„ლავრენტი ბერია დღეს რომ ყოფილიყო, საქართველოს პატრიოტი იქნებოდა“

© მ. ასლამაზიშვილის ფოტოარქივიმალხაზ ასლამაზიშვილი ლავრენტი ბერიას როლში
მალხაზ ასლამაზიშვილი ლავრენტი ბერიას როლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემი სტატიის დღევანდელი გმირი მრავალმხრივი ნიჭის ადამიანი-თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, მთარგმნელი, ტელესცენარისტი, კარატისტი მალხაზ ასლამაზიშვილი. არც ისე დიდი ხნის წინ იგი თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „თარგმანი 2016“ გამარჯვებული გახდა.

- ბატონო მალხაზ, თქვენ ხართ თეატრის და კინოს მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, მთარგმნელი, ტელესცენარისტი, კარატისტი, ამ ჩამონათვალს კიდევ აქვს გაგრძელება?

— დიახ, აქვს, მაგრამ, რა გინდათ, ვიტრაბახო? მაშინ გეტყვით, რომ იყო დრო-ვმხატვრობდი კიდეც და ჩემი კარიკატურები დიდი ხნის წინ, ჟურნალ,,ნიანგში" იბეჭდებოდა. მერე მათ დამოუკიდებლობის დროს, „პერესტროიკისას“ რომ მომრავლდნენ სხვა იუმორისტულ ჟურნალებშიც ბეჭდავდნენ. ერთხელ ბათუმის თეატრის სპექტაკლის დამდგმელი მხატვარიც ვიყავი. პატარა სპექტაკლი და რამდენიმე ტელეგადაცემა ჩემი დაწერილი მუსიკით მაქვს გაფორმებული. 

© მ. ასლამაზიშვილის ფოტოარქივიმალხაზ ასლამაზიშვილი გადასაღებ მოედანზე
მალხაზ ასლამაზიშვილი გადასაღებ მოედანზე - Sputnik საქართველო
მალხაზ ასლამაზიშვილი გადასაღებ მოედანზე

- ვიცი, რომ თქვენს მიერ განსახიერებულ წარმატებულ როლთან, ყველაზე პოპულარულ კინო-გმირთან ხშირად გაიგივებენ ხოლმე, ასეა?

— მივხვდი, თქვენ ლავრენტი ბერიას გულისხმობთ ფილმში "სტალინი live", რომელიც 2006 წელს გამოვიდა და მაყურებელმა მისი 40 სერია იხილა. ფილმის პროდიუსერი იყო გრიგორი ლუბომიროვი. ამ როლის შესრულებას როდესაც მახსენებენ, ეს ამბავი მახალისებს და მეამაყება კიდეც. ძალიან გამიმართლა, რომ მე, განათლებით რეჟისორს და არა მსახიობს, ამ როლის თამაშის საშუალება მომეცა, თანაც ასეთ დიდი პროექტებში, ამაზე ნებისმიერი დიდი მსახიობი იოცნებებდა.  მადლობელი ვარ, მწერალ და ჟურნალისტ გიორგი ვარძელაშვილის, რომელმაც რამდენიმე მსახიობის და მათ შორის ჩემი ფოტოც გაუგზავნა მოსკოვში მოღვაწე კოლეგას, ნიკა კვიჟინაძეს, რომელსაც დავალებული ჰქონდა, სტალინისა და ბერიას როლის შემსრულებელი მსახიობი ქართველებს შორის მოეძებნა. ჩემდა გასაოცრად, მე ამირჩიეს. შემდეგ უკვე ვიდეო სინჯის გადაღება მოხდა, რაც ცნობილმა კინორეჟისორმა, დათო ჯანელიძემ ძალიან კარგად შეასრულა. მან ისე კარგად გადამიღო, როდესაც მასალა ვნახე, ჩემი თავის თვითონ შემეშინდა. როგორ ვითამაშე ეს როლი, ამაზე უკვე სხვებმა უნდა ილაპარაკონ, თუმცა სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ სერიალის გასვლის დროს, რუსული კინო-საიტის რეიტინგში, ექვსი თვე პირველ ადგილზე ვიყავი. ეს ფაქტი ცოტა მეუხერხულება კიდეც, რადგან, რუსებს ძალიან კარგი არტისტები ჰყავთ და სარეიტინგო სიაში ყველა ჩემს შემდეგ იყო. ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მივიღე შემოთავაზება, თუმცა ყველა ფილმში მონაწილეობა არ მიმიღია. 

- აქვე ვიტყვი, რომ ბერიას სახე კიდევ განასახიერეთ ფილმში,,სტალინის ალმასები“, რომელიც განსხვავებული ჟანრის ნაწარმოებია…

— დიახ, სერიალში,,სტალინის ალმასებში"ისევ ვითამაშე ბერიას როლი, ოღონდ, ეს განსხვავებული, მძაფრსიუჟეტიანი სერიალია. პირველი სეზონი რვა სერია უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც მეოთხეზე შეგვაჩერეს, რაც გულდასაწყვეტია. გადაღებები გვქონდა იალტაში, ეს ბოლო გადაღებები იყო უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც წასასვლელად ვიზა არ  მჭირდებოდა. იმავე წელს იალტა რუსეთის გახდა. გასახმოვანებლად მოსკოვში წასვლა იყო საჭირო, მაგრამ მოსკოვში აღარ დამიძახეს, რადგან ვიზა მჭირდებოდა, ასე რომ, ამჯერად სხვა მსახიობმა გამახმოვანა, რის გამოც ჩემი ბერია, ქართულის ნაცვლად, რაღაც გაურკვეველი აქცენტით ალაპარაკდა.  ფილმის ნახვის დრო ეს ძალიან ცუდად მომხვდა ყურში. საერთოდ რუსებს ძალიან კარგად გამოსდით კავკასიის სხვა ხალხების აქცენტის მიმსგავსება, მაგრამ ქართული აქცენტის მიბაძვა უჭირთ. 

© მ. ასლამაზიშვილის ფოტოარქივიმალხაზ ასლამაზიშვილი
მალხაზ ასლამაზიშვილი - Sputnik საქართველო
მალხაზ ასლამაზიშვილი

- ბატონო მალხაზ, სიტყვამ მოიტანა და, როგორ ფიქრობთ “ლავრენტი პავლოვიჩი“ როგორი პოლიტიკოსი იქნებოდა დღეს? 

— ლავრენტი ბერია დღეს ნამდვილი პოლიტიკოსი და საქართველოს პატრიოტი იქნებოდა, — ამაში დარწმუნებული ვარ. არც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები გვექნებოდა. ახლა ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, რადგან ვიცი, ვიღაც გაბრაზდება, ერთს ვიტყვი მხოლოდ: ბერიას ცხოვრება და მოღვაწეობა დღემდე ბურუსითაა მოცული, მის შესახებ საქმეები ჯერაც გასაიდუმლოებულია და ხალხი მასზე განსაკუთრებით საქართველოში, ძირითადად, ლეგენდებსა და მითებზე დაყრდნობით მსჯელობს. მე არ მეგულება ქართველი ისტორიკოსი, რომელმაც ცოტათი მაინც შეისწავლა მისი საქმიანობა, მასზე საბჭოთა სკოლების ისტორიის მასწავლებლებივით ყვებიან და მსჯელობენ. მე კი როლიდან გამომდინარე, ბერიაზე საკმაოდ დიდი მასალა შევისწავლე. 

- ბატონო მალხაზ, თქვენ ახლახან თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის,,თარგმანი 2016“ —ის გამარჯვებული ხართ, სადაც ბრატისლავ ნუშიჩის ნაწარმოების,,საეჭვო პიროვნება“ თარგმნისთვის მეორე პრემია მოგანიჭეს. რატომ ეს ავტორი და ეს ნაწარმოები — აქტუალურია საქართველოსთვის?

— თარგმანში მიღებულმა პრიზმა ძალიან გამახარა, რადგან თუმანიშვილის მოწაფე ვარ და პრიზიც თუმანიშვილის ფონდის დაწესებულია. უნდა ითქვას, რომ ამ ფონდით მანანა ანთაძე ქართული თეატრისთვის ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს. გეტყვით, რომ ბრანისლავ ნუშიჩის პიესა ჩემთვის ვთარგმნე, სცენაზე მე რომ დამედგა. საერთოდ რეჟისორი პიესას მხოლოდ მაშინ იღებს დასადგმელად, როცა მასში აქტუალურობას ხედავს.,,საეჭვო პიროვნება" კი სწორედ ასეთი პიესაა და მისი დადგმა ძალიან მინდოდა. თუმცა ისე მოხდა, რომ საკონკურსოდ გავიმეტე და ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა მისი დამდგმელი რეჟისორი მე ვიქნები თუ სხვა, მთავარია სცენაზე განხორციელდეს. სხვათაშორის, ჟიურის წევრებსაც რომ არ დაენახათ პიესის თანადროულობა, მხოლოდ კარგად თარგმნისთვის პრემიას არ მომცემდნენ. ისე კი, საკუთარი პიესაც მაქვს დაწერილი და კინოსცენარებიც, თანაც, განხორციელებული.

© მ. ასლამაზიშვილის ფოტოარქივიმალხაზ ასლამაზიშვილის ჯილდო პიესის თარგმანისათვის
მალხაზ ასლამაზიშვილის ჯილდო პიესის თარგმანისათვის - Sputnik საქართველო
მალხაზ ასლამაზიშვილის ჯილდო პიესის თარგმანისათვის

- ამჟამად თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მუშაობთ, შესაძლებლობის შემთხვევაში რა ახალ ტრადიციას დანერგავდით ამ უკვე ტრადიციულ დაწესებულებაში?

— მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს განსაკუთრებული ტრადიციები აქვს, მის კედლებში ქართველ ხელოვანთა დიდი ნაწილი აღიზარდა. ჩემი აზრით ამის შეცვლა საჭირო არც არის და არც უნდა შეიცვალოს. მთავარია, მიზანს სწორად ემსახურებოდეს და ბავშვებს აძლევდე იმ ცოდნას, რასაც ისინი სკოლებში ვერ იღებენ. დღეს სასახლეს ძალიან კარგი დირექტორი, ქეთევან ფეიქრიშვილი ჰყავს, რომელსაც თეატრალური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული და ბავშვობაში ამ სასახლის მოსწავლე თვითონაც იყო. 

- ვიცი, რომ ამჟამად რომანზე, დეტექტივზე მუშაობთ…

— რომანზე მუშაობა უკვე დავასრულე, ახლა მას კორექტურა და გამოცემა სჭირდება. გამოცემა არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო. რომანს ჰქვია,,ქამელეონის ფერი", მასში მოთხრობილი ამბები ჩემი გამოგონილია, თუმცა ბევრი პერსონაჟი მართლაც რეალურად ცხოვრობდა. ჟანრი „მოდეტექტივო-მოთავგადასავლოა", ამბავი ხდება რამდენიმე დროში: რევოლუციამდელ თბილისში, საბჭოთა პერიოდის დასაწყისში, გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში და დღევანდელ დღეს. ზვიად ქორიძემ წაიკითხა და მითხრა, რომ ეს არის კინო-რომანი. არ ვიცი ასეთი ჟანრი თუ არსებობს, მაგრამ ერთი რამ სიმართლეა, ამ რომანის დაწერა თავიდან სერიალის სცენარად ჩავიფიქრე, შემდეგ როცა მივხვდი, რომ სერიალს ვერსად ვერ გადავიღებდი, (მას ტელევიზია და ტელევიზიის ხელმძღვანელობის სურვილიც სჭირდება) გადავწყვიტე სცენარის ნაცვლად რომანი დამეწერა, ამიტომაც ის ძალიან ჰგავს კინოს. თუ ეღირსა გამოცემა, ალბათ ვინმე წაიკითხავს და იტყვის, კარგია თუ ცუდი.

- მადლობა და გისურვებთ, რომ თქვენი რომანი მალე მივიდეს მკითხველამდე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0