თბილისი, 26 მარტი — Sputnik. თბილისში ახალი 20-ლარიანის ყალბი ბანკნოტები გამოავლინეს, ამას „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ბანკომატში ფულის განაღდების შემთხვევა ადასტურებს, იუწყება შაბათს ტელეკომპანია „რუსთავი2“ და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი საპატრულო პოლიციამ დაადასტურა. ბანკის წარმომადგენლები ინციდენტზე კომენტარს არ აკეთებენ.
20 და 50-ლარიანი ნომინალის განახლებული ბანკნოტები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში 2016 წლის 1 თებერვალს გამოუშვა. ბანკნოტები დამზადებულია ახალი დამცავი მექანიზმების გამოყენებით და ისეთი მასალისგან, რომელიც მდგრადია დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთის მიმართ.
„ბოლო პერიოდში თბილისში ბანკომატებში ყალბი 20-ლარიანი კუპიურების არსებობის ფაქტები დასტურდება, რაც ნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატების საშუალებით ვრცელდება ყალბი ბანკნოტები ან ბანკს მომხმარებლის დაცვა არ შეუძლია“, — იუწყება ტელეკომპანია.
ერთ-ერთი შემთხვევის დროს მგზავრმა ტაქსის მძღოლის თვალწინ „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატიდან ფული გამოიტანა და მგზავრობის საფასური გადაუხადა. მძღოლმა კი აღმოაჩინა, რომ კუპიური ყალბი იყო და საპატრულო პოლიციას აცნობა.
„კლიენტმა მოხსნა ფული „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატში და მგზავრობის საფასური გადამიხადა. კუპიურა ყალბი აღმოჩნდა“, — განაცხადა ტელეკომპანიის ეთერში ტაქსის მძღოლმა მანუელ ბურნუსუზიანმა.
საეჭვო კუპიურა ექსპერტიზაზე გააგზავნეს, რომელმაც გაყალბების ფაქტი დაადასტურა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ მსგავსი შემთხვევები მანამდეც მოხდა და დაზარალებულებმა მათ დახმარებისთვის უკვე რამდენჯერმე მიმართეს.
სპეციალისტების აზრით, აყალბებენ ბანკნოტებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება და მათი გასაღება ადვილია. ამ თვალსაზრისით 20-ლარიანი ბანკნოტები რისკის პირველ ჯგუფში ხვდება, აღნიშნავს ტელეკომპანია.
თუმცა „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებმა „რუსთავი2“-ს საეთერო კომენტარზე უარი უთხრეს. მათ აღნიშნეს, რომ ბანკში შემოსულ ფულს უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს. „მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ მოხვდა ყალბი კუპიურები ბანკომატში“, — აღნიშნავს „რუსთავი2“.
საქართველოს ეროვნულ ბანკში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ახალი ყალბი კუპიურების გარჩევა ნამდვილისგან „ძალიან ადვილია“.
„ახალი ბანკნოტები აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დამცავი ნიშნებით და ის მომხმარებლისთვის ადვილად შესამჩნევია“, — აღნიშნეს ეროვნულ ბანკში.
ამჟამად მიმოქცევაში ახალ კუპიურებთან ერთად ძველიც რჩება. უკვე შემუშავებულია 100-ლარიანი კუპიურის დიზაინიც, რომელიც მიმოქცევაში მოგვიანებით გამოვა. ამის შემდეგ ბანკი 5 და 10-ლარიან ახალ კუპიურებსაც გამოუშვებს.