„ფეისბუქით“ აღდგენილი მეგობრობა და უჩვეულო წიგნის პრეზენტაცია ცუკერბეგის „ავტორობით“

© FB/Beqa Topuriaწიგნის "რითმენბლუზი" პრეზენტაცია
წიგნის რითმენბლუზი პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
90-იან წლებში, სტუდენტობისას დაწყებული მეგობრობა ბექა თოფურიასა და მარი ბერძენიშვილს შორის მალე კაფიობაში გადაიზარდა. დროის უკუღმართობამ ისინი გარკვეული პერიოდით დააშორა, როგორც ბევრი სხვა. წლების შემდეგ კი მეგობრებმა ერთმანეთი „ფეისბუქით“ იპოვეს და მათი ლექსებით პაექრობაც გაგრძელდა.

ნინო ცხოიძე

მას შემდეგ ბექას და მარის ლექსები ეპისტოლარული ჟანრის გარითმულ სტრიქონებად იქცა. ლექსები ერთიმეორის მიყოლებით იბადებიან სოციალურ ქსელში და ეს როგორც ძველ მეგობრებს, ისე „ფეისბუქ–ფრენდებს“, მათ საერთო მეგობრებსაც მოედო. ბოლოს გაჩნდა იდეა, ეს სტრიქონები წიგნად გამოეცათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ უჩვეულო წიგნის ავტორები ფილოლოგიის ფაკულტეტის ყოფილი სტუდენტები, ჯგუფელები არიან, ისინი მის გამოცემას სწორედ „ფეისბუქის“ დამაარსებლის სახელს უკავშირებენ, რადგან რომ არა „ფეისბუქი“, მათი თბილისსა და მალტას შორის პაექრობა არ გაგრძელდებოდა.

ბექა თოფურია გარკვეული წლების განმავლობაში მალტაში ცხოვრობდა. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ბიზენესით დაკავდა. ამასობაში მარი დაოჯახდა, ორი შვილის დედაა. განათლების სამინისტროში მუშაობს. მათი ხალისიანი ურთიერთობა და შაირობა ირგვლივ მყოფებსაც შეეხო. ეს პრეზენტაციაზეც აშკარად იგრძნობოდა, რომელიც თბილისში, ევროპის სახლში გაიმართა.

© FB/Beqa Topuriaბექა თოფურია და მარი ბერძენიშვილი წიგნის პრეზენტაციაზე
ბექა თოფურია და მარი ბერძენიშვილი წიგნის პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
ბექა თოფურია და მარი ბერძენიშვილი წიგნის პრეზენტაციაზე

დამსწრეთ სავარძლებზე დახვდათ ტრაფარეტები, რომლებიც „ფეისბუქის“ აქტიური მომხმარებლებისთვის კარგადაა ცნობილი – ე.წ „ლაიკი“, „გული“ და „გაცინება“. ამ ტრაფარეტებით მეგობრები მათ მიერ წაკითხულ ლექსებს აფასებდნენ. ბექამ მეგობრებს ხმამაღლა „კომენტარის“ გამოთქმის და „დაპოსტვის“ უფლებაც მისცა. მარიმ კი „ფრენდებს“ და „მუტუალ–ფრენდებს“ (ანუ, მეგობრების მეგობრებს) ფეისბუქურად „ჯიკავისკენ“ მოუწოდა. ერთ–ერთმა კომენტატორმა ავტორებს ურჩია, მკითხველებისთვის წასაკითხი დაეტოვებინათ და მეორე განყოფილებაზე გადასულიყვნენ.

ასე სიცილ-ხარხარში და მხიარულ განწყობაზე წარიმართა მთელი საღამო, რომელიც დიდი იუმორითა და ხალისიანი სტრიქონებით იყო გაჯერებული, რომელსაც სტუდენტობის ორი უზადო მეგობარი მონაცვლეობით კითხულობდა. ლექსები კი, გარდა ერთმანეთის პასუხისა და პასუხის პასუხისა, მაგალითად, დეპუტატის სატელევიზიო გამოსვლას და ევროინტეგრაციასაც კი ეხმიანებოდა.

ბეთა თოფურიამ საუბრისას აღნიშნა, რომ ამ წიგნის გამოცემით მათ სურდათ „ფეისბუქზე“ დამოკიდებული მეგობრები რეალურ სივრცეში გადმოეყვანათ და ძველებური ურთიერთობები აღედგინათ. მაგრამ „ფრენდები“ მაინც ძველ ხერხს მიმართავდნენ და „სელფის“ ფოტოებს საღამოს მსვლელობისას ოპერატიულად „აშეარებდნენ“ „ფეისბუქზე“, რაც დარბაზში დამონტაჟებულ ეკრანზეც გამოისახებოდა.

საღამოს ბოლოს, ამ საოცარი პრეზენტაციის შესახებ საუბრისას მარი ბერძენიშვილმა თქვა, რომ ყველაფერში „დამნაშავეა“ მარკ ცუკერბერგი. 

მარი ბერძენიშვილი: „ჩვენი მეგობრობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე „ფეისბუქი“ გაჩნდებოდა ჩვენ ურთიერთობაში. ეს იყო რთულ და მძიმე წლებში, როცა პირველი კურსის სტუდენტები ვიყავით. მაშინ ქვეყანას აკლდა ფერები, მაგრამ ჩვენ ვიყავით ამ ნათელი ფერების მატარებლები და დავიწყეთ სახალისო მიმოწერა-გაშაირება, კაფიები. შემდგომ კი ეს უკვე „ფეისბუქზე“ გაგრძელდა“.

ბექა თოფურია: „ჩვენ არ ვართ სერიოზული პოეტები. უბრალოდ, გვიყვარს ლექსის წერა, რითმა და ეს არის მეგობრობა, ხალისი, პოზიტივი, დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ასევე მეგობრების, სოციალური მდგომარეობის, გარშემო მყოფების მიმართ. ჩვენ ამ წიგნით გვინდოდა ვირტუალური მეგობრობა რეალურ სივრცეში გადმოგვეტანა. სწორედ ამიტომ ჰქვია წიგნს „ფეისბუქი ფურცლებზე“. მაგრამ დღეს აშკარა იყო, რომ ეს ბარიერი ჯერ კიდევ გადასალახია და, ვფიქრობ, ამას მეორე ტომის გამოცემის დროს გადავლახავთ“.

ბექა თოფურიას თქმით, „ფეისბუქზე“ გახსნილია გვერდი, რომელზეც ვიტრუალური მეგობრები საკუთარ შემოქმედებას აქვეყნებენ. სწორედ მათი მონაწილეობით იქმნება მეორე ტომი. იმედია, ეს პოზიტიური განწყობა, რაც ამ უჩვეულო პრეზენტაციას ახლდა, მეორე ტომსაც გადაედება და ვირტუალურ სამყაროში არსებული აქტიურობა რეალურადაც გაგრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0