ნინი რაზმაძე
49 წლის ვალერიან ცირდავა ზამთარ-ზაფხულ უნივერსიტეტის მიწისქვეშა გადასასვლელში, წლებია წიგნებს ყიდის. ცოლთან და სამ შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ყოველდღე „მერვე პოლკის“ დასახლებიდან იმ იმედით მოდის, რომ უფრო მეტი კლიენტი ეყოლება და ოჯახში რამდენიმე ლარით მეტს შეიტანს. კონკურენცია დიდია, ამიტომ ცდილობს, წიგნები კარგ ფასში გაყიდოს. ქუჩაში გამოსვლა და წიგნების გაყიდვა კი ყოველდღიურმა სიდუხჭირემ აიძულა. ჩვენი საუბრის განმავლობაში მისი წიგნებით მხოლოდ ერთი კლიენტი დაინტერესდა, რომელიც ფასით უკმაყოფილო დარჩა…
– რამდენი წელია ქუჩაში წიგნებს ყიდით?
— 20 წელია. აქ დაახლოებით 10-12 წელია ვდგავარ, ნაქირავები მაქვს ეს ადგილი, ამაშიც ფულს ვიხდი. მანამდე სამგორში ვიდექი, იქაც წიგნებს ვყიდდი. სანამ ამ საქმეს დავიწყებდი, ოზურგეთის რაიონში, სოფელ შრომაში ციტრუსს და ხილს ვუვლიდი.
– წიგნები საიდან მოგაქვთ?
— თავიდან სახლიდან გამომქონდა, მერე უკვე ზოგს თვითონ მოაქვს, ზოგსაც მე ვყიდულობ და ვყიდი.
– მყიდველი თუ გყავთ?
— ადრე უფრო ბევრ წიგნს ვყიდდი და თან უფრო ძვირიც ღირდა. ახლა ფასმა დაიკლო და მაინც ნახევარი იყიდება. წიგნს თუ ხუთ ლარს დავაფასებ, მაშინ კლიენტი კომპიუტერში ან პლანშეტში კითხვას ამჯობინებს, მაგრამ სამ ლარად თუ მივცემ, მაშინ შეიძლება წიგნი არჩიოს.
– ზამთარ-ზაფხულ ქუჩაში დგახართ, ეს იმდენ შემოსავალს გაძლევთ რომ ოჯახი არჩინოთ?
— საკმარისია მხოლოდ პურის ფულად, თორემ ამით ვერც მანქანას იყიდი და ვერც სახლს. ყოველდღიური შემოსავალია. არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, ერთი წიგნი მაინც რომ არ გამეყიდა, პურის ფულს ვაკეთებ. ხალხი წიგნებს ვერ ყიდულობს, იმიტომ რომ ფული არ აქვთ.
ინტერვიუ მოხუცმა ქალაბტონმა შეგვაწყვეტინა, რომელმაც ბატონ ვალერიანს ორი რუსულენოვანი წიგნი ჩააბარა. როგორც მივხვდი, ეს პირველი შემთხვევა არ იყო… „დღეს ერთი კაპიკი არ მიდევს, წამალი ვერ ვიყიდე. ყოფილი ექიმი ვარ, განყოფილების გამგე ვიყავი. ადრე რომ გავივლიდი, აუცილებად წიგნების მაღაზიაში შევდიოდი, ეს იყო ჩემი პრიორიტეტი. ახლა კიდევ არაფერი აღარ მაქვს, ინტელიგენცია წიგნებს აბარებს. ამას წინათ მაკულატურაც ჩავაბარე, კილოგრამი 20 თეთრი ღირს“, — დანანებით შემოგვჩივლა ქალბატონმა.
ცოტა შევაჭრების შემდეგ ბატონმა ვალერიანმა ორი წიგნი 5 ლარად ჩაიბარა. ყოფილ ექიმს კი წამლისთვის ლარი მაინც აკლდებოდა – „ლოგინად რომ არ ჩავვარდე, მაგიტომ მინდა, ექვსი ლარი ღირს წამალი, ლარსაც ვიშოვი სადმე"…
– წიგნებს რა ფასად იბარებთ?
— 30%-ს მე ვიტოვებ. ამ ბოლო დროს ძირითადად წამლისთვის და პურის ფულისთვის უნდათ წიგნების ჩაბარება. ასეთ დროს პირდაპირ ვაძლევ ფულს. ზოგი უბრალოდ ტოვებს და როცა გაიყიდება, მერე აკითხავენ თანხას.
– მყიდველები ძირითადად რა ასაკის ადამიანები არიან?
— მყიდველების 80% სტუდენტები არიან, უნივერსიტეტის ბავშვები მოდიან ხშირად, თუმცა ნებისმიერი ასაკის ადამიანი მაკითხავს, წარმოიდგინეთ, სკოლის ბავშებიც კი მოდიან.
– რა ჟანრის წიგნებია ყველაზე პოპულარული?
— ისტორიული და ფილოლოგიური წიგნები იყიდება ხშირად. ქართული, რუსული, ინგლისური და გერმანული წიგნები მაქვს. ყველაფერი პოპულარულია, გააჩნია ვის რა სჭირდება. გამსახურდია, ჯავახიშვილი, ენციკლოპედიები და შანიძის გრამატიკა უფრო იყიდება.
– თქვენს ირგვლივ სხვა ბუკინისტებიც არიან, კონკურენცია დიდია?
— კი, კონკურენცია არის. ერთნაირი წიგნები გვაქვს და სხვადასხვა ფასში ვყიდით. ვცდილობ, რაც შეიძლება კარგ ფასად გავყიდო, კლიენტი ჩემთან რომ მოვიდეს.
– თქვენი ყველაზე დიდი სურვილი, ოცნება რა არის?
— ის რომ კომპიუტერმა ვერ შეცვალოს წიგნები. ბოლო დროს ახალგაზრდები კომპიუტერს ანიჭებენ დიდ უპირატესობას, მუშაობა თითქმის განახევრებულია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ წიგნი შეუცვლელია.
ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ… ირგვლივ უამრავი პრობლემაა, რა გვეშველება?! ახლა ყველა გაჭირვებულია. ყოფილა შემთხვევა წიგნი მიყიდია და „გადამიგდია“, იმიტომ რომ იმ ვიღაცას წამლის ფული არ ჰქონდა… მძიმე ცხოვრებაა, კატასტროფული მდგომარეობა. მთელი დღის განმავლობაში აქ ბევრ ადამიანს ვხვდები და რაზეც ყველაზე მეტად გული მწყდება, ისაა, რომ ხალხი ისეა ყოველდღიური პრობლემებით დამძიმებული, რაღაცნაირად გულგრილი გახდა. ყველა ჩაფიქრებული დადის, იშვიათად იცინიან… ღიმილი დავკარგეთ და ერთმანეთის გატანის უნარი.