ანა შოგირაძე
როკ-ბენდი the black marrows-ი ამჟამად დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში, მას უამრავი თინეიჯერი და არა მარტო თინეიჯერი გულშემატკივარი ჰყავს. ბენდი 2014 წლის თებერვალში ბას-გიტარისტის გიორგი მარისა და გიტარისტის გოგა კაკულიას ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.
ჯგუფი 5 წევრისგან შედგება: ვოკალი —ლუკა მამნიაშვილი, კლავიშიანი ინსტრუმენტი — სანდრო ალხაზიშვილი, ბას-გიტარა — გოგა კაკულია, დასარტყამი ინსტრუმენტი — აჩი კევლიშვილი და გიტარა — გიორგი მარი. იმავე წლის მაისში ჯგუფი მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩნდა პირველი სიმღერით winterlong, სწორედ ამ სიმღერამ განაპირობა მათი დღევანდელი პოპულარობა.
2014 წლიდან დღემდე როკ-ჯგუფს 30-მდე კონცერტი აქვს ჩატარებული, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ფესტივალსა და კულტურულ და საქველმოქმედო ღონისძიებებში.
ბენდმა პირველი ალბომი სახელწოდებით hurricane 2015 წლის 12 დეკემბერს გამოსცა, რომელშიც ჯგუფის მიერ დაწერილი 10 სიმღერაა თავმოყრილი. დღეს ისინი მეორე ალბომზე მუშაობენ.
the black marrows-ის შემოქმედება სულ მალე ქვეყნის საზღვრებსაც გასცდება. 10 და 12 მაისს ბენდი ერევანში გეგმავს კონცერტს.
ბენდის დრამერი აჩი კევლიშვილი Sputnik-ს ჯგუფის სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
— შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გვეცადა და გვენახა, ერთად რა გამოგვივიდოდა.
– პირადად შენ როგორ მოხვდი ჯგუფში?
— დამირეკა გიორგი მარმა, ჩვენმა გიტარისტმა. იმ დროს არსად არ ვუკრავდი, გიორგის შემოქმედებას წინა პროექტებიდან ვიცნობდი — „ზურგი“ და „string“. გიორგი მომწონდა როგორც მუსიკოსი და ამიტომ დავთანხმდი შემოთავაზებას.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან ჯგუფის წევრებს?
— ზოგადად, ჯგუფში ერთად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია პიროვნულად და მუსიკალური გემოვნებით ერთმანეთს გავუგოთ და შევერწყათ, ადვილი არ არის 5 ადამიანის ერთად მუშაობა, მაგრამ ჩვენი გემოვნებები დაემთხვა.
– ჯგუფის რომელიმე წევრი ხომ არ გეგმავს სოლო-კარიერას?
— არა, ჯერჯერობით, მგონი, არც ერთი.
– როგორია სიმღერის გარჩევის პროცესი, რეპეტიცია?
— გიორგის მოაქვს მუსიკა და ყველანი ვარჩევთ ჩვენს პარტიებს მანამ, სანამ შედეგით კმაყოფილი არ ვიქნებით. შეიძლება რაღაც სიმღერა „გადავაგდოთ“ და ერთი წლის მერე მივუბრუნდეთ. გამზადებულ მუსიკას ვწერთ გიორგის home studio-ში, რომელსაც sideburn records-ი ჰქვია.
– რეპეტიციის პროცესში ბევრი მუსიკოსი ალკოჰოლს იღებს, თქვენც გჭირდებათ „დოპინგი“?
— რეპეტიციებზე დალევა, ასე ვთქვათ, არ „მოსულა“, იმიტომ რომ მერე ვეღარ დავუკრავთ. რეპეტიციის შემდეგ კი განტვირთვის მიზნით ბარში მივდივართ, ვსვამთ, ვერთობით და ვგეგმავთ რაღაცეებს.
– რა გეგმები აქვს the black marrows-ს?
— ახლა ვმუშაობთ მეორე ალბომზე, მაისში ვგეგმავთ კონცერტს ერევანში, პარალელურად პატარ-პატარა „ლაივებიც“ გვექნება.