თადაყირა დაკიდებული პეპი და “მხიარული რეცეპტები“ მარიამ წიკლაურისგან

© მ. წიკლაურის პირადი არქივიმარიამ წიკლაური
მარიამ წიკლაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
2 აპრილს საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საბავშვო მწერლისა და პოეტის მარიამ წიკლაურის ახალი საბავშვო კრებულის “მხიარული რეცეპტები“ წარდგენა მოხდება.

თეონა გოგნიაშვილი

ხელოვანმა გასული წლის 17 მარტს სოციალურ ქსელში შექმნა ღია ჯგუფი, რომლის გვერდიდანაც მეგობრებს აცნობა, რომ საბავშვო წიგნის გამოცემისთვის ემზადებოდა. მან გადაწყვიტა ჯერაც გამოუცემელი საბავშვო წიგნი წინასწარ გაეყიდა და საამისოდ ვირტუალური ქვეყანა “წმლანდია” შექმნა. შეგახსენებთ, რომ ეს მარიამ წიკლაურის რიგით მე-15 საბავშვო წიგნია.

გადავწყვიტეთ, მწერალს პრეზენტაციამდე დავკავშირებოდით.

– ქალბატონო მარიამ, ცნობილია, რომ საკუთარი წიგნის გავრცელებისთვის თქვენ უცნაურ მარკეტინგულ ფორმას მიმართეთ. თუ გამოიღო ამან შედეგი?

— დიახ, გადავწყვიტე, რომ ჩემი ახალი წიგნი მის გამოცემამდე გამეყიდა. გეთანხმებით, ეს მარკეტინგის მართლაც უჩვეულო ფორმაა. საამისოდ სოციალურ ქსელში შევქმენი სპეციალური ჯგუფი. წიგნის წინასწარი საფასური 20 ლარით განისაზღვრა, ეს თანხა ბანკში მითითებულ ანგარიშზე მყიდველის გვარ-სახელით ირიცხებოდა. ბევრი ეჭვს გამოთქვამდა, რომ ასეთ განზრახვას შედეგი არ მოჰყვებოდა, მაგრამ სინამდვილეში საგამომცემლო თანხა, სულ რაღაც ორ თვეში შეგროვდა. ამ აქციამ ერთგვარი ორგინალური მარკეტინგული თამაშის სახე მიიღო და გარკვეული თანხა წიგნის გამოსაცემად საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმაც გაიღეს. ამ აქციის სიმბოლოდ ტოტზე თავუკუღმა დაკიდებული პეპი იქცა. ამას თავისი ახსნაც ჰქონდა: წიგნის გამოცემის საქმეც ხომ თავუკუღმა დაიწყო? წიგნი ჯერ გაიყიდა, ხოლო შემდეგ გამოიცა. წიგნი საგამომცემლოდ 6 თვეში გამზადდა. ამის მერე საქმეში ჩაერთო შპს სტამბა “სეზანიც”, რომლის წარმომადგენელი მანანა კარტოზია ამ აქციის მონაწილე და წინასწარმყიდველიც იყო.

– ალბათ წიგნის პრეზენტაცია 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს შეგნებულად დაამთხვიეთ? 

— დიახ, ეს დღე 1967 წლიდან აღინიშნება და იგი ასევე ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეც გახლავთ. აქციის მსვლელობისას პარალელურად ბევრი საბავშვო სიმღერა იქმნებოდა. 2 აპრილის საღამოს სწორედ ამ კრებულში შესულ ლექსებზე შექმნილი ახალი საბავშვო სიმღერები გაჟღერდება. კომპოზიტორ ნინო ჩხიკვაძის მიერ დაწერილ ამ სიმღერებს ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდიის პატარა აღსაზრდელები შეასრულებენ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ აქციის აქტიურ მხარდამჭერებს სხვადასხვა “წოდება” მიენიჭათ, მაგალითად “წმლანდიის“ უმაღლესი ჯილდო განსაკუთრებული შეუპოვრობისთვის, ასევე მხარდაჭერისა და ქომაგობისთვის 7 წმლანდიელს “ჩიპოლინოს ოქროს ჯვარი” გადაეცათ. მათგან ერთ-ერთი ხატია მაღლაფერიძე ამ აქციის ადმინისტრატორი და ხელმძღვანელი გახლდათ. პრეზენტაციაზე მოსული ადამიანები ბანკის ქვითრის წარდგენის საფუძველზე წინასწარ შეძენილ წიგნებს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ შეგროვილი თანხით გამოცემული წიგნების გარკვეული ნაწილი ფერეიდნელ ქართველ ბავშვებს გადაეცემათ. 

© მ. წიკლაურის ფოტოარქივიმარიამ წიკლაურის "მხიარული რეცეპტები"
მარიამ წიკლაურის მხიარული რეცეპტები - Sputnik საქართველო
მარიამ წიკლაურის "მხიარული რეცეპტები"

– რა რეცეპტებს აწვდით პატარა მკითხველებს, რაში დაეხმარება ისინი მათ?

— ეს კრებული დაეხმარება ყველას, ვისაც სურს დაეუფლოს ენას, გაიმდიდროს წარმოსახვა, ფანტაზია, სიტყვათა მარაგი და ეს ყველაფერი ხალისით აკეთოს. წიგნი რამდენიმე თავისგან შედგება. მასალა წარმოდგენილია ასაკისა და თემების შესაბამისად. 

– ვიცი, რომ თქვენ ახალი ზღაპრული პერსონაჟებიც გამოიგონეთ…

— მე გამოვიგონე რამდენიმე ახალი პერსონაჟი საბავშვო ლიტერატურაში, მაგალითად: დევები, რომლებიც ადრე მოიხსენიებოდნენ. ისინი საბავშვო სამყაროში შემოვიყვანე და მათ საინტერესო ისტორიებიც გამოვუგონე. დევების სახელებია: მელანია, ანგელინა, შავშალიკა, მიგრი, თადია, ბაჭიჭაური – ეს უკანასკნელი ყველაზე ბოროტი და უკულტურო დევია დევებში. ვფიქრობ, ბავშვები მის ისტორიას რომ გაეცნობიან, არ გაუჩნდებათ სურვილი, რომ მას ჰგავდნენ. საერთოდ მინდა, რომ ყველა ავტორის კარგი წიგნი აქტიურად იკითხებოდეს და სკოლებისა და ბაღების პედაგოგებმა, მშობლებმა არ დასვან კითხვა: დღეს საბავშვო ლიტერატურას კიდევ წერს ვინმეო? მინდა, რომ ახალი წიგნების ავტორებს ყველა იცნობდეს.

– თავად მარიამ წიკლაური როგორი ბავშვი იყო?

— ბავშვობაში სულ ვოცნებობდი, რომ გავიზრდებოდი, დავწერდი წიგნს "გოგონა წითელ კაპანოებში", ანუ წითელ ბოტებში. რა ვიცი, ასეთი წიგნი ჯერ არ დამიწერია, თუმცა ალბათ უნდა დავწერო და ის უკვე რიგით მეთექვსმეტე იქნება.

– დიდი მადლობა და ბავშვობის ყველა ოცნების ასრულებას გისურვებთ.

ყველა ახალი ამბავი
0