ნინი რაზმაძე
83-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი ეკა გვრიტიშვილი რამდენიმე დღის წინ, ისევე, როგორც სხვა ბაღის დირექტორები, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ქალბატონი ეკა სამსახურიდან დათხოვნის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
– როგორ მოხდა თქვენი თანამდებობაზე დანიშვნა?
— 2007 წლის 24 სექტემბრიდან ვმუშაობდი 83-ე ბაგა-ბაღში, სადაც კონკურსის გავლის შემდეგ დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე. მერიას კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა და ჩავაბარეთ ურთულესი გამოცდები. გამოცდების ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საბაბი არავის ჰქონია. დღეს ჩვენ არაკომპეტენტურობასაც გვაბრალებენ, ამიტომ მსურს საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდო. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია კონკურსის შედეგების თაობაზე. ქულების მაქსიმალური შედეგებით მესამე ვიყავი. მერიამ, რომლის დაქვემდებარებაშიცაა ბაღების სააგენტო, წესდებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, კონკურსის კანდიდატის ასაკობრივი ზედა ზღვარი 60 წელი იყო. ბაღების გამგეების 99%-მა სწორედ ამის გამო ვერ მოახერხა იმავე თანამდებობის დაკავება, რადგან ასაკის გამო კონკურსში ვერ გავიდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავ, იმ წელს კონკურსის წესით ვინც დავინიშნეთ, უკანონოდ არავის ადგილი არ დაგვიკავებია და, ასე ვთქვათ, არ „გაგვიგდია“. ჩვენ წარმატებით ვასრულებდით საკუთარ მოვალეობებს, თუმცა, დღეს აღმოჩნდა, რომ დირექტორის თანამდებობას პროფესიული უნარ-ჩვევებით არ შევესაბამებით.

– თქვენი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია როგორ გაიგეთ?
— მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური ჩვენს საბუთებს რომ ამოწმებდა, ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდა. ერთი თვით ადრე დაახლოებით 20-მდე ბაღის დირექტორის საბუთი გამოითხოვეს. და ყველა შემთხვევაში დასკვნა ერთი და იგივე იყო. მერწმუნეთ, ყველა არსებულ ბაღში რომ ჩატარდეს შემოწმება, მონიტორინგის სამსახურის დასკვნა იგივე იქნება, რადგან ეს სისტემური ხარვეზია და არა დირექტორის ბრალეულობა. არც ერთი დირექტორი, რომლის საბუთებიც იყო გამოთხოვილი, სხვა შედეგს არ ელოდა. გათავისუფლების ბრძანება კი სააგენტოს კადრების სამსახურის უფროსმა გადმოგვცა.
– თქვენ დარღვევებზეც საუბრობთ, ამბობთ, რომ თქვენი ასეთი ფორმით გათავისუფლება არ შეიძლებოდა…
— ბაღების სააგენტოდან დღეში სამ დირექტორს უკავშირდებოდნენ, 6 საათისთვის სამივეს ერთად იბარებდნენ და გათავისუფლების ბრძანებებს აძლევდნენ. შრომის კოდექსის თანახმად, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პირს ერთი თვით ადრე, გარკვეულ შემთხვევებში კი სამი დღით ადრე მაინც უნდა ეცნობოს. ამ თვალსაზრისით ჩვენთან მიმართებით პროცედურული დარღვევა მოხდა. ჩემი აზრით, ბაღების სააგენტოს აუდიტის სამსახურის წარმომადგენელსა და ბაღების დირექტორების შეხვედრის ორგანიზება უნდა მოეხდინა, ჩვენ შორის კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო და დასკვნა შემდეგ დაწერილიყო. აუდიტმა, რომელიც დაწესებულების ფინანსურ ანგარიშებს ამოწმებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოს. აუდიტის სამსახურის დასკვნაში კი ეწერა — დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის გათავისუფლდეს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან. არც ერთ აუდიტს ამის დაწერის უფლება არ აქვს.
– თქვენთან ერთად რამდენი დირექტორი გაათვისუფლეს?
– გათავისუფლების შესახებ ბრძანება ცხრა დირექტორს უკვე გადაეცა. სხვებთან მიმართებითაც აპირებდნენ მსგავსი უკანონობის ჩადენას და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამ ფაქტმა საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია, მათ ვერ გაბედეს წინასწარ დაწერილი და გამზადებული ბრძანებების ადრესატებისთვის გადაცემა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ დღეებში ბაღების სააგენტო ცდილობს აღნიშნული დასკვნების შეძლებისდაგვარად გადაკეთებას. ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ თუ ყველა ბაღში თითქმის ერთნაირი ხარვეზი აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა, მაშინ საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს. მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს განცხადებით მივმართე და გამოვითხოვე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ ბაღში ჩატარდა მონიტორინგი, იყო თუ არა ეს შემოწმების პირველი შემთხვევა და რა სახის რეკომენდაციები გასცეს. თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

— გათავისუფლების მოტივი ყველა დირექტორთან მიმართებით ერთნაირი იყო?
— განსხვავება მხოლოდ ბაღის ნომერს, დირექტორის ვინაობასა და კვებისთვის გაწერილ თანხებშია. 2015 წლის პირველ ნახევარში ბაღებში სხვა მენიუ იყო და ყველას პროდუქტებით ინდივიდუალური მომწოდებელი გვამარაგებდა. გასული წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში კი ბაღებში პროდუქტი ტენდერში გამარჯვებულ ფირმებს შემოჰქონდათ და ყველა ბაღისთვის საერთო მენიუ შემუშავდა, გაიზარდა კალორაჟიც — ბავშვზე 1583 კკალორია. დამეთანხმებით, ასეთი მაღალი კალორაჟი ხარჯებთან პირდაპირაა დაკავშირებული. სააგენტომ კვების ფორმულა (კვების თანხის ანგარიში) იგივე დატოვა, არ შეცვალა და, საბოლოოდ, ბავშვთა კვების გაზრდილი ხარჯები შეგვრჩა. კვების თანხის გარდა ვაუჩერი სახელფასო და კომუნალურ გასავლებსაც ითვალისწინებს, ბაგა-ბაღების სააგენტომ კი მხოლოდ კვებაზე გაამახვილა ყურადღება.
მინდა ჩვენი აღსაზრდელების მშობლებს ვუთხრა, რომ ბაღის დირექტორები მათი შვილების კვებისთვის განსაზღვრულ თანხას არ ფლანგავდნენ. როცა ნაშთი რჩებოდა, ამ თანხით ბაღისთვის საჭირო ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს ვატარებდით — ვყიდულობდით წიგნებს, სათამაშოებს… ჩვენ ხელთ გვაქვს ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორის თემურ თორდინავას წერილი, რომლის თანახმადაც, თანხების განკარგვისას უფლება გვქონდა პრიორიტეტები თავად დაგვესახა. არ ყოფილა მოთხოვნა, საქმის კურსში ჩაგვეყენებინა სააგენტო და ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის თანხის ნაშთის შემთხვევაში წიგნს, სათამაშოს თუ ჭურჭელს შევიძენდით.
დღეს კი, როდესაც სააგენტო ხმამაღლა აცხადებს, რომ ბაღის ხარჯებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო, სრული აბსურდია, იმიტომ რომ ყველა შეხვედრაზე, რომელთა უმეტესობას თავად თორდინავაც ესწრებოდა, თითოეული თეთრის გახარჯვას მასთან ვათანხმებდით. საინტერესოა, თუ საქმის კურსში არ იყვნენ, მაშინ 160-ვე ბაღში მეტობით თანხას რატომ რიცხავდნენ და შემდეგ აღარ კითხულობდნენ სად მიდიოდა ნაშთი?! დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ასე მიზანმიმართულად იქცეოდნენ, რათა საჭიროების შემთხვევაში ეს გამხდარიყო ბაღების დირექტორების მასობრივი გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი.
– ბაღების დირექტორების მასობრივ გათავისუფლებას საზოგადოებაში პოლიტიკური სარჩული დაედო…
– პოლიტიკურ სარჩულს და მსგავს კითხვებს არსებობის საშუალებას თავად აძლევენ. მერია დღემდე აგრძელებს ბინძური კამპანიის აგორებას. მხოლოდ მათ განცხადებებში ისმის, რომ ჩვენ ამ ფაქტის პოლიტიზებას ვცდილობთ. მადლობა მათ ამ რჩევისთვის, თუმცა ჩვენ ჩვენი სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებული გვაქვს. იყო თუ არა ეს პოლიტიკური დევნა, ამ კითხვაზე პასუხს მომავალში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს.

— როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას?
– მოქმედების მოკლევადიანი გეგმა გვაქვს. გვსურს ქალაქის მერს შევხვდეთ და სრულად ავუხნათ სიტუაცია, თუმცა, მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, დაკონტაქტება ვერაფრით მოვახერხეთ — ტელეფონს არ პასუხობენ ან გვითიშავენ. თავად მათი მხრიდან არავინ შეგვხმიანებია. სამართლებრივი გზა ჩვენთვის ცნობილია და გათავისუფლების ბრძანების მიღებისთანავე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. დოკუმენტაცია 18 ბაღიდან იყო გამოთხოვილი, ამ დროისთვის გათავისუფლებულია ცხრა დირექტორი, დანარჩენებს კი უფლებამოსილება დროებით შეჩერებული აქვთ.
იმედი გვაქვს, რომ სამართლებრივი გზით ბრძოლა შედეგიანი იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ჩავრთავთ ამ პროცესში, ქალაქის საკრებულოსაც მივმართავთ თხოვნით, რომ გამოიყოს სარევიზიო კომისია, რომელიც შერჩევითი პრინციპით შეამოწმებს აუდიტის უარყოფითი დასკვნის მქონე ერთ ბაღს და მეორე ბაგა-ბაღს, რომელშიც აუდიტი არ შესულა. მერწმუნეთ, ორივე შემთხვევაში სურათი ერთნაირი იქნება, თუ ამ პრინციპით გაგრძელდება „გამოძიება“.
– თქვენ ახსენეთ, რომ დირექტორების გათავისუფლებას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ…
– არასდროს მქონია ხარვეზი. მე ვიყავი ყველა იმ პროექტისა და წამოწყების თანაავტორი, რაც რვა წლის განმავლობაში რეფორმის პროცესში მიმდინარებდა. 2007 წლიდან ინკლუზიური განათლება ექვს ბაღში დაინერგა და ერთ-ერთი ჩვენი ბაღი იყო.
ხელის შეშლის სხვადასხვა მცდელობები, რა თქმა უნდა, იყო, თუმცა ბაღი იმდენად გამართულად მუშაობდა, რომ მათ აბსურდულ მოთხოვნებსაც კი აკმაყოფილებდა. შეიძლება გაეზომათ სტაფილოს, კარტოფილის გარშემოწერილობა ან სიგრძე. ხელშეკრულების თანახმად, სტაფილო 16-17 სანტიმეტრი სიგრძის უნდა იყოს, და თუ იყო ამაზე მეტი, იყო კითხვები — რატომ არ მივაქციეთ ყურადღება, რომ სტაფილო 28-სანტიმეტრიანია?! მათი ამ განწყობის მიუხედავად, ისინი ვერ მოგვედავნენ, რადგან მომწოდებელი თუ შემოიტანდა არასათანადო ზომის პროდუქტს, უკან ვატანდით. იყო თანამშრომლების მოსყიდვის მცდელობებიც, თუმცა უშედეგოდ. მინდა ჩემს კოლეგებს, რომლებიც თანამდებობებზე კვლავ რჩებიან, მხნეობისკენ მოვუწოდო და იცოდნენ, რომ ჩვენ არა მარტო ჩვენი, არამედ მათი უფლებებისთვისაც ვიბრძვით.