თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ ახალ საქმეზე მთავარ პროკურატურაში სამი ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სოციალურ ქსელში ხუთშაბათს კვლავ გავრცელდა სექსუალური ხასიათის ვიდეო, რომელშიც ქართველი პოლიტიკოსი მონაწილეობს. ამჯერად კადრები საჯაროდ არ გავრცელებულა, არამედ „ფეისბუქის“ ცალკეულ მომხმარებლებს ყალბი აკაუნტით გაუგზავნეს. ვიდეო უკვე დაიბლოკა.
ტელეკომპანიის მონაცემებით, ამჟამად პროკურატურაში მიმდინარეობს მათი ტელეწამყვანის ირაკლი ყურაშვილისა და მსახიობისა და ჟურნალისტის მაკა ბარბაქაძის დაკითხვა, რომლებმაც ეს ვიდეო მიიღეს.
ტელეკომპანია ასევე იუწყება, რომ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნელყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.
Youtube-ზე 11 და 14 მარტს გამოჩნდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ. პირველ ჩანაწერში, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა, იდენტიფიცირებული იყო ვიდეოზე აღბეჭდილი პოლიტიკოსი, თუმცა 14 მარტს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა აღარ მიუთითა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დაფარა. ის ასევე დაიმუქრა, რომ მალე გამოაქვეყნებს ვიდეოს სხვა ქართველი მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით.
სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სექსუალური ხასიათის სკანდალური ვიდეოკადრები ქართველ პოლიტიკოსებზე სოციალურ ქსელში უკრაინიდან, შვედეთიდან და ლიტვიდან აიტვირთა.
საქართველოს პროკურატურამ 15 მარტს განახცადა, რომ გახსნა სექსუალური ხასიათის კადრების გავრცელების მცდელობა 2015 წლის დეკემბერში გაზეთ „ქრონიკა +“-ის მეშვეობით. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია 4 ადამიანი, ხოლო ერთს წარედგინა ბრალდება.