რამაზ საყვარელიძე: „ქართული ოცნება“ გადასცდება 50–პროცენტიან ზღვარს

© Photo: Courtesy of T. Chochuaპოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ თუ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯი. საყვარელიძემ Sputnik-თან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროგნოზებიც გააკეთა.

რამაზ საყვარელიძე: როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა, მაშინვე ვაცხადებდი, რომ „ქართულ ოცნებას“ ღარიბაშვილიუნდა შეენარჩუნებინა. პრემიერ-მინსიტრის გამოცდილება აქვს ადამიანს, საკმაოდ შთამბეჭდავი იყო მისი შს მინისტრის პოსტზე ყოფნა, ასევე საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული და შედეგები, ორგანიზაციული თვალსაზრისით, ჰქონდა. ასე რომ, ბევრნაირი გამოცდილება აქვს ღარიბაშვილს და ამ ენერგიის მქონე ახალგარზდა ადამიანის დაკარგვა ნამდვილად არ არის წინდახედული ნაბიჯი. ამიტომ, ჩემთვის ბუნებრივია, რომ „ქართული ოცნება“ ეცდება მის დაბრუნებას და ეს გამართლებული იქნება. 

- რა პოზიციაზე შეიძლება ვიხილოთ ირაკლი ღარიბაშვილი?

— ღარიბაშვილს ჰქონდა პრობლემები, როგორც პრემიერს. ეს პრობლემები ძირითადად უკავშირდებოდა მის საჯარო გამოსვლებს. ივანიშვილსაც კი მოუწია რამდენიმეჯერ ამის გამო ბოდიშის მოხდა. ასევე, მას ჰქონდა პრობლემები ნათესავებთან დაკავშირებით. ამდენად, სასურველია, რომ მისი შემობრუნება პოლიტიკაში იყოს ისეთ ადგილას, სადაც ამ ორი საკითხის პრობლემა არ იდგება. თუკი ღარიბაშვილი დაბრუნდება ან პარლამენტში, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სადაც მას შეეძლება საკადრო პოლიტიკის განხორციელება, შეიძლება საზოგადოება აღმოჩნდეს კრიტიკული. 

სად იქნება ადგილი, სადაც ეს ორი ხარვეზი არ ამოტივტივდება და „ქართული ოცნების“ იმიჯს არ ავნებს, ძნელი სათქმელია. ჩემი აზრით, უფრო საარჩევნო კამპანიაში უნდა ჩაებას ღარიბაშვილი. 

- თქვენი აზრით, ვინ მოიპოვებს უმრავლესობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?

— მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდა, ჩემი აზრით, მაინც შესანარჩუნებელია ხელისუფლების ბირთვად, რადგან მას რამდენიმე უდავი პლუსი აქვს. თუ გამოვრიცხავთ „ნაციონალებს“, დანარჩენ პარტიებთან შედარებით, მან დააგროვა მართვის გამოცდილება. თუ მანქანის მართვას სჭირდება გამოცდილება, სახელმწიფოს მართვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. ასევე, რასაც „ქართულ ოცნებას“ საყვედურობენ, ის შეიძლება მისი პლუსიც აღმოჩნდეს. ვგულისხმობ ივანიშვილის გავლენას „ქართულ ოცნებაზე“. იგი ემორჩილება ივანიშვილის ავტორიტეტს, რომლისთვისაც ძალიან ხშირად მიუღებელია არაეთიკური და პოლიტიკური გადაცდომები. ასე რომ, ეს პარტია ივანიშვილის კონტროლის ქვეშ რჩება. ამიტომ, ის, რომ ვიღაც მაკონტროლებელი არის, ვისაც საზოგადოების წინაშე ზნეობრივი პასუხისმგებლობა შენარჩუნებული აქვს, დიდი პლუსია. ამის გამო, ვფიქრობ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ აღმოჩნდება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ გადასცდება 50%-იან ზღვარს და მოიპოვებს უმრავლესობას. 

თუკი კოალიცია დაიშლება და პარტიები ცალ-ცალკე მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს კიდევ უფრო გაზრდის „ქართული ოცნების“ რეიტინგს. 

- რომელ ოპოზიციურ ძალას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი?

— სავარაუდოდ ბარიერს გადააბიჯებენ „ნაციონალები“, „პატრიოტთა ალიანსი“, ბურჯანაძის პარტია და ალასანიას პარტია. დანარჩენებს არ მგონია დიდი შანსები ჰქონდეთ. 

თენგიზ ჩოჩუა
ყველა ახალი ამბავი
0