თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. დიღომში, ბელიაშვილის ქუჩის დასაწყისში, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე 3D ფორმატის ზებრა-გადასასვლელი გაჩნდა, — იუწყება შსს–ის პრესსამსახური.
ქვეითთა გადასასვლელს სტუდენტები, შს სამინისტროსა და დიდუბის გამგეობის თანამშრომლები ერთობლივად რამდენიმე დღის განმავლობაში ხატავდნენ. ფერად „ზებრა“ გადასასვლელზე მათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სლოგანი „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ დაწერეს.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სასჯელის გამკაცრებას გეგმავს. მალე გზებზე შესაძლოა ფარული პატრულიც გამოჩნდეს.