თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. იტალიელი კომპოზიტორის, ჯაკომო პუჩინის ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური ნაწარმოები Messa di gloria პირველად აჟღერდება საქართველოს დედაქალაქში, — იუწყებიან ფესტივალის ორგანიზატორები.
Messa di gloria პუჩინის სადიპლომო ნამუშევარია. ის პირველად 1880 წელს შესრულდა წმიდა პოლინოს დღესასწაულისადმი მიძღვნილ ზეიმზე და სკანდალური გამოძახილები მოჰყვა. ერთნი მესას „ხულიგნურსა და აბსოლუტურად არასაღვთისმსახუროს“ უწოდებდნენ, მეორენი კი — იტალიური სასულიერო მუსიკის ახალ სიტყვას.
თავად ავტორის თქმით, Messa di gloria–ს უფრო საზეიმო ხასიათი აქვს, ვიდრე სალოცავი. მოგვიანებით პუჩინიმ ნაწარმოების ზოგი ფრაგმენტი ოპერა „ტოსკაში“, „მადამ ბატერფლაისა“ და „ტურანდოტში“ გამოიყენა.
მესას უჩვეულო ბედი ეწია. პირველი შესრულების შემდეგ ის დიდი ხნით მიეცა დავიწყებას და მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგღა კვლავ აჟღერდა პუჩინის შემოქმედების ამერიკელი მკვლევარის, დანტე დოფილანტინოს წყალობით.
მესა კათოლიკური ღვთისმსახურების ტრადიციულ ლათინურ ტექსტზეა დაწერილი.
ნაწარმოები თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შესრულდება, რომელიც დედაქალაქში 2–12 აპრილს ჩატარდება.
მესას ბელგიური გუნდი Sammartini შეასრულებს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და აფხაზეთის საგუნმდო კაპელასთან ერთად. კონცერტი შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ჩატარდება. დასაწყისი 18:30 საათზე.
ფესტივალში ტრადიციულად მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს აკადემიური და საბავშვო გუნდები და ასევე საზღვარგარეთული კოლექტივები. წელს ფესტივალში მონაწილეობენ ბელგიელი, ლიტველი და უნგრელი მუსიკოსები. მათ შორის არიან ლიტვური გუნდი Aidija და უნგრეთის ქალთა კოლექტივი The Angelica Girls.
საფესტივალო კონცერტების დაწვრილებითი პროგრამა იხილეთ აქ.
თბილისის საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალი 2011 წლიდან ტარდება ყოველწლიურად თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.