თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ასტანაში ყაზახური ავიაკომპანია Bek Air —ის კუთვნილი თვითმფრინავის ავარიული დაშვების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი — ყაზახეთი“.
პროკურატურის მონაცემებით, კვირას, 10 სთ-სა და 36 წთ-ზე, ასტანის აეროპორტში Bek Air-ის საჰაერო ხომალდმა, რომელიც რეის №2041-ს ასრულებდა, ავარიული დაშვება განახორციელა, მას წინა შასის პრობლემა შეექმნა.
ავარიული დაშვების სავარაუდო მიზეზად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა. თვითმფრინავის ბორტზე 121 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 116 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იყო. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„აღნიშნული ფაქტი ტრანსპორტის მთავარი პროკურატურის წინასასამართლო გამოძიების ერთიან რეესტრში სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დარეგისტრირებული“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში ტრანსპორტის მთავარი პროკურატურის პროკურორებმა სპეციალურმა ჯგუფმა მიიღო, მიმდინარეობს წინასასამართლო გამოძიება.
ავიაკომპანია Bek Air —ი — ყაზახეთში პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც შიდა რეგულარულ რეისებს ასტანიდან და ალმა-ატიდან ქალაქებში: ატირაუში, აკტაუში, აკტობეში, ურალსკში, კოსტანაიში, პავლოდარში, ყარაგანდაში, ყიზილორდაში, ჟეზყაზგანში და ასევე ქალაქ ურალსკიდან მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ასრულებს. გარდა ამისა, კომპანია დსთ-ს ქვეყნებისა და არაბეთის გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, მონღოლეთისა და ჩინეთის მიმართულებებით ჩარტერულ რეისებს ასრულებს.