„საქართველოს ისტორიაში ეს პირველად ხდება. ტახტზე ადის ქალი. მას ჯერჯერობით არ გამოუვლენია მეფური ხასიათი, არავინ იცის, შეძლებს კი ის მეფობას?“ — ასეთია წარდგენა ახალი მხატრულ-დოკუმენტური ფილმისა „თამარი“.
მე კი შემოქმედებითი ჯგუფის გაცნობამდე დავამატებდი — ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველად ხდება, როცა ქართველთა დიდებულ მეფეს თამამად ეხება ახალგაზრდა რეჟისორი ლევან ლომაშვილი. შემეცნებითად ისტორიული, მეცნიერულად გააზრებული მისი ფსიქოპორტეტი, არაჩვეულებრივი სამსახიობო დასი, თემის დიდებულების შესაფერისი მუსიკა, დამუშავებული კოსტიუმები, სოაცარი მხატვრობა, ოპერატორების გამორჩეული ხელწერა, ჰარმონიულად ქმნის კინემატოგრაფიულ კომპოზიციას, რომლის ნახვა, ინფორმაციასთან ერთად, არაჩვეულებრივ ესთეტიურ ტკბობას აძლევს მაყურებელს. როგორც ერთი რიგითი მაყურებელი, ვფიქრობ, რომ მე ჩემი თამარ მეფე ვნახე. ჩვენ საშუალება მოგვეცა, ფილმის დასრულების შემდეგ გავსაუბრებოდით შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს.
ლევან ლომაშვილი, ფილმის რეჟისორი
– ლევან, გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! საიდან და როგორ გაჩნდა ამ ფილმის შექმნის იდეა?
— გმადლობთ. მე და ჩემმა მეგობრებმა რამდენიმე წელია დავაარსეთ კინოსტუდია „ხომლი“, რომლის მიზანიც მხატრულ-დოკუმენტური ფილმების შექმნაა, ჩვენ საზოგადო მოღვაწეებზე და ისეთ გმირებზე, რომელთა კინოეკრანებზე ყოფნაც აუცილებელია. თამარი – ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი იყო. ჯერ ერთი, მსგავსი ისტორიული მონარქი ქალი მსოფლიო ისტორიაში არ მოიძებნება, და ამას დაემატა ისიც, რომ 2013 წელს, დიდი ალბათობით, 800 წელი შესრულდა თამარის გარდაცვალებიდან. სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო მხოლოდ ახლა შევძელით ამ ფილმის ჩვენება.
– რამდენ ხანს გრძელდებოდა გადაღებები?
— გადაღებები გრძელდებოდა დაახლოებით ორი წელი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მხატვრულ–დოკუმენტურია, მაინც დიდი პასუხისმგებლობა იყო. ჯერ მარტო იმის გააზრება, რამხელა თემას შევეჭიდეთ… დიდი ბარიერების გადალახვა მოგვიწია. საქართველოში ყველას თავისი თამარ მეფე ჰყავს, ყველა თავისებურად ხედავს და როცა შენ შენ ვერსიას სთავაზობ მაყურებელს, ეს უკვე ვიღაცისთვის შეიძლება მიუღებელიც კი იყოს. ჩვენ ყველას, მთლიანად შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს ყველაფრის ამის გაანალიზება მოგვიწია და ამიტომაც მოვანდომეთ ამხელა დრო.
– მხატრულ-დოკუმენტური ჟანრი დღეს ძალიან აქტუალური და პოპულარული გახდა, თქვენ შემთხვევაშიც არაერთი მხატრული ეპიზოდი ვიხილეთ…
– დიახ, ასეა. ჩვენ შემთხვევაში გიორგი ზანგური არის მთავარი პერსონაჟი — მხატვარი, რომელსაც აქვს სურვილი, დახატოს საქართველოს მეფეები და იწყებს თამარის პორტრეტით. სწორედ ამ ხატვის პროცესში გადის იმ გზას, იმ ადგილებს, სადაც თამარი დადიოდა, და ამ პროცესში ვყვებით მხატრულად ამ დიდ ისტორიასაც.
– რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის, როგორც რეჟისორისთვის, გადაღებების პროცესი?
— ძალიან საინტერესო იყო. იმდენად, რომ ჩვენც რეალურად გავიარეთ და შევეხეთ თამარის ცხოვრებას. ამას დაემატა ისიც, რომ მყავდა არაჩვეულებრივი ჯგუფი. ჩემთვის ეს პირადად დიდი გამოცდილებაც იყო მათთან ყოფნა. ბედნიერი ვარ, ამ საოცარ ადამიანებთან რომ მომიწია მუშაობა.
– საინტერესოა, როგორ მოხდა თამარ მეფის როლზე მსახიობის შერჩევა?
— ჯერ კიდევ სცენარი არ იყო დამთავრებული, როცა მსახიობ ანა მატუაშვილს ვხედავდი თამარის როლში. დაახლოებით ორი კვირის მანძილზე ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს მე და ანა. მას შორიდან ვიცნობდი და ყოველთვის მასში ვხედავდი ისტორიულ ტიპაჟს. მახსოვს, ანას როცა პირველად შევთავაზე ეს როლი, საკმაოდ დიდხანს გაუჭირდა დათანხმება, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო იყო ჩემი ეს შეთავაზება. ძალიან კმაყოფილი ვარ მასთან მუშაობით და მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, რადგან მან ზუსტად ისე გააკეთა და შექმნა თამარის სახე, როგორსაც მე ვხედავდი, დანარჩენს კი მაყურებელს მივანდობ.
ნინია სადღობელაშვილი, სცენარის ავტორი
– ნინია, როგორც ვიცი, თქვენ და გურამ მეგრელიშვილი ერთად მუშაობდით ამ ფილმის სცენარზე…
— დიახ, ასეა. საერთოდ, ეს ფილმი გუნდური მუშაობის პრინციპით იქმნებოდა, გზადაგზა ვიგონებდით მხატრულ სცენებს და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ უფრო საინტერესო მხატრული სცენების მოფიქრება იქნებოდა და არა ის, რომ ჩვეულებრივად მივყოლოდით ისტორიას თანმიმდევრულად. მაგალითად, საინტერესოა, როგორი დიალოგი გაიმართებოდა თამარს და მამიდამისს შორის, როდესაც მას გიორგი რუსზე გათხოვებას გადაუწყვეტდნენ. ან როგორი იქნებოდა ყუთლუ-არსლანის და თამარის შეხვედრა. აი, ამგვარი დრამატული ეპიზოდებით გამოიკვეთა თამარის ცხოვრების დეტალები. გავიარეთ ის გზა, სადაც სავარაუდოდ გაივლიდა თამარი, ნახევარი საქართველო ფეხით შემოვიარეთ. დაგვრჩა ადგილები, მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი სიამოვნება ჯდებოდა და ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტები გავაცოცხლეთ. ფილმი მთლიანად დოკუმენტურ მასალაზეა დაყრდნობილი. მიხარია, რომ ეს ფილმი შედგა და ახლა უფრო მეტად გვაქვს საშუალება გადავავლოთ თვალი ამ დიდ ეპოქას. ჩვენი ფილმი არის მცდელობა, გავცეთ საზოგადოებას პასუხი, თუ რის გამო გახდა თამარი ასეთი გამორჩეული და პოპულარული ფიგურა საქართველოში. და, საერთოდ, ამ ფილმზე მუშაობა თითოეული ჩვენგანისთვის იყო ძალიან დიდი პატივი და მადლობა ღმერთს და მადლობა თამარს, რომელმაც გვანდო თავისი წილი ისტორია.
ანა მატუაშვილი, მსახიობი, თამარ მეფის როლის შემსრულებელი
– ანა, რას გრძნობთ ამ წუთებში? თქვენ გერგოთ დიდი პატივი, როგორც მსახიობს, რომლის შესრულებასაც ნებისმიერი მსახიობი ქალი ინატრებდა. რას ნიშნავს თქვეთვის ეს ყველაფერი?
— ყველა როლი რთულია მსახიობისთვის, როცა პირველი შეხება ხდება მასთან და გათავისებამდე მთელი სირთულეებით და დაბრკოლებებით სავსე სავალი გზებია. დრამატურგია თითქოს გაძლევს საშუალებას შენი რაკურსით აღიქვა ესა თუ ის პერსონაჟი. მაგრამ როცა საქმე ისტორიულ გმირს ეხება, ფენომენს, რასაც თამარ მეფე ჰქვია, რა თქმა უნდა, მკაცრად დადგენილ ჩარჩოებში გიწევს მოქმედება. პირველი ქალი მონარქი საქართველოს ისტორიაში, რომლის სახელსაც უკავშირდება ოქროს ხანა და გამარჯვებების საუკუნე. საოცრად ჰუმანური და პროგრესულად მოაზროვნე მეფე, წმინდანი… ძალიან საპასუხისმგებლო და რთული იყო ეს შემოთავაზება, რისკიც გარკვეულწილად. არ ვიცი, ფილმი როგორი გამოვიდა, როგორ მიიღებს მაყურებელი, რამდენად კარგად გავართვი თავი ამ რთულ ამოცანას, მაგრამ ვიცი, რომ ეს საინტერესო და საჭირო გამოცდილება იყო ჩემთვის. მადლობა ლევანს ამისთვის და მთელ შემოქმედებით ჯგუფს.
ჩემი მხრიდან კი ერთს კიდევ დავამატებდი: ეს არის ფილმი, რომლის ნახვაც თითოეული ქართველისთვის აუცილებელია. ეს ფილმი სრულიად საქართველომ, და არა მხოლოდ საქართველომ უნდა ნახოს და თვალი გადაავლოს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე საამაყო და დიდებულ ეპოქას.