკოლოზ მჟავანაძე: „ეროვნული ფორუმი“ კოალიციიდან გავიდა, მაგრამ „რესპუბლიკელებმაც“ და „ფორუმმაც“ აღნიშნეს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლებენ და პრობლემებს არ შექმნიან. ამიტომ ამ კუთხით ვითარების დაძაბვა ნაკლებად მოსალოდნელია. მომავალ პარლამენტში რა იქნება, კაცმა არ იცის.

– მოსალოდნელი იყო თუ არა კოალიციის დაშლა?

— პროგნოზირებადი იყო, რომ კოალიცია დაიშლებოდა. კოალიცია შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის მოსაშორებლად. ყველა გაერთიანდა რეჟიმის შესაცვლელად. სააკაშვილი მოიცილეს და ახლა როგორ შეიძლება რესპუბლიკური პარტიის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყოფნა? ისინი იდეურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სხვა მსოფლმხედველობა აქვთ. 

ჩემთვის ისიც გაუგებარია რატომ რჩებიან „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობებზე. წახვიდე ამომრჩევლებთან, აკრიტიკო „ქართული ოცნება“ და ამ დროს მინისტრი იყო?! ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. მაგრამ, ეს ხალხი თანამდებობებს ვერ თმობს. მიმაჩნია, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ეს ადამიანები თანამდებობიდან უნდა გადააყენოს. ახლა თუ არა, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეიქმნება. 

– რას გულისხმობთ?

— ოპოზიცია ქუჩაში გამოსვლას აპირებს, თუ მისთვის სასურველი შედეგი არ დადგება. მათ შორის რომ იყოს რესპუბლიკური პარტია, რა უნდა ვქნათ? ხიდაშელმა ხომ შეიძლება ჯარი სათავისოდ გამოიყენოს? გვახსოვს, როდესაც კიტოვანმა თავისი შეიარაღება გამსახურდიას წინააღმდეგ გამოიყენა. ამიტომ ყოვლად დაუშვებელია მსგავსი ფაქტები. ჩვენ არ გვჭირდება ახალი კიტოვანი. ხიდაშელი კი შეიძლება იქცეს ახალ კიტოვანად. 

– აცხადებდით, რომ მომდევნო პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურა განიხილება. საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია და რამდენად შეესაბამება რეალობას?

— ეს რომ ასე არ იყოს, არ ვიტყოდი. ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ სიაში რომ იქნება, უდავოა. ეს ჩვენთვის ცნობილია. განიხილება საკითხიც, რომ თამარ ჩუგოშვილი გახდეს მომდევნო მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე. ამაზე აქტიურად ფიქრობენ. რამდენად მოხერხდება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს რომ განიხილება, ვიცი. 

– ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე რას ფიქრობთ?

— ღარიბაშვილს აქვს საკმაო რეიტინგი, რომ „ქართულ ოცნებას“ წაადგეს. ივანიშვილმაც თქვა, რომ ღარიბაშვილი დასაკარგი ადამიანი არ არის. მისი დაბრუნება „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ იგი ახალი პარტიით შევიდეს პარლამენტში. არაფერი არაა გამორიცხული.

თენგიზ ჩოჩუა
ყველა ახალი ამბავი
0