მანანა ნაჭყებია თვლის, რომ პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია აუცილებელია

© თ. ჩოჩუაპარლამენტის წევრი მანანა ნაჭყებია
პარლამენტის წევრი მანანა ნაჭყებია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ და "რესპუბლიკური პარტია" მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდბელად მიიღებენ მონაწილეობას. მმართველ კოალიციაში განვითარებული პროცესების შესახებ Sputnik-ს „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია ესაუბრა:

— კოალიციიდან სუბიექტების გასვლა მოსალოდნელი იყო. თვითონ კოლიციის ხელმძღვანელობა, როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური, აანალიზებენ არსებულ ვითარებას და ნებისმიერი კვლევით ხედავენ, რომ კოალიციის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ეს განაპირობა იმ ძალიან დიდმა მოლოდინებმა, რომელიც გააჩინა კოალიციამ და იმ დაპირებების შეუსრულებლობამ, რაც პირდაპირ აისახა საქართველოს მოსახლეობის ოჯახების ბიუჯეტებზე, სამუშაო ადგილებსა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დონეზე. ამ მიმართულებით კოალიციას პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებია. საქართველოს მოსახლეობა, რომელიც დარწმუნებული იყო 2012 წელს, რომ მისი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, დღეს აღმოჩნდა ბევრად უარეს მდგომარებაში. ის პარტიები, რომლებიც გრძნობენ საკუთარ თავში ძალას, ფიქრობენ და აქვთ ამბიციები, რომ მათ შეუძლიათ არჩევნებში დამოუკიდებლად რაღაც შედეგის მიღწევა, დაიწყეს საუბარი კიდეც ამ თემაზე. საერთოდ, ბევრად უარესია, როდესაც გიშვებენ, ბევრად უკეთესია, როდესაც თავად გადიხარ კოალიციიდან. მეტსაც გეტყვით, ეს სავსებით ჯანსაღი პროცესია და ქვეყნისთვისაც უკეთესია ეს კოალიცია საერთოდ დაიშალოს, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პარტიამ, ცალკე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ასევე გააკეთონ სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც. მომავალში კი მართლაც საერთო იდეოლოგიაზე დაფუძნებული კოალიცია მივიღოთ. 

ამის 2 გზა არსებობს: ერთნაირი იდეოლოგიური და ფსიქოკულტურული დონის პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ერთად გააგრძელონ მოღვაწეობა პარლამენტში და მეორე, ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა და შემდეგ პარლამენტში გაერთიანდნენ. 

-თქვენი აზრით, ბოლო დროს ხომ არ გახდა კოალიციაში შემავალი პარტიების მართვა შეუძლებელი?

— კი და მიმაჩნია, რომ კოალიციის დაშლის მიზეზიც ესაა. ბოლო დროს აშკარა გახდა, რომ  კოალიციის მართვა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. ხედავთ, რომ ცალკეული პარტიების ცალკეული პოლიტიკოსები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც მენტალურად აბსოლუტურად განსხვავდება კოალიციის ლიდერების ხედვებისგან. 

ასეთი ოდიოზური ფიგურები არა ერთია კოალიციაში, რომელთა განცხადებებმა შოკში ჩააგდო საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ამის მართვა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. 

-რას უნდა ველოდოთ კოალიციის დაშლით?

— ეს პროცესი იძლევა შანსს, დაწყვილდნენ პოლიტიკური პარტიები იდეოლოგიური ხედვების მიხედვით. მთავარი არის ერთი რამ — მოვახერხოთ საქართველოს პარლამენტში მოვიდნენ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ვერ დაატრიალებენ უკან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს. 

-„ახალი მემარჯვენეების“ და რესპუბლიკური პარტიის გაერთიანება რამდენად მოსალოდნელია?

— ჩვენ ვიყავით კოალიციაში 2010 წელს. მაშინ ჩავთვალეთ, რომ იყო შანსი, დასავლური ორიენტაციის პარტიები დავმდგარიყავით ერთად და გვეჩვენებინა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომ დასავლეთი და დასავლური ღირებულებები არ ნიშნავს ერთმნიშვნელოვნად „ნაციონალურ მოძრაობას“. სამწუხაროდ, ამისთვის ნიადაგი არ იყო მზად, ასევე არსებობდა უზარმაზარი წნეხი ნაციონალური მოძრაობის სახით, რომელიც პირდაპირ კეპავდა და ყრიდა ორმოში ჩვენს თანამოაზრეებს. ახლა უფრო მომწიფდა ამისთვის ვითარება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ახალი მემარჯვენეები“ აპირებენ რესპუბლიკურ პარტიასთან არჩევნებში მოანწილეობის მიღებას. ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა,  იდეაშიც არ განიხილება და არც განხილულა. თუმცა გარკვეული კონსოლიდაცია დასავლური პოლიტიკური ძალებისა ან არჩევნებამდე ან მის შემდეგ, მე აუცილებლად და საჭიროდ მიმაჩნია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0