„რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

გამოწერა
„რესპუბლიკელები“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მმართველი კოალიციიდან არ გადიან.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება საქართველოში „რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა არ ტოვებს კოალიციას, — განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

„რესპუბლიკელების“ მმართველი კოალიციიდან გასვლისა და „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობიდან წასვლის აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ვიცე–პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის, თუ მმართველი კოალიციის წევრი პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ცალ–ცალკე მიიღებენ.

„მომავალი არჩევნების თაობაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში "უმრავლესობებიდან" "რესპუბლიკელების" ავტომატურ და დაუყოვნებლივ გასვლას“, — განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე.

კოალიციასთან შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განახლდება „ქართული ოცნების“ შემადგენლობა. თუმცა თანამშრომლობა შეუძლებელი იქნება, თუ ცალკეული პირების განცხადებები პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენას მოახდენს, — აღნიშნა მან.

„შევეცდებით, ჩვენი ნაბიჯების გამო არ გაჩნდეს კითხვები ქვეყნის სტაბილურობისა და ხელისუფლების კურსის თაობაზე“, — განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

ხათუნა სამნიძის თქმით, „რესპუბლიკელი“ მინისტრები განაგრძობენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესრულებას.

„ფრაქცია „რესპუბლიკელები“ იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა უმრავლესობის ფორმატში წინასწარ შეთანხმებული საკითხებისა“, — ხაზი გაუსვა სამნიძემ.

ამ დროისათვის „რესპუბლიკელებს“ სამი მინისტრი ჰყავთ მთავრობაში: თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება პარლამენტს, „რესპუბლიკური პარტია“ საკანონმდებლო ორგანოში ათი დეპუტატითაა წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0