თვითმფრინავის პილოტებმა ასტანის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელეს

გამოწერა

კვირას, 10:37 საათზე ასტანის აეროპორტში ავიაკომპანია Bek Air-ის თვითმფრინავმა, რომელსაც წინა შასის პრობლემა შეექმნა, ავარიული დაშვება განახორციელა.

ავარიული დაშვების სავარაუდო მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა. საჰაერო ხომალდის ბორტზე 121 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 116 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იყო. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი ყაზახეთი“.

აღნიშნული ფაქტი ტრანსპორტის მთავარი პროკურატურის წინასასამართლო გამოძიების ერთიან რეესტრში სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დარეგისტრირებული. სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში ტრანსპორტის მთავარი პროკურატურის პროკურორებმა, სპეციალურმა ჯგუფმა მიიღო, მიმდინარეობს წინასასამართლო გამოძიება.

ავიაკომპანია Bek Air-ი — ყაზახეთში პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც შიდა რეგულარულ რეისებს ასრულებს ასტანიდან და ალმატიდან ქალაქებში: ატირაუში, აკტაუში, აკტობეში, ურალსკში, კოსტანაიში, პავლოდარში, ყარაგანდაში, ყიზილორდაში, ჯეზყაზგანში და ასევე ქალაქ ურალსკიდან მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში. გარდა ამისა, კომპანია დსთ-ის ქვეყნებისა და არაბეთის გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, მონღოლეთისა და ჩინეთის მიმართულებებით ჩარტერულ რეისებს ასრულებს.

მომხდარ ფაქტს ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების სამინისტროს სპეციალური კომისიაც გამოიძიებს. თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოებზე წარადგენენ.  

 

ყველა ახალი ამბავი
0