მანანა მენაბდეს პირველი ფოტოგამოფენა ქარვასლაში

© რ. შაიშმელაშვილიმანანა მენაბდის ფოტოგამოფენა
მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
"მე მიყვარს შეულამაზებელი სიმართლე, ამიტომ არ ვიყენებ არანაირ ეფექტს და ჩემი ფოტოები დაუმუშავებელია. ფოტოგრაფია ხომ სიმართლის გამოხატვის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, სიმართლე კი ხშირად ისეთი სულაც არაა, როგორსაც ვისურვებდით." - მანანა მენაბდე.

80-იანი წლების მუსიკის მოყვარული ახალგაზრდებისათვის ის კერპი იყო. მისი რადიკალურად გამორჩეული, თბილი ხმა, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ვიწრო წრეეებში, თავყრილობებზე სულ ისმოდა. მის ნიჭს,  უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ლეგენდალური იშხნელების შთამომავალი და ნათესავია, მას ჰქონდა აბსოლიტურად განსხვავებული შესრულების მანერა, ვოკალი, რომლის დავიწყებაც ძალიან რთულია, გამეორება კი შეუძლებელი.

© რ. შაიშმელაშვილიმუსიკოსი, მხატვარი, ფოტოგრაფი - მანანა მენაბდე
მუსიკოსი, მხატვარი, ფოტოგრაფი - მანანა მენაბდე - Sputnik საქართველო
მუსიკოსი, მხატვარი, ფოტოგრაფი - მანანა მენაბდე

ხელოვანს საზოგადოება თავისი თვითმყოფადობითაც კარგად იცნობდა. მუშაობდა ფერწერაში, გრაფიკაში, ქმნიდა კოლაჟებს. თბილისში „ოთხმოციანელთა“ თაობის ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა ხმაურიან გამოფენაში „მეათე სართული“. 1991 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბერლინში. ატარებდა კონცერტებს, მართავდა გამოფენებს, მონაწილეობდა სხვადასხვა სახის პროექტებში, პერფომანსებში,- გერმანიაში, რუსეთში, საქართველოში. მონაწილეობა ბერტოლდ  ბრეხტის ლიტერატურული სახლის საღამოებში, ატარებდა ლიტერატურულ შეხვედრებს, სოლო კონცერტებს. ამავე პერიოდში ჰქონდა პერსონალური გამოფენები მოსკოვში და კიევში. 1992 წელს, ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა, მას ლიტერატურული სტიპენდია დაუნიშნა. ამ მრავალფეროვანი მოღვაწეობის პარარელურად, მუშაობდა კერამიკის მოხატვაზე, შექმნა მუსიკალური ალბომები, სახელწოდებით: „სიზმრები საქართველოზე“ და „ბულატ ოკუჯავას სიმღერებს ასრულებს მანანა მენაბდე“. გამოიცა მისი იგავ-არაკების პუბლიკაციები გერმანულ ენაზე.  გარდა მუსიკალური ფესტივალებისა და გამოფენებისა, გამოსცა ავტობიოგრაფიული რომანი „ფრენის დღე ოთხშაბათი“. დაიბეჭდა მისი მოთხრობებიც, მაგრამ ამ დიდ წარმატებების მიუხედავად, ის როგორც ფოტოხელოვანი ჯერ კიდევ უცნობია ფართო საზოგადოებისათვის, თუმცა ამ ნიჭიერი ადამიანისაგან საზოგადოებას სიუპრიზები არ უკვირს. დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავესაუბრებით მანანა მენაბდეს, როგორც მომღერალს,მწერალს, მხატვარს, ფოტოხელოვანს და უბრალოდ არაჩვეულებრივ ადამიანს.

- მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ დრო, რომ დაგვითმეთ. სულ რამოდენიმე დღეა, რაც მოსკოვიდან დაბრუნდით, სადაც სამი დიდი კონცერტი ჩაატარეთ…

- მოგესალმებით…დიახ სამი საღამო იყო და აქედან ჩავატარე ორი სპექტაკლი და ერთი კონცერტი. ეს სპეტაკლი „ჩემოდანი ორისთვის“, ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვითაა შექმნილი. მასზე მუშაობის დროს დამეხმარა ამავე თეატრის ლიტველი  რეჟისორი ვალიუს ტერეტელისი. ეს პიესა-მონოლოგია, რომელიც ბატონ პეტრე ფამენკოს ხსოვნას მივუძღვენი.ხოლო რაც შეეხება კონცერტს მე ახალ ჯგუფთან ერთად გამოვედი. ეს თეატრის მუსიკოსები არიან. მათთან ერთად ორ კვირაში მოვამზადე ქართულ-რუსული პროექტი. ეს იყო ასე ვთქვათ, ბლუზის საღამო.

- ქალბატონო მანანა, დღევანდელი დღე,  ერთი დიდი ნაბიჯია საქართველოში სამუდამოდ დაბრუნებისათვის…

— როგორ გითხრათ, საერთოდ რასაც ვაკეთებ აქ იქნება თუ სხვაგან, იმისათვის ვაკეთებ, რომ ჩემგან წარმოჩინდეს საქართველო, რომ მე ვიყო საქართველოს სახე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩემი მუსიკა, მხატვრობა, პროზა ყველაფერი ეს ძირითადად დაყრდნობილიაქართულ ფესვებზე. მე ყველაფერს მხოლოდ ჩემი ხალხისთვისა და ჩემი საქართველოსთვის ვაკეთებს. სხვაგვარად არ შემიძლია. მთელი ცხოვრება ასე ვიყავი და ახლაც ასე ვარ. ასე ვიზრდებოდი და ამას შთამაგონებდნენ ოჯახში, რომ ჩემი მთელი ძალისხმევა ჩემი სამშობლოსთვის უნდა გამეღო. ერთი მიზეზის გამო ვერ გადმოვდივარ თბილისში, საცხოვრებელი ბინა არ მაქვს. სულ ახლახანს გრიგოლ რობაქიძის სახელობის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ დამაფინანსა, რომ მე აქ არა ერთი პროექტი განვახორციელო. საცხოვრებლის პრობლემა რა თქმა უნდა ხელს მიშლის შემოქმედებაში და პროექტების სრულყოფილად განხორციელებაში. რა თქმა უნდა მაინც ვმუშაობ, რადგან სხვაგვარად არ შემიძლია, მაგრამ რა ფასად მიჯდება ეს ყველაფერი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მამუკა თავხელიძის წყალობით, ახლა მაქვს ბინა, რისთვისაც უაღრესად მადლობელი და მადლიერი ვარ.

© რ. შაიშმელაშვილიმანანა მენაბდეს ფოტოგამოფენაზე
მანანა მენაბდეს ფოტოგამოფენაზე - Sputnik საქართველო
მანანა მენაბდეს ფოტოგამოფენაზე

- ეს დროებითი საცხოვრებელია?

— დიახ, დროებითია. ჯერ ნახევარ წელზე ვარ მოლაპარაკებული დაშემდეგ კიდევ ნახევარ წელს გავაგრძელებ, რადგანაც ერთი საკმაოდ მძლავრ პროექტს ვაკეთებ, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება. ამ წუთას არ მინდა ამ პროექტზე საუბარი და ამის გაჟღერება. ეს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომ არ შეიძლება შორიდან აკეთო. აუცილებლად უნდა იყო აქ და რა თქმა უნდა პირობები უნდა გქონდეს, სხვაგვარად არაფერი გამოვა! და სწორედ ეს პირობები მაჩუქა ბატონმა მამუკამ.

- მოდით დღევანდელ გამოფენაზეც ორი სიტყვა ვთქვათ, როგორც ვიცი ეს პირველი მასშტაბური ფოტოგამოფენაა თბილისში…

— დიახ, ასეა. მაგრამ მანამდე,  2014  წელს გავაკეთე პატარა გამოფენა, კონცეპტუალურ გალერეაში აღმაშენებელზე. ეს იყო ქართულ ასოებთან დაკავშირებული 8 ნამუშევარი კოლაჟები. დღეს ჩემი ფოტო დებიუტი გახლდათ და საზოგადოების წინაშე მე წარვდექი როგორც ფოტო მხატვარი. ჩემი პროფესიონალური გამოჩენა 2013 წელს მოხდა, როდესაც წიგნის გაფორმება შემომთავაზეს, რომელსაც  ერქვა: “ სიყვარულის ახსნა რუსულად“. ჩემი აიფონით გადაღებული ფოტოები მოეწონათ და შემთავაზეს, ხომ არ გსურთ თქვენი ფოტოებით იყოს გაფორმებული ეს წიგნიო. რა თქმა უნდა გამიხარდა, მაგრამ კარგა ხანს ვჭოჭმანობდი. მეშინოდა, ვაი თუ ვერ შევძლო-მეთქი. საბოლოოდ დავთანხმდი და ამ წიგნში 100 ფოტო იქნა შეტანილი.  რაც ამ გამოფენას შეეხება და საერთოდ ჩემს გადაღებულ ფოტოებს, მე არაპროფესიული კამერით ვიღებ, რომელსაც ცეისის პატარა ობოექტივი აქვს, არც ამ ობიექტივს აქვს დიდი შესაძლიებლობები. კონკრეტულად ამ გამოფენაზე ქარვასლის მუზეუმის გალერეაში მხოლოდ ორი-სამი ფოტოა პროფესიონალური კამერით გადაღებული. დანარჩენი კი სამოყვარულო კამერით. მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს რა კამერა გიჭირავს ხელში, მნიშვნელოვანია ზუსტი თვალი და კიდევ ის, თავად რა გინდა. მე შეულამაზებელი  სიმართლე მიყვარს, ამიტომ არ ვიყენებ არანაირ ეფექტს და ჩემი ფოტოები დაუმუშავებელია. ფოტოგრაფია ხომ სიმართლის გამოხატვის საშუალებაა, სიმართლე კი ხშირად ისეთი სულაც არაა, როგორსაც ვისურვებდით.

- დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის თქვენთან შეხვედრა განსაკუთრებულად საინტერესოა. 

უახლოეს პერიოდში მანანა მენაბდისაგან კიდევ ბევრ სიუპრიზის უნდა ველოდოთ, რომელსაც ჩვენ მკითხველს, პერიოდულად ევთავაზებთ. 

უამრავი ორიგინალური მოსაზრება გამოითქმის მანანა მენაბდის პერსონასა და შემოქმედებაზე. იგი ტრაგიკული, ასკეტური, შინაგანი დრამატიზმისა და ადამიანური სიკეთის მატარებელ ხელოვანად მიაჩნიათ სხავადასხვა პროფესიის ცნობილ ადამიანებს… და მაინც, მიუხედავად სრულიად განსხვავებული ხედვისა, ყოველი მსმენელი, დამთვალიერებელი, მაყურებელი, თავიდანვე იხიბლება მისი ხასიათის და შემოქმედებითი ნიჭის თვითმყოფადობით, ადამიანური სინამდვილით, რაც ყოველ ნამუშევარში იგრძნობა და ამავე დროს, სამყაროს პოეტური საწყისის ნაწილსაც წარმოადგენს. 


ყველა ახალი ამბავი
0