რატომ დატოვა თანამდებობა ირაკლი შიხიაშვილმა

© თ. ჩოჩუაირაკლი შიხიაშვილი
ირაკლი შიხიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რა გახდა ამის მიზეზი და რას აპირებს მომავალში ვეტერანების სამსახურის ყოფილი დირექტორი, ამის შესახებ ის Sputnik-ს ესაუბრა.

ირაკლი შიხიაშვილი: ამ სამსახურმა ჩემი დირექტორობის პერიოდში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. დაახლოებით 12 000 ვეტერანს სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა, 150 კაცზე მეტს ჩვენი შუამდგომლობით გაუჩნდა საშუალება დასაქმებულიყო. ასევე სხვადასხვა ტიპის დახმარების ფარგლებში 4 ათასზე მეტ ვეტერანს ჩვენი შუამდგომლობით გადაეჭრა პრობლემები. 100-ზე მეტ ვეტერანს ექნება ის თანამედროვე პროტეზები, რომლებიც მათ ძალიან სჭირდებოდათ. ასევე ქვეყნისთვის სამი სასიცოცხლოდ მნიშნვნელოვანი პროექტი დაიწყო. 

რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემ წინააღმდეგ მიზანმიმართული მარგინალიზაცია მიდიოდა მართული დესტრუქციული ძალების მხრიდან. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ცუდად ასახულიყო სამსახურის სამომავლო მუშაობაზე. მე თვითონ რომ არ გავმხდარიყავი მუხრუჭი და შემაფერხებელი იმ სიკეთის, რომელიც ასე ძალიან სჭირდებათ ვეტერანებს და იმ კარგი საქმეების, რომლებიც ხელისუფლებამ ვეტერანებისთვის დაიწყო, ჩავთვალე, რომ თანამდებობის დატოვება უკეთესი გამოსავალი იყო.

– აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეთ? 

— ეს გადაწყვეტილება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და მე ფაქტობრივად ერთობლივად მივიღეთ. ამ იდეას პრემიერ-მინისტრიც დაეთანხმა. მინდა წარმატება ვუსურვო მას და მთლიანად სამთავრობო გუნდს.

– თუ მიიღეთ შემოთავაზება სხვა თანამდებობაზე?

— იყო გარკვეული შემოთავაზება სხვა თანამდებობებზე, თუმცა შეგნებულად ვთქვი უარი. პირველი, არ მინდოდა ისე გამოჩენილიყო, თითქოს შიხიაშვილი რამეს გაექცა, რაღაც ვერ გააკეთა და გაერიდა. ან თავისი პირადი დასაქმებით იყო უფრო მეტად დაინტერსებული, ვიდრე იმ საქმეების წარამატებით, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია.

– თუ არის თქვენთვის ცნობილი, ვინ დაიკავებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პოსტს?

— ეს პრემიერის გადასაწყვეტია და მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. წარმატება მინდა ვუსურვო მომავალ დირექტორს. დარწმუნებული ვარ, ის დაწყებულ საქმეს გააგრძელებს, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს ვეტერანებს, რათა მაქსიმალურად იყოს ვეტერანი ინტეგრირებული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. ქვეყანა უფრო მშვიდად, რყევების გარეშე უნდა განვითარდეს. მე კი ვრჩები ერთ-ერთ უბრალო ვეტერანად. ჩვენში ერთი წესია, ყველა მეომრის ყველაზე მთავარი საქმე და პროფესია — ემსახუროს საქართველოს! როგორი და რა ფორმით — ამას დრო და სიტუაცია გვიჩვენებს…

თენგიზ ჩოჩუა

 

ყველა ახალი ამბავი
0