უწმინდესისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი - ყვავილია

© photo: Sputnik / Denis Aslanovპატრიარქის ორანჟერეა
პატრიარქის ორანჟერეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქს ხშირად უყვარს თავის ორანჟერეაში განმარტოება, ყველაზე უკეთ იქ ისვენებს. უამრავი ყვავილების გარემოცვაში თითქოს ყველაზე ახლოსაა სამყაროსა და ღმერთთან. ვისაც მისი ბაღი უნახავს, არასოდეს დაავიწყდება ის სილამაზე, სიმშვიდე და მრავალფეროვნება, რითაც ეს წალკოტია ცნობილი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება ყვავილებისა და, ზოგადად, მცენარეების მიმართ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ბევრი რამ საქართველოში ამ კუთხით პატრიარქის ინიციატივით შეიქმნა: სამების ბაღის როზარიუმი, საპატრიარქოს მებაღეობის კოლეჯი, ფონდი „გაამწვანე საქართველო“ და სხვა. 

ვისაც უნახავს სამების საკათედრო ტაძრის ბაღში მოლზე ჩაჩოქილი, აყვავებულ ვარდებთან მოჩურჩულე პატრიარქი, ამბობს, რომ ეს დაუვიწყარი, სულისშემძვრელი სანახაობა იყო…

© photo: Sputnik / Denis Aslanovვისაც პატრიარქის ორანჟერეა უნახავს, არასოდეს დაავიწყდება ის სიმშვიდე და მრავალფეროვნება, რაც აქ სუფევს
ვისაც პატრიარქის ორანჟერეა უნახავს, არასოდეს დაავიწყდება ის სიმშვიდე და მრავალფეროვნება, რაც აქ სუფევს - Sputnik საქართველო
ვისაც პატრიარქის ორანჟერეა უნახავს, არასოდეს დაავიწყდება ის სიმშვიდე და მრავალფეროვნება, რაც აქ სუფევს

ალბათ ასევე მოზღვავებული გრძნობებისგან „ფრენდა“ ის ადამიანი, რომელზეც პატრიარქის ორანჟერეის დიასახლისმა, დედა ბარბარემ გვიამბო: 

„საპატრიარქოს ახალი თანამშრომელი შემთხვევით მოხვდა ორანჟერეაში სწორედ მაშინ, როცა აქ იადონები და თუთიყუშები გვყავდა გალიიდან გამოშვებული. ამდენი აყვავებული მცენარე და მათ შორის მოჟღურტულე ჩიტები რომ დაინახა, კაცი ჯერ გაშეშდა, მერე ხელები აღაპყრო და აღტაცებული ჩურჩულებდა — გმადლობთ უფალო,  სამოთხეში ვარ, სამოთხეშიო!"

© photo: Sputnik / Denis Aslanovმნახველები ამ ადგილს სამოთხეს ადარებენ
მნახველები ამ ადგილს სამოთხეს ადარებენ - Sputnik საქართველო
მნახველები ამ ადგილს სამოთხეს ადარებენ

ამჯერად სწორედ ამ სამოთხეზე გიამბობთ, რომელიც პატრიარქის რეზიდენციის მესამე სართულზეა განთავსებული და სადაც მოხვედრა პატრიარქის სტუმრებისთვის დიდი პატივია. 

ირინა ირემაძე უკვე ათი წელია პატრიარქის ორანჟერეის ბინადრებზე ზრუნავს. უჭირს თქმა, რამდენი მცენარეა ორანჟერეაში — „ალბათ, რამდენიმე ასეული“.

© photo: Sputnik / Denis Aslanovპატრიარქის ორანჟერეის "მესაიდუმლე" ირინე ირემაძე
პატრიარქის ორანჟერეის მესაიდუმლე ირინე ირემაძე - Sputnik საქართველო
პატრიარქის ორანჟერეის "მესაიდუმლე" ირინე ირემაძე

განსაკუთრებით ახსოვს პირველი შეხვედრა პატრიარქთან,  როცა მისი ორანჟერეის მებაღე გახდა: დედა ბარბარემ წარმადგინა პატრიარქთან — „უწმინდესო, ირინა მოუვლის თქვენს ბაღსო“, პატრიარქი მომიბრუნდა და მითხრა — „ეს ბაღი მარტო ჩემი არ არის, ეს ბაღი მთელი საქართველოსია და, ესე იგი, შენიცო“.

ირინა ამბობს, რომ უწმინდესს განსაკუთრებით უყვარს ეს ადგილი, ხშირად განმარტოვდება აქ, უსმენს მუსიკას, ყვავილებს… განსაკუთრებით ზამთრის თოვლიან დღეებში, პლედში გახვეული, თითქოს ამ ორანჟერეის ბინადართაგან იღებს სასიცოცხლო ძალებს… 

© FB / Patriarqiუწმინდესს განსაკუთრებით უყვარს ეს ადგილი, ხშირად განმარტოვდება აქ, უსმენს მუსიკას, ყვავილებს…
უწმინდესს განსაკუთრებით უყვარს ეს ადგილი, ხშირად განმარტოვდება აქ, უსმენს მუსიკას, ყვავილებს…   - Sputnik საქართველო
უწმინდესს განსაკუთრებით უყვარს ეს ადგილი, ხშირად განმარტოვდება აქ, უსმენს მუსიკას, ყვავილებს…

სტუმრებიც ხშირად მოჰყავს პატრიარქს ორანჟერეაში. 

— ერთხელ მეცნიერები გვყავდა სტუმრად. მეც თავად იქ გახლდით. ტრაპეზის შემდეგ პატრიარქმა მომმართა — გაგვიძეხ, ირინა,  ჩვენს სტუმრებს ბაღი ვაჩვენოთო. გზად პატრიარქი სტუმრებს მოუბრუნდა და ღიმილით უთხრა: „როცა მოგინდებათ გამახაროთ, ყვავილები მაჩუქეთ“, სტუმრებსაც გაეღიმათ.  პატრიარქის ორანჟერეაში მცენარეთა უდიდესი ნაწილი სწორედ საჩუქარია. თავად პატრიარქსაც ჰყვარებია მცენარეების გაჩუქება. „მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს ჩუქნის“, – ამბობს მებაღე. 

© photo: Sputnik / Denis Aslanovპატრიარქის ორანჟერეა მცენარეთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა
პატრიარქის ორანჟერეა მცენარეთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა - Sputnik საქართველო
პატრიარქის ორანჟერეა მცენარეთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა

უწმინდესის ორანჟერეა მცენარეთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ფიკუსის და არაუკარიას მრავალწლოვანი ბონსაები, ასპარაგუსები, ანთურიუმები, მონსტერები, ყოჩივარდები, დრაცენები, კლივიები, კაქტუსები, ბეგონიები, ორქიდეები და უზამბარული იები… ერთ სივრცეშია მოქცეული ისეთი მცენარეებიც კი, რომელთაც, წესით, სრულიად სხვადასხვა საარსებო გარემო სჭირდებათ. კიდევ უფრო საოცარია ის, რომ აქ ისეთი მცენარეები ყვავის, რაც ოთახის პირობებში წარმოუდგენელია…

— გაზაფხულზე, როცა ორანჟერეას ვალაგებთ, პატრიარქიც იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. გვეუბნება, რომელი მცენარე სად დავდგათ, რომელ ყვავილებს მოსწონთ ერთმანეთთან მეზობლობა — ერთმანეთი უყვართ და ნუ დააცალკევებთო… ყოველთვის ამჩნევს, თუ რომელიმეს მორწყვა მოაკლდა, გასაკრეჭია ან მოიწყინა… ამბობს, რომ მცენარეები ცოცხალი არსებები არიან და მათი გაბრაზება არ შეიძლება.

— განსაკუთრებით თუ უყვარს რომელიმე მათგანი?

— თეთრი ორქიდეები ძალიან უყვარს,  ასევე ფიკუსის ბონსაი. რომელ მცენარესაც უჭირს მასთან მიდის, ეფერება, თითქოს ეხუტება… მონაზვნებმა მიამბეს, ერთხელ საპატრიარქოს ეზოში ხე ყოფილა მოსაჭრელი. სანამ მებაღე იარაღების მოსატანად ყოფილა წასული, პატრიარქი ხესთან მისულა, ბოდიში მოუხდია და დამშვიდობებია… ცრემლები მოსდგომიათ მონაზვნებს თვალებზე.

© photo: Sputnik / Denis Aslanovუწმინდესს თეთრი ორქიდეები განსაკუთრებით ჰყვარებია
უწმინდესს თეთრი ორქიდეები განსაკუთრებით ჰყვარებია - Sputnik საქართველო
უწმინდესს თეთრი ორქიდეები განსაკუთრებით ჰყვარებია

პატრიარქის ერთ-ერთ ქადაგებაში ვკითხულობთ:

„ხეები მგრძნობიარენი არიან, თვალისათვის ძნელად შესამჩნევია, მაგრამ სიყვარულს ამჟღავნებენ მათი მზრუნველის, მომვლელ-პატრონის მიმართ. საოცარ ძალას იჩენენ დიდი გრძნობითა და სიყვარულით დარგული ნერგები. თუ მათ გულისყურს მივუგდებთ, იქნებ ისიც გაგვახსენდეს, რომ ოდესღაც, სულ თავიდან, როცა ედემის ბაღში ვცხოვრობდით, ყველას გვესმოდა ეს ენა. მერე კი, როცა ჩვენი ნებით ედემი დავკარგეთ, ეს ცოდნაც დაგვეკარგა. ახლა არც ისე კარგად ვართ. ჩვენს ეზოებში, ან თუნდაც კორპუსის ციცქნა აივნებზე, სადაც მიწას გამოქცეულები ვცხოვრობთ, ნელ-ნელა მძიმე ფიქრებით ვითრგუნებით. აღარც ხეებს ვრგავთ, აღარც ყვავილებს, რომელზეც დილის ნამი ისე ბრწყინავს, რომ მასთან ნადვილი მარგალიტი არაფრად გეჩვენება, სადაც ჩიტები გალობით გახსენებენ, რომ გახუნებული ყოფის გარდა არსებობს ფერადი, სიცოცხლით სავსე ბუნება, რომლის შვილიც ხარ. ამიტომაც ბუნებას უნდა მიაშურო მაშინაც, როცა ძალიან შეწუხებული ხარ, რადგან ის განუგეშებს, ანდა როცა ძალიან გიხარია, რადგანაც ის გაიზიარებს შენს დიდ სიხარულს“.

- უწმინდესი ხშირად გვეუბნება,  რომ ნებისმიერი მცენარე ცოცხალია და ყველაფერს გრძნობს,  უნდა დალოცოთ ხშირადო. ამიტომ გვასწავლა ასეთი ლოცვა: „გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ“ და სულ დალოცვილები იქნებით მათგანო.

 

ყველა ახალი ამბავი
0