თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელდა სექსუალური ხასიათის ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ქართველი პოლიტიკოსი მონაწილეობს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, ვიდეოკადრები რამდენიმე ქართველმა ჟურნალისტმა „ფეისბუქში“ მიიღო.
საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით უკვე სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული.
საქართველოს პროკურატურამ 15 მარტს განახცადა, რომ გახსნა სექსუალური ხასიათის კადრების გავრცელების მცდელობა 2015 წლის დეკემბერში გაზეთ „ქრონიკა +“-ის მეშვეობით. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია 4 ადამიანი, ხოლო ერთს წარედგინა ბრალდება.
პროკურატურა იძიებს კიდევ ორ საქმეს. Youtube-ზე 11 და 14 მარტს გამოჩნდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ. პირველ ჩანაწერში, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა, იდენტიფიცირებული იყო ვიდეოზე აღბეჭდილი პოლიტიკოსი, თუმცა 14 მარტს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა აღარ მიუთითა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დაფარა. ის ასევე დაიმუქრა, რომ მალე გამოაქვეყნებს ვიდეოს სხვა ქართველი მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სექსუალური ხასიათის სკანდალური ვიდეოკადრები ქართველ პოლიტიკოსებზე სოციალურ ქსელში უკრაინიდან, შვედეთიდან და ლიტვიდან აიტვირთა.